აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ცხელი ხაზი 143 ამოქმედდა

ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან დარეკონ ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998).

ცხელი ხაზით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეებს.

ცხელი ხაზის დახმარებით მოსახლეობა შეძლებს მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური, ჯანდაცვის და განათლების პროგრამების შესახებ, გაიაროს იურიდიული კონსულტაციები საჭირო საკითხებზე.

ასევე, აფხაზეთიდან დევნილებს შეუძლიათ დისტანციურად გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge;

განცხადების ელექტრონულად გაგზავნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით.

აფხაზეთის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში

2020 წლის 8 მარტს ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტკომპლექსში ,,ფიტნესს 31“ ჩაატარა აფხაზეთის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“.

მასში მონაწილეობდა 100-მდე სპორტსმენი სამეგრელოდან, იმერეთიდან, აჭარიდან, კახეთიდან და აფხაზეთიდან დევნილები. (მონაწილეთა შორის იყვნენ ტიტულოვანი სპორტსმენები, როგორც ევროპის ასევე მსოფლიო ჩემპიონები).

ჩემპიონატი ორ დისციპლინაში, წოლჭიმისა და ამოწევის 10 წონით კატეგორიაში ჩატარდა.

75კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა ლევან კოპალიანმა.

125კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა ზურაბ შენგელიამ, რომელმაც ამოწევაში დააფიქსირა შედეგი 280კგ, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია მოცემულ წონით კატეგორიაში, 20-23 წლის ასაკში.

აფხაზეთიდან დევნილი გამარჯვებული სპორტსმენები 14 მარტს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქ. კიევში გაემგზავრებიან.

ღონისძებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, მისი მოადგილე ბეჟან ქვილითაია და სხვა მოწვეული სტუმრები.

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 6 მარტს 76 წელი შეუსრულდებოდა

ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
.
„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი!“ – უთქვამს ჟიული შარტავას იმ უმძიმეს დღეებში მეგობრისთვის. თავად კი ამ სიტყვების ერთგული დარჩა, ბოლომდე არ მიატოვა განწირული სოხუმის განწირული მოსახლეობა და გმირულად დაიღუპა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.

საქართველოს პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებითა და ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ ინიციატივით 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ,,ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა - 2019“ გაიმართა. ალპინიადის ფარგლებში გაჩნდა ინიციატივა, რომ გამოსულიყო ჟიული შარტავას სახელობის საფოსტო მარკა.

საქართველოს ფოსტამ 2019-2020 წლის მარკების თემატური გეგმის ფარგლებში ,,ეროვნული გმირი“ ჟიული შარტავას სახელობის მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში შედგა. მარკაზე წარმოდგენილია ჟიული შარტავას პორტრეტი, რომლის ავტორიც მხატვარი თამაზ ხუციშვილია, ხოლო ფონზე გამოსახულია ეროვნული გმირის ორდენი და ჟიული შარტავას სახელობის მთა. მარკა დაიბეჭდა საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპოლიგრაფიულ სტამბაში „Cartor Security Printing“. მარკის დიზაინი შექმნა გიორგი ქართველიშვილმა.

პრეზენტაციას უძღვებოდა ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც აღნიშნა: „ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალს, მისივე სახელობის საფოსტო მარკა შეემატა. ჟიული შარტავას, როგორც საქართველოს ეროვნულ გმირს ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი“.

დამსწრე საზოგადოებას ჟიული შარტავას გმირობის მაგალითი და მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ; ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ; როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დავით გურგენიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა და სხვ.

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ ამ მარკის გამოცემით „ჩვენ შევძლებთ მისი ღვაწლი და დამსახურება გავაცნოთ მთელ მსოფლიოს.“ ლევან ჩიკვაიძემ ჟიული შარტავას სახელობის საფოსტო სასაჩუქრე მარკა გადასცა ჟიული შარტავას მეუღლეს ლია ჯალაღონიას, რომელმაც მადლიერების ნიშნად მეუღლის ნაქონი რამდენიმე ნივთი უსახსოვრა საქართველოს პარლამენტის მუზეუმს, რომელიც მალე უმასპინძლებს დამთვალიერებლებს.

