აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის გამარჯვებული გუნდები ცნობილია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის აფხაზეთის რეგიონის ფინალური თამაშები გამართა. აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლები ერთმანეთს რეგიონის პირველობისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. სულ ოლიმპიადაში 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის აფხაზეთის რეგიონის გამარჯვებული გუნდების ტიტული და ზონალურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს:

მინი ფეხბურთში - ვოვა ვეკაუს სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლამ; გეზრბენში (ვაჟები) - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლამ; გეზრბენში (გოგონები) - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლამ; ფრენბურთში (ვაჟები) - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლამ; კალათბურთში (ვაჟები) - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლამ; კალათბურთში (გოგონები) - ოტობაიის №1 საშუალო სკოლამ; მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები) - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლამ.

გამარჯვებული გუნდები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით ფინალისტ გუნდებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფორმები გადაეცათ.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. პროგრამის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა

უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და ზვიად გამსახურდიას როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიაში ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ. 


კონფერენციის მთავარ თემაზე ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ. ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეული ეპიზოდები გაიხსენეს საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებმა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.


კონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველ პრეზიდენტზე მომზადებული დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.


კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე და სხვ. ესწრებოდნენ.

ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში თემაზე - „9 აპრილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი“ ისაუბრა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავ კვირეულს აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლა სათითაოდ ეხმაურება. კერძოდ კი, სკოლებში, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ტარდება ღია გაკვეთილები თემაზე: „საქართველოს პირველი პრეზიდენტი“. 


ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას კვირეულის ფარგლებში ეწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია. მან სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „9 აპრილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი“. ჯემალ გამახარიამ დეტალურად აუხსნა მოსწავლეებს, თუ რატომ უწოდებენ 9 აპრილს ერთდროულად მწუხარებისა და დამოუკიდებლობის დღეს. 


მოსწავლეებში მონათხრობმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მოსმენილ საკითხებთან დაკავშირებით ისტორიკოსს ბევრი შეკითხვა დაუსვეს, რაზეც კვალიფიციური პასუხები მიიღეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილისიდამი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის საჯარო სკოლებში გრძელდება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში მიიწვიეს. მადონა მაქაცარიამ მოსწავლეებს წაუკითხა ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი თემა - „ზვიად გამსახურდიას ცხოვრების გზა“, რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია. 


შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. მადონა მაქაცარიამ ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში მონაწილეობისათვის აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორს ლუიზა შონიას მადლობის სიგელი გადასცა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი პროგრამები გააცნო

2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის საინფორმაციო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სამინისტროს ახალი პროგრამები, რომლებიც უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მათ საჭიროებებზეა მორგებული.

ახალი პროგრამები ემსახურება აფხაზეთიდან დევნილი სხვადასხვა სფეროში წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას, აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას, სტუდენტთა პოტენციალის წარმოჩენას, მხარდაჭერასა და სწავლების თანადაფინანსებას. შეხვედრა გაიმართა დიალოგის ფორმატში. სტუდენტებმა დასმულ შეკითხვებზე და მათ შორის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების დაწესების თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცეს.

წიგნი აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მოცემული გაკვეთილები და თემები დაეხმარება მსურველებს, ისწავლონ წერა-კითხვა, სიტყვები და ფრაზები აფხაზურ ენაზე, შეიძინონ დიალოგისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

პრეზენტაციის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას. პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკს (AIESEC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნებას. ის ასევე გულისხმობს მთელ საქართველოში და მათ შორის გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების საერთაშორისო კავშირებში ჩაბმას და მათში საერთაშორისო, კონკურენტუნარიანი ლიდერების აღზრდას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ (AIESEC) საქართველოს კომიტეტის პრეზიდენტმა თათია ბაგაშვილმა.

