აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ აფხაზეთიდან დევნილ სპორტულ გუნდებს (რაგბის, ფეხბურთის) და ე. წ. „ვექტორის“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი გადასცა.

დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი დაურიგეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ და სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.

აფხაზეთის ძეგლები - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე

ქ. თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობები, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი“ და კომპანია „არ-ემ-ჯი“. მათი წარმომადგენლების განცხადებით, ფორუმი მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ფორუმზე 9 თვიანი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ასევე, საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები: დაცული ტერიტორიების შესახებ და სხვ.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სანახაობრივი და გასართობი პროგრამები, ტრადიციული რეწვისა და აგროსამეწარმეო პროდუქტები, ეთნოგრაფიული მასალები. ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბის“ ორგანიზებით ფორუმზე ცალკე საექსპოზიციო სივრცე ეთმობოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არტეფაქტების ამსახველ მასალას. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიასა და დღევანდელობაზე ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი პატაშურმა,  შერმადინ შარიამ და  თეკლა გაწერელიამ.

ფორუმს სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო საქმის მესვეურებს ყველა დონეზე აქტიურ მხარდაჭერას შეჰპირდა.

ფორუმს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, რომელმაც განაცხადა: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა სრულიად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს ძეგლები დღეს ოკუპირებულია, ჩვენთვის მიუწვდომელი და ძალიან საშურია, რომ მათი ისტორია და დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, განუწყვეტლივ შევახსენოთ საზოგადოებას შინ თუ გარეთ. ამიტომაც განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ფორუმზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მასალა. აქ ითქვა, რომ ფორუმი ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. შესაბამისად, ვისურვებდი, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობაც ყოველ ფორუმზე განსხვავებული რაკურსითა და მასშტაბით იყოს წარმოდგენილი, ხოლო ამ პროცესში ჩვენი სამინისტრო სიამოვნებით ჩაერთვებოდა“.

 
 
 
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა.

როგორც აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში, ასევე მეორე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. ზეიმი გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ. მან აღნიშნა, რომ სკოლა ყოველ ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება და ამ მხრივ არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. მან ამისთვის მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ამერიკელ ინვესტორებს. ახალი სასწავლო წლის დაწყება დამსწრე საზოგადოებას ასევე მიულოცეს ამავე სკოლის დირექტორის მოადგილემ ჟანა ცხომარიამ და სკოლის ამაგდარმა პედაგოგმა სონია სონგულიამ.

სკოლას სტუმრობდა და მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ და მათ წარმატებული და შემოქმედებითად ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

ზეიმზე უფროსკლასელებთან ერთად თავს იწონებდნენ პირველკლასელები, რომლებსაც ტრადიციულად საჩუქრად ნეთბუკები და წიგნები გადაეცათ.

ძვირფასო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებულად ვულოცავ ამ დღეს აფხაზეთის საჯარო და გალის ოკუპირებული ზონის სკოლების მოსწავლეებს, ამ სკოლების კურსდამთავრებულ სტუდენტებს!

გისურვებთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელი ყოფილიყოს განსაკუთრებული წარმატებებისა და სიახლეების მომტანი, შემოქმედებითად გამორჩეული თითოეული თქვენგანისათვის! ერთად და ურთიერთთანადგომით გადაგველახოს ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც თქვენსა და, შესაბამისად, ჩვენს წინაშე დგას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მინდა გამოვყო გალის ოკუპირებული ზონის სკოლები, რომლებიც მიუხედავად უდიდესი ბარიერებისა, ღირსეულ მამულიშვილებს და სულიერად ძლიერ ახალგაზრდებს უზრდიან ქვეყანას. ამის დასტური იყო წლევანდელი ეროვნული გამოცდების წინა პერიოდიც, როცა გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ, ოკუპანტების წაქეზებით, ენგურის ხიდი მიზანმიმართულად ჩაკეტა და გალელ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევდა.

ის საოცარი შემართება და სწრაფვა ქართული საგანმანათლებლო სივრცისკენ, რაც მაშინ გალელმა აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა გამოიჩინეს, გვაიმედებს, რომ მოდის თაობა, რომელიც მაგალითის მიმცემია როგორც აფხაზეთის, ისე მთელი დანარჩენი საქართველოს ახალგაზრდებისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ერთობლივი ნაყოფიერი საქმიანობით, ბევრად უფრო მეტი წარმატებებით გაგვეტარებინოს ეს სასწავლო წელი!

როლანდ ნიჟარაძე,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და კულტურის მინისტრი

როლანდ ნიჟარაძე აქცია - ,,ბალტიის ჯაჭვი-30’’-ში მონაწილეობდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაში ,,ბალტიის ჯაჭვი-30’’ მონაწილეობა მიიღო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, აგრეთვე საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ამავე საელჩოების დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს თანამშრომლები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველსა და მეორე კორპუსებს შორის გაკეთდა „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელიც სიმბოლურად „ბალტიის გზას“ გამოხატავდა.

როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, „ცოცხალი ჯაჭვი“ არის იმის მაგალითი, რომ თუ ადამიანები გაერთიანდებიან და ექნებათ ერთი მიზანი, ისინი შეძლებენ ბოროტებისა და ყველანაირი აგრესიის დამარცხებას.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს საქართველოსა და დანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით 8 სექტემბერს, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს საქართველოსა და დანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის აფხაზეთიდან დევნილი კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ.

ქვეპროგრამის „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“ ფარგლებში ტრენინგი გაიმართა

ქვეპროგრამის „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“ ფარგლებში  აფხაზეთისა და ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო/საშუალო  სკოლების სპეციალური მასწავლებლების პროფესიული გადამზადების ტრენინგი გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით გამართა გადამზადების ტრენინგი თემაზე - ზოგადი განათლების  დაწყებითი  საფეხურის (I-VI) კლასების დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიის თემატიკაზე.

ტრენინგს ესწრებოდნენ აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო  სკოლების სპეციალური და დაწყებითი  საფეხურის პედაგოგები.

ტრენინგის ფარგლებში სპეციალურმა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია  ნეირომეცნიერების უახლესი მიღწევებისა და კვლევების შესახებ. ტრენინგ-მოდული ასევე  ითვალისწინებდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ვიზუალური და აუდიო მეხსიერების განმავითარებელი სასწავლო სტრატეგიების შესწავლას.

პედაგოგები გაეცნენ ამ დარგში არსებულ ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა წარმოსახვითი უნარების განვითარებისა და გაცნობიერების სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც მოსწავლეთა სწავლის უნარების განვითარების კუთხით აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი ვიდეო და სასწავლო მასალით. მონაწილეებს გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სამუშაო პროცესს დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებაზე

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში აცხადებს კონკურს  უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებაზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) კონკურსანტი უნდა იყოს აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან  ნეიტრალური სამგზავრო  დოკუმენტის მფლობელი;
ბ) ასაკი არ აღემატება 35 წელს;
გ) მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე;
დ) სწავლობს უცხო ქვეყნის კანონდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

დაფინანსების საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81-90 ან (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ან ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური  შეფასება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური  სამგზავრო  დოკუმენტის  ასლები;
ბ) CV/რეზიუმე;
გ) სამოტივაციო წერილი (ფონტი - sylfaen; ფურცლის ზომა-A4; შრიფტის ზომა - 11; ინტერვალი - 1,5;  მოცულობა- არანაკლებ 200 და არაუმეტეს 300 სიტყვისა);
დ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე  უპირობო  ჩარიცხვის  წერილი;
ე) ბაკალავრის  აკადემიური  ხარისხის დიპლომი;
ვ) უცხოეთის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი.
ზ) ორი რეკომენდაცია დაწერილი ლექტორის მიერ (ბოლო ექვსი თვის ვადით გაცემული);
თ) დოკუმენტი  სემესტრულად/წლიურად სწავლის  საფასურის  შესახებ;
ი) ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების  ასლები (არსებობის  შემთხვევაში);

(უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები განიხილება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე)

დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ (სემესტრულად).

პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური ან/და ე.წ. „Executive“სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

მოქალაქეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით;

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა იწარმოებს ელექტრონულ მისამართზე apkhazeti@mes.gov.ge ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი:  თბილისი, უზნაძის ქ. N 68.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება და დამატებითი დრო საბუთების წარმოდგენისათვის არ განისაზღვრება.

ტელევიზია „ერთსულოვნებაზე“ დოკუმენტური ფილმის - „დიმა ჯაიანის“ პრემიერა გაიმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით,  2018 წელს დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი - „დიმა ჯაიანი“ შექმნა. ფილმის შექმნას ორგანიზებას უწევდა სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია  თამარ ბართაია.

ფილმის შექმნაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ასევე: 

  • აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა;
  • საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“;
  • საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა;
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივმა.

 

ფილმის პრემიერა შედგება 20 აგვისტოს, 21:30 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაზე,“ განმეორებითი ჩვენება კი 21 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2019 წლის III ეტაპის განხორციელებას იწყებს

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო,,წარმატებული  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2019 წლის   III ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

განმცხადებელს  მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
  • რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
  • სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს  ბოლო  სემესტრის  მონაცემებით);
  • წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი  გადასახდელი  თანხის  ოდენობა).

სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 4 ეტაპად. მესამე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 15 აგვისტო და გაგრძელდება 15 სექტემბრის ჩათვლით.

თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით. ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე:   595 34 33 20;   577 09 22 39.

განცხადებების  მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი:  თბილისი, უზნაძის ქ. N 68.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ. 

წარმატებული  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებასთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 27 წლის წინათ, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და მალე ის რუსეთის ღია აგრესიაში გადაიზარდა. ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი, ხოლო აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული გახდა.

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი - დინამო არენა დაათვალიერეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი - დინამო არენას ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 30-მდე მოზარდი დინამო არენას ეწვია. მოზარდებმა დაათვალიერეს სტადიონი, მუზეუმი, ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და ა. შ.

მოზარდებს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელგუჯა გელაშვილი შეხვდა და ესაუბრა ქართული ფეხბურთის ისტორიასა და მიღწევებზე, სახელგანთქმულ ფეხბურთელებზე. ასევე მოუთხრო, რომ თბილისის „დინამოს“ წარმატების ზენიტში ყოფნის დროს მისი ბევრი აღიარებული ფეხბურთელი - ვიტალი დარასელია, ვლადიმერ ბარქაია, გელა ინალიშვილი, გრიგოლ ცაავა, თემურ ქეცბაია, ახრიკ ცვეიბა და სხვ. - აფხაზეთის მკვიდრნი იყვნენ. ბოლოს მოზარდებს ქართული ფეხბურთის ისტორიის ამსახველი წიგნები დაურიგეს.

ღონისძიების მიზანი მოზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ფეხბურთისადი ინტერესის გაღვივებაა.

მოსწავლეებს ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე მალხაზ კორძახია და სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი დათა კიკალიშვილი.

ქობულეთში „სამშვიდობო საზაფხულო ბანაკი“ დევნილი მოზარდებისათვის დასრულდა

აჭარაში, ქ. ქობულეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დევნილი მოზარდებისათვის მოწყობილი „სამშვიდობო საზაფხულო ბანაკი“ დასრულდა. ბანაკი აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული სკოლების მოსწავლეების დასვენების, სწავლისა და გართობის საინტერესო პროგრამას ითვალისწინებს. ბანაკს ორგანიზებას უწევდა სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური.

„საზაფხულო სამშვიდობო ბანაკის“ ფარგლებში მოსწავლეები ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში. სამინისტროს პარტნიორობას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი უწევდა. ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: სამშვიდობო განათლების მთავარი პრინციპები და ღირებულებები, კონფლიქტოლოგია, ადამიანის უფლებები, ახალგაზრდული პოლიტიკა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვ. ასევე იმართებოდა მინი-ლექციები და თემატური სავარჯიშოები გენდერული თანასწორობის, სტიგმასა და სტერეოტიპების, კომუნიკაციის, ტოლერანტობის, ეკო განათლების მიმართულებით.

„საზაფხულო სამშვიდობო ბანაკის“ ფარგლებში შედგა ვიზიტი საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“. მოსწავლეები გაეცნენ პროფესიული სწავლების სპეციფიკას, კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, პროფესიული გადამზადების მიზნობრივ პროგრამებს, რამაც ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბანაკის მონაწილეები ეწვივნენ ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სადაც აჭარის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

ბანაკის პროგრამა არა მარტო სწავლების, არამედ გართობისა და დასვენების კომპონენტისგან შედგებოდა. იმართებოდა კულტურულ-შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები (დილის ვარჯიში, სპორტული შეჯიბრებები, შემოქმედებითი საღამოები და სხვ).

ბანაკის დასასრულს დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა. საღამოს სტუმრობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ბანაკის ყველა მონაწილეს ,,საზაფხულო სამშვიდობო ბანკი 2019“-ის მონაწილისა და ,,მწვანე ბანაკის“
სერტიფიკატები გადაეცა.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ძალისმიერი სამჭიდის მწვრთნელთა გადამზადების სემინარი ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსსპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ძალისმიერი სამჭიდის მწვრთნელთა გადამზადების სემინარი ჩატარდა.

პროექტი აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციისა და ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების ორგანიზებით შედგა და მასში ქართველებთან ერთად უცხო ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

სემინარის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ამ ომის ციფრებით გამოხატული ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: დაღუპული - 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი; დაჭრილი - 1 747 ადამიანი... 150 000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომელთაგან 30 ათასი დღემდე დევნილია...

„8 აგვისტოს ომის შემდეგ 1992-1993 წლებში დაკარგულ ტერიტორიებს კოდორის ხეობა და შიდა ქართლის ათეულობით სოფელი მიემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. საქართველო ვერასოდეს დაივიწყებს ამ დღეს და ვერასოდეს შეეგუება არსებულ რეალობას, ვიდრე ამ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს“, - განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.