-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები

აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სოლო-კონცერტი გამართა. კონცერტმა დიდი ოვაციებისა და აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა.
კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისა და კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტს ასევე დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების პრემიის მიმნიჭებელი კომისიის წევრები. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა გიორგი შარვაშიძის პრემიაზეა წარდგენილი.
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ჯგუფი The Georgian Six 2019 წლის 6 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლეში დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმს საზეიმოდ გახსნიან.
აფხაზეთის კაპელა მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ საგანგებოდ ამ კონცერტისთვის არანჟირებულ ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს შეასრულებს.
დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ევროპის საბჭოს 47 წევრი და ექვსი დამკვირვებელი ქვეყნის) 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა პირდაპირი ეთერით გადაიცემა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
7 ნოემბერს კი აფხაზეთის კაპელა სოლო კონცერტს გამართავს Respire Temple Neuf-ის ტაძარში, რომელსაც ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
დიმიტრი გულია იყო მრავალმხრივი მოღვაწე: მან უდიდესი წვლილი შეიტანა აფხაზური კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში, კ. მაჭავარიანთან ერთად, რუსული გრაფიკის საფუძველზე, შეადგინა აფხაზური ანბანი, ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი, იყო პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი, 1922-1924 წლებში ივანე ჯავახიშვილის მიწვევით ასწავლიდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ა. შ.
დიმიტრი გულიას ამ და სხვა დამსახურებებზე აფხაზი ხალხის ისტორიაში ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
აფხაზი პოეტისა და მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ლექსები და ფრაგმენტები წაიკითხეს მსახიობებმა თამარ ცქვიტინიძემ, გიორგი კაჭახიძემ და ნიკოლოზ ფაიქრიძემ. ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები შეასრულეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი, კვარტეტმა „აფხაზეთი“, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ანსამბლამა „გუმბათი“. დიმიტრი გულიას ლექსები აფხაზურ და ქართულ ენებზე წაიკითხეს აფხაზეთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნანა ძიძარიამ და ალექსი ბასარიამ. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ წარმოადგინა აფხაზური ხალხური ცეკვა. შემოქმედებითი საღამოს რეჟისორი იყო გიორგი თავაძე. საღამოს მომზადებაში მონაწილეობდნენ სამინისტროს თანამშრომლები: მანონ ბულისკერია, ნატო კორსანტია, კახაბერ ძაძამია, გიორგი ფარცვანია.


აფხაზეთის საჯარო სკოლებში, აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს აფხაზური ლექსები, ჩანახატები, შეასრულეს მუსიკალური კომპოზიციები. მათ ასევე მოაწყვეს საღამო - „აფხაზურ-ქართული ხელოვნება უძველესი დროიდან დღემდე“, წაიკითხეს საინტერესო რეფერატები - აფხაზეთის მხატვრები და აფხაზეთის მუსიკოსები და ბოლოს კი ყოველივე ამის გარშემო დისკუსია გამართეს.
სკოლების სამუსიკო და ქორეოგრაფიულმა წრეებმა წარმოადგინეს აფხაზური სიმღერები და ცეკვები. მოსწავლეებმა გამოფინეს ნახატები თემაზე - „ჩემი აფხაზეთი“ და აფხაზურ ენაზე შესრულებული კალიგრაფიული ნამუშევრები.


სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
განმცხადებელს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- დევნილის მოწმობის ასლი;
- ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
- რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
- სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
- წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
- ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა).
პროგრამაში შევიდა ცვლილება, მინისტრის ბრძანებით თანადაფინანსება განისაზღვრა შემდეგნაირად:
- 500 ლარის ოდენობით- ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
- 700 ლარის ოდენობით- ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% და მეტი);
- 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში.
სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 4 ეტაპად. მეოთხე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება I ნოემბერს და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით.
თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით. ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: +995 595 34 33 20; +995 577 09 22 39.
განცხადებების მიღება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. N 68.


საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია ყველასათვის" ფარგლებში მცხეთის, წილკნისა და ძალისის არქეოლოგიური ადგილები მოინახულეს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია ყველასათვის" მხარდამჭერია ბრიტანეთის ,,ექსტერის“ უნივერსიტეტი და იგი მიზნად ისახავს, მოსწავლეებს გააცნოს არქეოლოგიური ნიმუშის გზა გათხრებიდან საგამოფენო დარბაზამდე.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა მცხეთის მიმდებარე არქეოლოგიური ბაზა, წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი და ძალისის ნაქალაქევი მოინახულეს. მოსწავლეებს არმაზის არქეოლოგიურ ბაზაზე ნივთების კონსერვაციისა და რესტავრაციის გაკვეთილები ჩაუტარდათ. მოზარდებმა დაათვალიერეს ფონდები და ახლადშექმნილი სამეცნიერო ლაბორატორია. ბოლოს თავადვე აღადგინეს დაზიანებული ნივთები, რომლებიც მათ საჩუქრად გადაეცათ.
სკოლის მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა საქართველოს ერონული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან ძოწენიძე. აგრეთვე, მათ ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია და ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის დირექტორი სვეტა რურუა. დასასრულ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციამ დევნილ მოსწავლეებს უმასპინძლა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თანადგომისათვის მადლობას უხდის პროგრამის ხელმძღვანელს, ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს დავით ლორთქიფანიძეს.


ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის თეატრალური დასი „ნიღბები“ მონაწილეობდა ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალ „მაჩაბელაში“, რომელიც „თეატრი ათონელზე“-ში გაიმართა.
ფესტივალზე ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა აკ. წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ბუტიაობა“ წარადგინა.
თეატრალური დასი „ნიღბები“ ხუთი წლისაა. დასის ხელმძღვანელის, რეჟისორ თამარ იმნაიშვილი-ბრეგვაძისა და დამწყები თეატრალების ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა. მათ ერთობლივად დადგეს არაერთი ლიტერატურული კომპოზიცია და სპექტაკლი, რომელთა შორის გამორჩეულია: „წუთისოფელი“ (ხალხური ზეპირსიტყვიერების მიხედვით), „ჩვენ დავბრუნდებით“ (აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის თემაზე), „ვინ მოკლა ილია?!“ (პატრიოტულ და ისტორიულ-შემეცნებით თემაზე), „ახალი წელი“ (პანტომიმა) და ა. შ.


საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მეორე სახელმწიფო ენაა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზური ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში გამოიცემოდა და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა, აფხაზურ ენაზე ხშირად იკითხება „ვეფხისტაოსანი“ და ა. შ.
ამ დღის აღსანიშნავად, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის, აფხაზი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი გულიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ირმა კეკელიძემ და ჯაბა ჯაიანმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და სხვ.
აფხაზური ენის დღის აღნიშვნა ხვალ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გაგრძელდება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმისთვის აფხაზეთის მკვიდრი პოეტისა და მხატვრის მანონ ბულისკერიას ნამუშევრის - ,,კედლების გემო" (100X70) გადაცემის ცერემონიას დაესწრო. როლანდ ნიჟარაძემ ასევე დაათვალიერა მუზეუმის მდიდარი კოლექცია და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
მანონ ბულისკერიამ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და უპირველესად, ამ იდეის ინიციატორს, არაერთი საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტის ავტორს რაჭაში, პოეტ გურამ გორდეზიანს.


