-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები

ვალერი არქანიას ,,არტ გალერეაში“ საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას შრიფტის წარდგინება გაიმართა. შრიფტი ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდა.
ახალი შრიფტი ჟიული შარტავას კალიგრაფიაზეა დაფუძნებული და მისი სახელის უკვდავყოფას ისახავს მიზნად.
პრეზენტაციას უძღვებოდა ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ჟიული შარტავაზე, როგორც ჩვენი დროის გმირზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების სათანადოდ დაფასება მისი ღირსეული მომავლის საწინდარია.
შრიფტის შექმნის იდეის ავტორი და მთავარი კონსულტანტია ჟიული შარტავას თანაკურსელი და მეგობარი ზურაბ ჯიბლაძე; შრიფტის ავტორია გრაფიკოსი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი მურმან გელენიძე; ფონტების ავტორი კი კობა კურტანიძე. შრიფტის ელექტრონული ვერსია გიორგი ბაგრატიონმა შექმნა. აღსანიშნავია, რომ მურმან გელენიძის თაოსნობით შრიფტი უკვე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ისწავლება, რაზეც პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სტუდენტთა ნამუშევრებიც მოწმობდა.
პრეზებტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სხვ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ წევრები, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და ჟიული შარტავას მეგობრები.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში საღამო - „ხელოვნება მშვიდობისათვის“ მოეწყო. წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას ქართულ-ინგლისურენოვანი წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია. აქვე აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ კონცერტი გამართა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია აფხაზეთის საზოგადოების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და პოპულარიზაცია, ტრადიციული კულტურული კავშირების აღდგენა, აფხაზეთის მოსახლეობისათვის სახელოვნებო ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აფხაზეთის კულტურის, როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენა, პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და ნდობის აღდგენის მოტივაციის გაზრდა, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და დიალოგი, რაც დადებით გავლენას ახდენს სამშვიდობო პოლიტიკის პროცესებზე.


,,ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის N77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.
რეგისტრაცია შუძლიათ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების №147 შესაბამისად.
- რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 5 სექტემბერი
დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ ნომრებზე: (032) 2 95 03 24; +995 599 855 494; +995 599 855 493.


მსოფლიო პანდემიის დროს ყველაზე მეტად კულტურის სფერო დაზარალდა. გაურკვეველი ვადით გადაიდო ან სრულიად გაუქმდა მთელი რიგი კულტურული ღონისძიებები. ბუნებრივია, ეს პროცესი უარყოფითად აისახა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის“ პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია“ განხორციელებაზეც. ამის გამო დღემდე არცერთი განაცხადი არ შემოსულა. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია გარკვეული ცვლილება შეეტანა ქვეპროგრამის შინაარსში და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაცილებით ფართო, მრავლისმომცვლელი, კულტუროლოგიური ჭრილით წარმოედგინა.
ქვეპროგრამა „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია“ ახალი ვარიანტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას, არამედ ერთიანი ისტორიული წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას; ისტორიულ-კულტურული ტერიტორიების და ობიექტების, შენობა-ნაგებობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ფოლკლორის, მხატვრული სუვენირების, ხალხური რეწვის და ხელობის, პროფესიული ხელოვნების დარგებისა და ლიტერატურის, სახელოვნებო განათლების და მასთან დაკავშირებული პედაგოგიკის, სამეცნიერო კვლევისა და მეთოდიკის, ტექნოლოგიების, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაციას და გაშუქებას; კულტურულ - გასართობი შემეცნებითი პროგრამების მხარდაჭერას; საქართველოს და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე აფხაზეთის კულტურის, ისტორიული წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის წარდგენას, როგორც ერთიანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილისა.
შემოსული განაცხადებების თანადაფინანსების საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია.
შესწორებული ქვეპროგრამა დანართთან ერთად იხილეთ აქ.