ჟიული შარტავას საფოსტო მარკის გამოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ სიგელები გადაეცათ პარლამენტარებს: ირაკლი კობახიძესა და არჩილ თალაკვაძეს, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს როინ მეტრეველს. აქვე გაიმართა ჟიული შარტავას ძეგლის ესკიზის პრეზენტაცია, რომელიც მალე ქ. თბილისში დაიდგმება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ქ. თბილისის 62-ე საჯარო სკოლას ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, მეგობრები, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვ.

იხ. Facebook პოსტი.

როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთიდან დევნილი, შვილგარდაცვლილი დედები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, თანამშრომლებთან ერთად, კომპაქტურ ჩასახლებებში თუ საკუთარ ბინებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, შვილგარდაცვლილ დედებს ესტუმრა. მინისტრმა მათ დედის დღე და რვა მარტი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები, ყვავილები და ტკბილეული მიართვა.

როლანდ ნიჟარაძემ ქალბატონებს ჯანმრთელობა, დიდ ხანს სიცოცხლე და მალე აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს აბიტურიენტთა მიღებას პროგრამისთვის ,,სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადება 2020“.

პროგრამაში მონაწილეობა შუძლიათ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების №147 შესაბამისად.

2020 წლისთვის სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა ჩატარდება:

  • სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ბენეფიციარები ჩაირიცხებიან ელექტრონული ფორმის რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 მარტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ცხელ ხაზს - (+ 995 32) 2 95 03 24.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში ,,ოკუპაციის კვირეული” გაიმართა

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 21-25 თებერვალს აფხაზეთის საჯარო სკოლებში ,,ოკუპაციის კვირეული” გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები,მათ შორის, თემატური კონკურსები და ლექცია/სემინარები გაიმართა.

წლეულს აფხაზეთის საჯარო სკოლები ,,წითელი ყაყაჩოს“ აქციაშიც ჩაერთვნენ. სკოლებში აგრეთვე ფილმის ,,საბჭოეთის ისტორიის” ჩვენება, კონფერენციები და ლიტერატურული საღამოები გაიმართა.

,,ოკუპაციის კვირეულის“ მიზანია, მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღონ რუსულ აგრესიაზე და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტორებისთვის პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ,,ჰარმონიზაციის ცენტრის“ ინიციატივით, მიმდინარე წლის 24-25 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტორებისთვის პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შიდა აუდიტორებისთვის, სისტემურ აუდიტთან დაკავშირებით შედგა. ტრენინგის ფარგლებში, შიდა აუდიტორები ახალ ტექნიკებსა და მიდგომებს დაეუფლენ. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ სისტემური აუდიტორული შემოწმების დამოუკიდებლად ჩატარების საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკას გასცნობოდნენ.

ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირმა გელანტია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ კალანდია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტორი პაატა ხინთიბიძე.

ტრენინგის დასასრულ, პრაქტიკული ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო, რაც სამომავლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შიდა აუდიტის თანამშრომლებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სისტემური აუდიტის საქმიანობას გაუმარტივებს.

როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვა წევრებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა.

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია იმ დღეების გაგრძელებაა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება კი ტერიტორიების წართმევისადმი შეურიგებლობა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „კულტურული მემკვიდრეობა-საფრთხეები და გამოწვევები“ - მასალები კრებულის სახით გამოიცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 27 ნოემბერს გამართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,კულტურული მემკვიდრეობა -საფრთხეები და გამოწვევები“. კონფერენცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გაქრობის, იმ ძირძველი ქართული ტერიტორიებიდან ქართველის კვალის წაშლის მცდელობას, ამ ვანდალიზმის საერთაშორისო საზოგადოებრიობამდე მიტანისა და შესაბამისი საინფორმაციო ომის სათანადოდ წარმართვის აუცილებლობას შეეხებოდა.

კონფერენციის დამსწრეთა წინაშე სიტყვებითა და ნაშრომებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, პროფესორები - ირაკლი გელენავა, ლია ახალაძე, რევაზ ხვისტანი და სხვ.

ახლახან სამინისტრომ კონფერენციაზე წარმოდგენილი სიტყვები და შრომები გამოსცა კრებულის სახით, რომელიც დარგის სპეციალისტების, სტუდენტებისა და საკითხით დაინტერესებული მკითხველებისათვისაა განკუთვნილი. გამოცემის რედაქტორები არიან: ირაკლი გელენავა, ნონა ქარაია და გიორგი პატაშური.

