აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ეროვნული გმირს გურამ გაბესკირიას 78 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
 
გურამ გაბესკირიას ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
 
2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
გიორგი ძიგუა - საქართველო გმირებს პატივს მიაგებს და ამ გმირებს შორის გამორჩეულია გურამ გაბესკირია
გმირებს პატივს მიაგებს საქართველო და ამ გმირებს შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია, - ამის შესახებ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი ძიგუამ ჟურნალისტებს ეროვნული გმირის საფლავთან განუცხადა.
 
"გმირებს პატივს მიაგებს საქართველო და ამ გმირებს შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია, რომლის დაუმარცხებელი სული, გმირობა მომავალ თაობებს გზას გაუკვალავს და წარუძღვება სამშობლოს მსახურებაში“ - განაცხადა გიორგი ძიგუამ.
 
მისივე თქმით, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ვნახავთ - გამთლიანებულ საქართველოს.
 
2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.
ლევან მგალობლიშვილი - საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და პარტნიორი ქვეყნები ოკუპაციის შედეგად შექმნილ რეალობას ობიექტურად აფასებენ და აგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

აღნიშნული საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდზეც“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

დავით ფაცაციამ აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან მორიგი ინდივიდუალური შეხვედრები გამართა

მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრები გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეებისთვის საინტერესო საკითხებზე როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ საჭიროებებზე - სოციალურ კეთილდღეობაზე, მათი საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებასა და განსახლების საკითხებზე.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისი პროექტები განხორციელდება.

„აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციით, ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მზაობითა და აქტიური ჩართულობით, ბევრი საკითხის გადაჭრა უკვე შევძელით და აქტიურად ვაგრძელებთ ამ ფორმატით მუშაობას იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს დევნილ მოქალაქეებს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრება.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

 

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობა.

აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, მეორე დღეა, საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე / Lasha Dolbadze და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი გიორგი ძიგუა შეხვდნენ.

მინისტრებმა მოისმინეს დევნილთა პრობლემები და მათ საჭიროებებზე რეაგირების გზებზე ისაუბრეს. სამუშაო ჯგუფის წევრები, სწრაფი რეაგირების მიზნით, ცენტრალურ უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან. მინისტრებმა დევნილ ოჯახებს დახმარებასა და პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

გიორგი ძიგუა - ლევან მგალობლიშვილის დავალებით, მეორე დღეა საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ვეცნობით
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ჯალაღონია და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, მეორე დღეა, საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან.
 
"შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სწავლობს სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებს. გამოსულები ვართ რეგიონებში, მოვიარეთ კომპაქტურად ჩასახლებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის ყველა ლოკაცია. ვსწავლობთ როგორც ახლანდელ პრობლემებს, რომელიც სტიქიამ შექმნა, ასევე იმ პრობლემებს, რაც აქამდეც ჰქონდათ. დახმარება სჭირდებათ ამ ადამიანებს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა გიორგი ძიგუამ.
 
დღეს შეხვედრა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე გაიმართა. მინისტრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ადგილზე სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა შეაფასეს.
 
სამუშაო ჯგუფის წევრები სწრაფი მოქმედების მიზნით, ცენტრალურ უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან.
ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად დევნილთა განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული ვითარება შეაჯამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის მთავრობაში შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დევნილთა განსახლების ადგილებში, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული ვითარება შეაჯამა.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით კოდუა, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი საქართველოს პარლამენტში ილია ინჯია და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ცენტრალურ უწყებებთან აქტიური კოორდინაციის საფუძველზე დაიგეგმა დროებით დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.

"სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და რწმუნებულებთან, მერებთან, დელეგატებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან სრული კოორდინაციით ახორციელებს პრობლემური საკითხების გამოვლენას და მასზე დროულ რეაგირებას“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

სამუშაო ჯგუფის წევრები ამ დრომდე დასავლეთ საქართველოში რჩებიან და დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებას და მოსახლეობის დახმარებას ადგილზე აგრძელებენ.

აფხაზეთის მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე ეცნობიან

აფხაზეთის მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, დილიდან დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან, სადაც დევნილთა განსახლების ადგილები მოინახულეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე ეცნობიან.

ლევან მგალობლიშვილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო ადგილზე არსებულ გამოწვევებს.

დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები.

ზუგდიდში გამართა შეხვედრა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ, ფოცხოეწერში მცხოვრებ მოსახლეობასთან იმყოფებოდა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აბაშისა და სენაკის მოსახლეობას შეხვდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და ფოთში გაეცნო, ხოლო აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია მარტვილსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ დროებით დევნილებს შეხვდა.

ლევან მგალობლიშვილის ინიციატივით დროებით დევნილ მოსახლეობას, ყველა ლოკაციაზე, საჭიროების შესაბამისად, საკვები პროდუქტები გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამ დრომდე სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილავს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას.

იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე რეაგირება ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური კოორდინაციით მიმდინარეობს.

ლევან მგალობლიშვილი - ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის

დღეს 25 თებერვალია, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში.

ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს - იუნკერებს, რომელთა თავგანწირვა ფასდაუდებელია და რომელთა სახელებიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. სწორედ ასეთ მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები, რათა არასდროს მოხდეს ჩვენი გმირი წინაპრების ღვაწლის დავიწყება.

ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას.

ოკუპაციის თემა დღესაც კვლავ აქტუალურია. ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და  ერთიან საქართველოში ყველა ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას.

 

ლევან მგალობლიშვილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრის აპარატი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტს ახორციელებს
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი პროექტს "აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ ახორციელებს.
 
პროექტი თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის 7-16 წლის 30 ახალგაზრდისთვის, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების (კერამიკა/მოხატვა, კალიგრაფია, ხატვა, ქსოვა, ქარგვა, ანიმაცია, წაკითხულის გააზრება, მეტყველება და სხვა) სწავლებას ითვალისწინებს.
 
პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის გაზრდა, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გაძლიერება და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება.
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:
+995 574 404 089
 
დავით ფაცაცია ჩუღურეთის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, თბილისში, ნინოშვილის ქ. №57-სა და ზ. არსენიშვილის ქ. №28ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.
მინისტრმა პირადად დაათვალიერა დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.
„დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, ჩვენი ერთობლივი მუშაობა და მოქალაქეების ჩართულობა არის სწორი გზა იმისათვის, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას და ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, შესაბამისად პერმანენტულად ვხდებით მოქალაქეებს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელთა მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლების ობიექტებზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურული პრობლემების ძირითადი ნაწილის მოწესრიგება“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
გიორგი ძიგუა - დაგვემატა ფუნქციები, ასევე პორტალი, რომელიც განაპირობებს დევნილი მოსახლეობის უკეთ მომსახურებას
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგ სხდომას დაესწრო.
 
სხდომის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნასთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს.
 
"დაგვემატა ფუნქციები, რომელიც მოიცავს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას. ასევე პორტალი, რომელიც განაპირობებს დევნილი მოსახლეობის უკეთ მომსახურებას. აღნიშნული ფუნქციებით, დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ინტერნეტით, ან მობილური აპლიკაციის დახმარებით დაუკავშირდეს სხვა სამინისტროებს და იუსტიციის სამინისტროს საშუალებით განათავსონ თავიანთი მოთხოვნები, რაზეც იქნება ადეკვატური და მყისიერი რეაგირება, რაც ცალსახად გაამარტივებს მათი ცხოვრების პირობებს“, - განაცხადა გიორგი ძიგუამ.
 
ცვლილებების თანახმად, აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატს სტატუსი შეეცვალა და ახალ ინსტიტუციურ ადმინისტრაციულ დაწესებულებად, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროდ გარდაიქმნა.
ლაშა დოლბაძე რუსთავში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლაშა დოლბაძე, რუსთავის მე-11 მიკრორაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრას ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილიც ესწრებოდა.

მინისტრმა მოსახლეობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო, რომელიც მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული შეხვედრების მიზანი არის მოსახლეობისათვის არსებული პროგრამების გაცნობა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება.

დავით მორგოშია თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან შეხვედრების ფარგლებში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №48ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში იმყოფებოდა.

მინისტრმა მოსახლეობას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო და მათგან განათლების მიმართულებით არსებული საჭიროებები მოისმინა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.
 
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანი დევნილების საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლა და შემდგომ მათი ოპერატიულად გადაწყვეტაა.

ლევან მგალობლიშვილმა დიმიტრი გულიას ძეგლი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ დავით მორგოშიასთან ერთად, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 151 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზი პოეტის ძეგლი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

"უმნიშვნელოვანესია დიმიტრი გულიას წვლილი ქართული და აფხაზური საზოგადოებების დაახლოების საქმეში. ასევე, სამაგალითოა მისი მოღვაწეობა, რადგან ის იყო ეთნიკურად აფხაზი, რომელიც განსაკუთრებით აფასებდა და ესმოდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობა. მისი მოღვაწეობაც სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა და აღნიშნული მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დიმიტრი გულიას სურვილი ძალიან მალე რეალობად იქცევა და ქართველებისა და აფხაზების ერთობა კვლავ აღდგება.

"დარწმუნებული ვარ, რომ მისი და ჩვენი საზოგადოების სურვილი მალე რეალობად იქცევა და უახლოეს პერიოდში აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან და ძლიერ საქართველოში გავაგრძელებთ თანაცხოვრებას“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

დიმიტრი გულიას სახელს უკავშირდება აფხაზური ანბანის შექმნა. გულიამ არაერთი მნიშვნელოვანი ქართული ნაწარმოები თარგმნა აფხაზურ ენაზე, მათ შორის, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი, იყო პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის“ რედაქტორი.