აისეკი (AIESEC) 1948 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კულტურული ბარიერების დასაძლევად შეიქმნა. 2006 წელს ორგანიზაციამ საქართველოშიც დაიწყო საქმიანობა და ის წარმოდგენილია სამ ქალაქში; თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამჟამად აისეკი 120-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს და მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს საზღვარგარეთ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ასოციაცია DRONI-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ასოციაცია DRONI-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ა(ა)იპ ახალგაზრდული ასოციაცია DRONI-ს შორის გაფორმდა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართვას მათი კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.

ახალგაზრდული ასოციაცია DRONI არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თანამედროვე, ჯანსაღი, განათლებული და სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება. ამ ამოცანის შესასრულებლად ასოციაცია ახორციელებს არაფორმალურ საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის განვითარების პროგრამებს.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია გიორგი მამულია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის სოციალურ კვლევათა უმაღლესი სკოლის (EHESS) დოქტორი. წიგნი გამოიცა აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ.

წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მათ მცდელობაზე, ქართველ ემიგრანტებთან ერთად თავიანთი წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.

ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ განსაკუთრებულობაზე, მის მნიშვნელობასა და ისტორიულ ღირებულებაზე ისაუბრეს რუსუდან კობახიძემ, ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელმა და მკვლევარმა; რუსუდან დაუშვილმა, პროფესორმა და ისტორიის დოქტორმა; მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა; პაატა კოღუაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა; ზურაბ პაპასკირმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა; ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ; ადა მარშანიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა; ირმა ირემაძემ, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის უფროსმა; ტატა ჩხოტუამ, რაფიელ ჩხოტუას შვილიშვილმა.

წიგნის გმირები, ავბედითი ისტორიის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული, საქართველოზე ფიქრსა და ოცნებაში აღსრულებული, თითქმის მივიწყებული ადამიანები: ვლადიმერ ემუხვარი, ივანე შერვაშიძე, ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუები, ვერონიკა და ჯოტო ემუხვარები, რაფიელ ჩხოტუა, მიხეილ და ჯოტო შარვაშიძეები, მერი შერვაშიძე, პეტრე მარღანია - დამსწრეთ საინტერესო შტრიხებით წარუდგინეს საღამოს წამყვანებმა - სალომე თორიამ და შალვა ბერიანიძემ.

დამსწრეთ ვიდეოჩანაწერებით მიმართეს დიდი ბრიტანეთიდან - ქრისტინა ჩხოტუამ, ნიკოლოზ ჩხოტუას შვილიშვილმა და აშშ-დან - ალექსამ, ივანე შერვაშიძის შთამომავალმა. მათ დიდი სიხარული გამოხატეს თავიანთი წინაპრების გაცოცხლების გამო, რისთვისაც დიდი მადლობა გადაუხადეს წიგნის ავტორს.

პრეზენტაციის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო ფრაგმენტები წიგნის გმირებისადმი სხვადასხვა დროს მიძღვნილი დოკუმენტური ფილმებიდან. ასევე უჩვენეს ნატო მარშანიას არზაყან ემუხვარზე დაწერილი წიგნის „ქედუხრელი რაინდი“ მიხედვით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტი, რომელმაც ცხადად მოიტანა საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობისთვის დამაშვრალი და დევნილობაში აღსრულებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრების ტრაგიზმი. და როგორც არაერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, სწორედ ესეც არის ნატო მარშანიას წიგნების მთავარი სათქმელი, როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს დაანახოს მათი წინაპრების ერთიანობის ოდინდელი განცდა, თუ რაზე იდგა ჩვენი ქვეყანა მის განუყოფელ აფხაზეთთან ერთად.

პრეზენტაციაზე მერი შერვაშიძისადმი მიძღვნილი გალაკტიონის ლექსი „მერი“ წაიკითხა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა მერაბ ყოლბაიამ; ხოლო მომღერალმა ბოკა კვეკვესკირმა პატრიოტული ჟანრის ქართული სიმღერები შეასრულა.