25 ივნისს Georgian Junior Academy • საქართველოს ახალგაზრდული აკადემიას ორგანიზებით, ინტერნეტსივრცეში დაიწყო საბავშვო მუსიკალური კონკურსი 16 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის. მონაწილეობის მსურველებს საკუთარი ნამღერის ვიდეო (სოლო ან მეგობრებთან ერთად ნამღერი - დუეტი, ტრიო ან კვარტეტი) უნდა გაეგზავნათ ან #smulecom აპლიკაციის საშუალებით მათთვის სასურველი სიმღერა უნდა ემღერათ, რაც #JuniorAcademy და #SmuleGeorgiaJunior შემოწმების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდებოდა.
კონკურსი 6 ივლისს დასრულდა და მისი გამარჯვებული და ხალხის რჩეული გახდა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი სალომე ზუხბაია. მან სმულეს (#smulecom) 1-წლიანი VIP ანგარიში მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდულმა აკადემიამ გოგონა ასევე უფასო მასტერკლასებით დაასაჩუქრა. სალომე ზუხბაია 3 წლიდან, დედასთან ერთად, იტალიაში ცხოვრობს. ის ამჟამად მილანში, ლა-სკალას აკადემიის გუნდის პირველი ქართველი მოზარდი მომღერალია (50 ბავშვიდან 13 საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა).
კონკურსის ფინალისტები არიან ასევე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები: „#ბასტიბუბუს“ აღსაზრდელი თეკლა წურწუმია (მეორე ადგილი) და ლილე ბენდელიანი (მესამე ადგილი). ორივე მათგანიც სმულეს (smule.com) 1-წლიანი VIP ანგარიშით დააჯილდოვა.
იხ. სალომე ზუხბაიას ნამღერი: https://bit.ly/2OwlZ16
იხ. თეკლა წურწუმიას ნამღერი: https://bit.ly/398eFlV
იხ. ლილე ბენდელიანის ნამღერი: https://bit.ly/3h6sqEE
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის მოზარდებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.


„დინამო“ სოხუმის ახლადშექმნილი ქალთა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს
საფეხბურთო გუნდ „დინამო“ სოხუმთან შეიქმნა ქალთა საფეხბურთო გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ქალთა ფეხბურთის ფედერაციამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.
„დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.მის შემადგენლობაში ითამაშებენ: ნეგარ საიდი, თამარ ახობაძე, მარიამ როსტიაშვილი, ნატო კევლიშვილი, ნინო ჩანგელია, მარიამ კაკალაშვილი, ანა კულდონაშვილი, ლანა ქარდავა, მარიამ ბექიშვილი, ელენე ელოშვილი, მედეა მუმლაძე და სხვ. გუნდის მთავარი მწვრთნელია დავით თაქთაქიშვილი.
სექტემბერში დიღმის მასივში მდებარე ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე გაიხსნება, „დინამო” სოხუმის აკადემია, სადაც გოგონებისა და ვაჟების გუნდები ივარჯიშებენ. ეს იქნება ამიერკავკასიაში პირველი გოგონათა აკადემია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, „დინამო“ სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდს ევროპის მასშტაბით წარმატებულ ასპარეზობებს უსურვებს და სხვებთან ერთად იმედოვნებს, რომ ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს - ,,აფხაზეთი საქართველოა!" - მის ფარგლებს გარეთ გაიტანს.


ევროპის დღეებთან დაკავშირებით, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსი უფროსკლასელებისთვის – „ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში“ დასრულდა, კონკურსში 150-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა და იგი ევროპული ღირებულებების უკეთ შემეცნებასა და ქართულ-ავსტრიული ურთერთობების განმტკიცებას ემსახურება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 6 გამარჯვებული, რომელთაგან პირველი და მესამე პრემია გალის რაიონის ორი სხვადასხვა სკოლის XI კლასის მოსწავლეებს გადაეცათ.
• პირველი პრემია - ჯიმი თუთისანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა (XI კლასი); გალის რაიონის XI კლასის მოსწავლე;
• მეორე პრემია - კესო ავალიშვილი, ქ. თბილისის 35-ე საჯარო სკოლა (XI კლასი); სოფიო ბასიალაია - ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლა (XI კლასი);
• მესამე პრემია - ანა კეკოშვილი, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა (XII კლასი); გალის რაიონის XI კლასის მოსწავლე;
კონკურსში გამარჯვებულები 6 ივლისს, ავსტრიის ელჩის რეზიდენციაში დააჯილდოვეს.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი ენგურის ხიდის პირობებში, გალის რაიონის საჯარო სკოლების გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიას დისტანციურად დაესწრნენ.
გამაჯვებულებს კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით ,,ბერტა ფონ ზუტნერის“ პრემია, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ცერემონიას გალის რაიონის საგანმანათლებლო რესუსცენტრის უფროსი ნონა შონია ესწრებოდა.




აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2016 წელს დაწესდა. სტიპენდიების დაწესება ემსახურება მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციას.
- დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
- ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გამიზნულია (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
- ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წელს დააწესა. სტიპენდია გამიზნულია სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების ბაკალავრიატის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 70% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სტუდენტური ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
სტიპენდია გამიზნულია ასევე სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების წარდგენის ვადაა 2020 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მსურველების განცხადებების წარდგენისა - 2020 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართები:


საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული მსახიობი, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სერგო პაჭკორია 60 წელი იდგა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. ის თავის კოლეგებთან ერთად ქმნიდა ამ თეატრის ისტორიას, მის შემოქმედებით ცხოვრებას, მათ შორის ოქროს ხანად წოდებულ პერიოდს.
სერგო პაჭკორიამ დიდი ოსტატობით აღბეჭდილი სახეები შექმნა ისეთ გახმაურებულ სპექტაკლებში, როგორებიცაა უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ (ანტონიო), კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (ზვიად სპასალარი), გურამ ბათიაშვილის „1832 წელი“ (ნიკოლოზ ფალავანდიშვილი), ჰ. იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“ (ნიკოლასი), ნ. დუმბაძის „ერთი ცის ქვეშ“ (ხრისტო), დემნა შენგელაიას „ბათა ქექია“ (ბათა) და ა. შ. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში აისახა მსახიობის თანამედროვე ეპოქა თავისი ჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით. მან, როგორც სოხუმის თეატრის მთელმა დასმა, საკუთარ თავზე იწვნია საქართველოს ძიძველი კუთხის აფხაზეთის თავზე დატეხილი უბედურება და დევნილის უმძიმესი ხვედრი გაიზიარა.
სერგო პაჭკორია არა მარტო გამორჩეული მსახიობი, არამედ გამორჩეული პიროვნება იყო, მისი თითოეული პერსონაჟიც (დადებითი თუ უარყოფითი) გამოკვეთილი პიროვნული თვისებებით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს.
„მადლობა ჩემს მაყურებელს გულწრფელი ტაშისთვის, რომელიც ხშირად სიხარულის ცრემლებს მგვრიდა“, - თქვა ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე სერგო პაჭკორიამ, რომლისთვისც მაყურებელს ანალოგიური სათქმელი ჰქონდა: „მადლობა თქვენს მიერ განსახიერებული გულწრფელი როლებისათვის, რომელიც ხშირად ცრემლებს გვგვრიდა“. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ქმნიდა საოცარ კავშირს მსახიობსა და მაყურებელს შორის, რის გამოც ორივე ბედნიერი იყო. და ეს ბედნიერი დღეები და წლები ყოველთვის ემახსოვრება სოხუმელ მაყურებელს.
თეატრმცოდნე ნათელა არველაძე წერდა: „სერგო პაჭკორიას ნიღბები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ბუნება, ისეთივე მრავალგვარია, როგორც ცხოვრება, ისეთივე მბორგავი, სევდიანი, დამაფიქრებულია, როგორც ადამიანი“.
წავიდა ჩვენგან გამორჩეული მსახობი, მბორგავი და ამავე დროს დაფიქრებული პიროვნება, რომელსაც თან გაჰყვა მშობლიურ ქალაქ სოხუმსა თუ მის განუყოფელ თეატრში დაბრუნების სევდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში აფხაზეთიდან დევნილ ბავშებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ ბავშებს სიმბოლური საჩუქრები და სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიერ გამოცემული ჟურნალები გადასცა.
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს „გარემოს გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა ბავშვებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო-შემეცნებითი ბუკლეტები გადასცეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა, განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი თემურ ურიდია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი კალანდია სკოლების ინფრასტრუქტურის შესწავლისა და საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით ბორჯომში განთავსებულ აფხაზეთის №22 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
სკოლის დირექციასთან ერთად განისაზღვრა სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და საჭიროებები, რის შემდეგაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ წარმომადგენელთან ნინო ჯიქურაშვილთან სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე სკოლის ინფრასტრუქტურის მოგვარების მიზნით თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მინისტრ როლანდ ნიჟარაძესთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია და მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტურქტურული ერთეულების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მიმდინარე წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში, პროექტებსა და პროგრამებში კორონავირუსის პანდემიის გამო შეტანილ ცვლილებებზე. ასევე, განიხილეს სამომავლო სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები.