კრებული ,,კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა.

კრებულს თან ერთვის ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბისა“ და აფხაზი ახალგაზრდების თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტური ფილმი - „ბედიის მონასტრის წარსული და თანამედროვეობა“,

 იხ. ელექტრონული ვერსია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დევნილ ნორჩ ძიუდოისტებს სპორტული ინვენტარი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში მოქმედ აფხაზეთიდან დევნილ ნორჩ ძიუდოისტებს სპორტული ინვენტარი (კიმანოები) გადასცა.

აფხაზეთიდან დევნილი ნორჩი ძიუდოისტები სასწავლო წვრთნებს თბილისში, სპორტკომპლექს ,,მართვეში“ ზაზა მახათაძის ხელმძღვანელობით გადიან.

დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დაურიგა.

მინი-ფეხბურთში ალექსეი ილიადის სახელობის ტურნირი ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 3 თებერვალს თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის, სპორტის ოსტატის ალექსეი ილიადის სახელობის ტურნირი ჩაატარა მინი-ფეხბურთში. ტურნირი ალექსეი ილიადის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი გამართვის იდეა ალექსეი ილიადის მეგობარს ლავრენტი ბიბლაიას ეკუთვნოდა.

ალექსეი ილიადი 1945 წელს ქ. სოხუმში დაიბადა. 17 წლის ასაკში იგი ჯერ სოხუმის ,,დინამოში“, შემდგომ კი თბილისის ,,დინამოში“ თამაშობდა. ალექსეი ილიადი სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი და  სპორტის ოსტატია ფეხბურთში. იგი ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში.

ალექსეი ილიადის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი ,,ვიტ ჯორჯიასა“ და ,,ლომებს“ შორის, ,,ვიტ ჯორჯიას“ სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. საპრიზო ადგილდები კი ასე გადანაწილდა:

I ადგილი - "ვიტ ჯორჯია";
II ადგილი - ,,ლომები“ (თბილისი);
III ადგილი - ,,იბერია 2017“.

ტურნირში აგრეთვე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები: ,,საუკეთესო მეკარე“ - საბა ტარტარაშვილი (,,ვიტ ჯორჯია“); საუკეთესო ფეხბურთელი - დავით რამაზაშვილი (,,იბერია 2017“); საუკეთესო თავდამსხმელი - დავით ახავეტიანი (,,ლომები“).

ტურნირის გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა, აფხაზეთის ა/რ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა დააჯილდოვეს.

ალექსეი ილიადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭოს საპატიო სიგელი მიენიჭა.

„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2020 წლის I ეტაპი დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2020 წლის I ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ, კერძოდ:

  • ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;
  • ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები;
  • ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა თბილისის ზოოპარკი დაათვალიერეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები და აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები თბილისის ზოოპარკს ეწვივნენ. მოსწავლეებმა გიდის - საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანლის ირმა ბოჭორიშვილის თანხლებით, დაათვალიერეს თბილისის ზოოპარკი და მისი  ბინადრები - ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ფაუნის წარმომადგენლები, სულ 200-მდე სახეობის 800-ზე მეტი ცხოველი და ფრინველი, მათ შორის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობები.

მოსწავლეებს ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია, მშობლები და პედაგოგები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო დიდ მადლობას უხდის თბილისის ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს გაწეული ქველმოქმედებისათვის.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დევნილ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდ ,,საირმეს“ სპორტული ინვენტარი გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში მოქმედ აფხაზეთიდან დევნილ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდ ,,საირმეს“ სპორტული ინვენტარი - ფორმები და ბურთები გადასცა.
 
საფეხბურთო გუნდი ,,საირმე“ 2019 წლის თბილისის ღია საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულია. გუნდში აფხაზეთიდან დევნილი 20 ახალგაზრდა ვარჯიშობს და ისინი სასწავლო წვრთნას თბილისში, ზაზა კარსანიძეს ხელმძღვანელობით გადიან. მწვრთნელები: დავით თაქთაქიშვილი და ილია ხიპაშვილი.
 
დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი დაურიგეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და მისმა მოადგილემ ბეჟან ქვილითაიამ.