25 ოქტომბერს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ომი და ქალი“ ფარგლებში, რეჟისორ ირინა ბოკუჩავას ფილმის − „ომის პატარძალი“ − ფრაგმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
ირინა ბოკუჩავა არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა: „ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“ და „როცა კარიბჭე გაიღება“. მას აფხაზეთის თემაზე ასევე გადაღებული აქვს მუსიკალური კლიპები: „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“ და „ვარადა". რეჟისორისთვის „ომის პატარძალი“ პირველი მხატვრული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი იქნება, რომელიც აფხაზეთის ომში მტრის მიერ სასტიკად ნაწამები ქართველი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს. სცენარის ავტორი და რეჟისორია ირინა ბოკუჩავა, ოპერატორი - ბექა ფარჯიანი.
პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მწერალი გურამ ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა და სხვ. პრეზენტაციას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საქართველოს შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატის, გამორჩეული ხმისა და სათქმელის პოეტის შოთა ნიშნიანიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს მხარდამჭერი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. აქვე შედგა პრეზენტაცია პოეტის ახალი კრებულისა, რომელშიც მისი აქამდე გამოუქვეყნებელი პოემები შევიდა.
ნიშანდობლივი იყო, რომ დიმიტრი ჯაიანის დარბაზის მონიტორზე გავიდა ჩანაწერი, რომელზეც თავად დიმიტრი ჯაიანი შოთა ნიშნიანიძის აფხაზეთისადმი მიძღვნილ, აფხაზურ-ქართული ოდინდელი ნათესაური ურთიერთობის ამსახველ ლექსს „აფხაზურ კანტატას“ დიდი ემოციითა და სითბოთი კითხულობს. საიუბილეო საღამო გახსნა და შოთა ნიშნიანიძის პოეზიაზე ისაუბრა პოეტმა, შოთა ნიშნიანიძის ახალი პოეტური კრებულის ერთ-ერთმა შემდგენელ-რედაქტორმა მაყვალა გონაშვილმა. მან აღნიშნა, რომ შოთა ნიშნიანიძე დღესაც განსაკუთრებით უყვარს ახალგაზრდობას, რაც პოეტის უკვდავების დასტურია. „შოთა ნიშნიანიძის, აფხაზეთზე განსაკუთრებულად შეყვარებული და მისადმი მიძღვნილი არაერთი შესანიშნავი ლექსის ავტორის საიუბილეო საღამოს ჩვენი სამინისტროს თანადგომით გამართვა ჩვენთვის განსაკუთრებით პატივია“, - აღნიშნა გამოსვლისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.
საღამოს უძღვებოდნენ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები. შოთა ნიშნიანიძის ლექსები ჩვეული ოსტატობით წაიკითხა მსახიობმა მურმან ჯინორიამ. შოთა ნიშნიანიძეზე, როგორც შესანიშნავ პოეტსა და პიროვნებაზე, ისაუბრეს მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა, ცნობილმა მწერლებმა და პოეტებმა. საღამოს მუსიკალურ თანხლებას უწევდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“.
საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ შოთა ნიშნიანიძის ოჯახის წევრები, რომლებმაც ბოლოს დიდი მადლობა გადაიხადეს პოეტის ასე ლამაზად გახსენებისთვის.


პროექტის - „ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგი“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ანსამბლ ,,შავნაბადას“ მოწვევით, თბილისს, თურქეთში მცხოვრები ქართველების, აფხაზების, ოსებისა და კავკასიის სხვა ერების წარმომადგენლები ეწვივნენ.
სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტის, პროზაიკოსისა და პოეტის, კაფე ,,გალაკტიონის“ დამფუძნებლის ირაკლი კაკაბაძის თაოსნობით, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში რამდენჯერმე მოეწყო ქართულ-აფხაზური მუსიკის მასტერკლასები, რომელსაც ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე უძღვებოდა. ამავე ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლში ერთ-ერთ პროტესტანტულ ტაძარში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელსაც აფხაზები, ქართველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
ქართული მუსიკისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის მიზნით, ამჯერად უკვე ჩვენებურები, რომელსაც ანსამბლი ,,კავკასიელი არწივები“ წარმოადგენს (ხელმძღვანელი ზურაბ ტარიელაძე), 19 ოქტომბერს საქართველოს ეწვივნენ. სამი დღის განმავლობაში მასპინძლებმა სტუმრებს თბილისის არერთი ღირსშესანიშნაობა დაათვალიერებინეს. ბოლოს კი ,,კავკასიელმა არწივებმა“ და „შავნაბადამ“ ერთობლივი კონცერტი გამართეს. კონცერტს უძღვებოდა „შავნაბადას“ სამხატვრო ხელმძღვანელი დათო ცინცაძე. მან დამსწრეთ ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ ანსამბლ ,,კავკასიელი არწივების“ წევრმა ბურაქ ალქანმა (თოდნაძე) მეორე წევრს - აიშე ოლგუნს (თავაძე) ხელი საგანგებოდ ჯვრის მონასტრის ეზოში სთხოვა. საგულიხმოა, რომ ახალგაზრდებს საცხოვრებლად საქართველოში სურთ გადმოსვლა. დამსწრეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით მიესალმა მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი.
საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ვახტანგ ყოლბაია და გია გვაზავა, ლიტერატურისა ხელოვნების წარმომადგენელები, დევნილი და არადევნილი საზოგადოება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტ „მე ვარ აფხაზეთის“ ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული მოზარდებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება მოეწყო.
გასვლითი ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების როკ-ჯგუფმა „ოცნებამ“და საესტრადო განყოფილების ანსამბლმა „მაფშალიამ“ კონცერტი გამართეს; ჩატარდა ასევე ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა; აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა, იმერეთის მხატვართა კავშირთან ერთად ხატვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები მოაწყვეს; ბავშვების ხალისიან განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრების გმირებმა იზრუნეს. ორგანიზტორებმა მოზარდებს საჩუქრად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები და ჟურნალები, მაისურები წარწერით „მე ვარ აფხაზეთი“ გადასცეს და პოპკორნითა და გამაგრილებელი სასმელით გაუმასპინძლდნენ. დასასრულ ბავშვებმა ცაში ფრანები და ფერადი ბუშტები გაუშვეს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.


2019 წლის 19 ოქტომბერს ოლიმპიურ სასახლეში საკალათბურთო გუნდმა ,,აფხაზეთმა“, რომლის მწვრთნელებიც არიან ალექსი და ლიკა ქაჯაიები, საქართველოს ,,ბ“ ლიგის ფინალურ მატჩში გუნდი ,,ვინგსი“ დაამარცხა (ანგარიშით 73:52) და ლიგის გამარჯვებული გახდა.
,,ბ” ლიგის გათამაშება თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ,,ბ” ლიგის გათამაშება წლეულს 56 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალურ მატჩში მოთამაშე გუნდებს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა შესაბამისი ხარისხის მედლები გადასცეს. გუნდ ,,აფხაზეთის“ კაპიტანს საბა კალმახელიძეს ჩემპიონის თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა ვლადიმერ ძიძიგურმა გადასცა.
ფოტოები: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.


2019 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, კალათბურთში“ (ახალგაზრდებს შორის) ,,ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირი“ გამართა.
ტურნირი ვერის ბაღში მდებარე საკალათბურთო დარბაზში ჩატარდა და მასში 8 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრის შედეგად პირველი ადგილი ,,ქუთაისმა“ დაიკავა, მეორე ადგილი - ,,აზერბაიჯანმა“, ხოლო მესამე ადგილი - ,,აფხაზეთმა“.
გამარჯვებული გუნდები ნოდარ დარახველიძის შვილიშვილმა ნოდარ დარახველიძემ და ვალერი ჯგერენაიას შვილებმა: გიორგი და ირაკლი ჯგერენაიებმა თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა კი პირველი ოთხი გუნდის საუკეთესო მოთამაშეებს ბურთები გადასცა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, 20 ოქტომბერს აფხაზეთის საკალათბურთო თექვსმეტწლამდელთა ნაკრები საქართველოს ჩემპიონი გახდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო ხელოვნების განყოფილების ინიციატივით, მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი სასწავლო-საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, 14 ოქტომბერს, მცხეთობის დღესასწაულზე, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის მოეწყო ექსკურსია დიდი პოეტის ვაჟა-ვშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში.
პროექტში ჩართულმა მოზარდებმა დაათვალიერეს ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, გაეცნენ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ საარქივო და ფოტომასალას. მათ პოეტის პატივსაცემად სახლ-მუზეუმის ეზოში მოაწყვეს საგანგებო კონცერტი, შეასრულეს ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები, წაიკითხეს ვაჟას ლექსები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