დასასრულ წიგნის ავტორმა ნატო მარშანიამ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ და იმ ადამიანებს, ვინც მას ამ წიგნის დაწერის დროს დაეხმარა და გვერდით დაუდგა.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა - „გარდასულ წელთა სახეები“, რომელიც აფხაზი არისტოკრატებისა და მათი ოჯახის წევრების ფოტოებს უყრის თავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კავკასიური სახლი.

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის N1 დადგენილებაში აფხაზეთის ა/რ მთავრობისავე 2019 წლის 7 მარტის დადგენილების თანახმად შევიდა ცვლილებები.

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ ახალი რედაქცია გამოქვეყნდა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

 

იხილეთ

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4504762?publication=0

 

აჭარის მწერალთა სახლში წიგნის ,,აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

„აფხაზური ენა დამწყებთათვის“, - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა.


წიგნი აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მოცემული გაკვეთილები და თემები დაეხმარება მსურველებს, ისწავლონ წერა-კითხვა, სიტყვები და ფრაზები აფხაზურ ენაზე, შეიძინონ დიალოგისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჩბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.


პრეზენტაციის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას.


პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე მინი-სპექტაკლი „ყელში მობჯენილი მონატრება“ წარმოადგინეს. ფერიის საჯარო სკოლისა და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. ასევე, აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები აფხაზურ ენაზე.


წიგნის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს ქვეპროგრამის „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 10 ახალგაზრდა, ორი თვის განმავლობაში გაივლის გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო კურსს და შეისწავლის შემდეგ მიმართულებებს:

ა) ტიხრული მინანქარი;

ბ) ტექსტილი (ბატიკა, თექა, ქვილთი, გობელენი, შიბორი);

გ) მინის მხატვრული დამუშავება;

გ) ცივი ფაიფური.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხელოვანები.

 

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  1. პირდობისა და დევნილის მოწმობის ასლი;
  2. სამოტივაციო წერილი (პროგრამით დაინტერესების შესახებ);
  3. ავტობიოგრაფია (CV).

 

საბუთები მიიღება 15 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით.

პირველ ეტაპზე მიღებული განაცხადებები გადაირჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

577 34 85 34  - კოორდინატორი სალომე თორია

ან გვეწვიეთ მისამართზე: დ. უზნაძის №68, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, III სართული, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.

ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო გაიმართა

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. კვირეულის ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო, რომლის დამდგმელი რეჟისორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.

საღამო აგებული იყო ჟიული შარტავას ჩანაწერებზე, რომლებსაც სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები კითხულობდნენ. ამ ჩანაწერებით, ვიდეოკადრებითა და თანამებრძოლთა მოგონებებით დაიხატა პორტრეტი მამაცი, თავდადებული და ერთგული ადამიანისა, რომელიც ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლას შეეწირა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ გაიხსენეს ჟიული შარტავასთან ერთად გატარებული 1993 წლის სექტემბრის ბოლო უმძიმესი დღეები. საღამოზე ნაჩვენები იყო ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან „ჩვენი დროის გმირი“, რომელიც ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლების აფხაზი სეპარატისტებისა და სხვა ჯურის ბოევიკების ტყვეობაში ყოფნის ფაქტებს ასახავს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ჟიული შარტავას ოჯახს მისი ინიციატივით დაწესებული სპეციალური მედალიონი, წარწერით „სოხუმელი“ გადასცა.

საიუბილეო საღამოზე მუსიკალურ ნომრები შეასრულეს გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.

საღამოზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები , ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები.

საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 75 წლის გახდებოდა

წლეულს, 7 მარტს ჟიული შარტავა - საქართველოს ეროვნული გმირი, „დიდგორის’, „ვახტანგ გორგასლისა“ და „წმიდა გიორგის“ I ხარისხის ორდენების კავალერი - 75 წლის გახდებოდა. 


ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.


„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი!“ – უთქვამს ჟიული შარტავას იმ უმძიმეს დღეებში მეგობრისთვის. თავად კი ამ სიტყვების ერთგული დარჩა, ბოლომდე არ მიატოვა განწირული სოხუმის განწირული მოსახლეობა და გმირულად დაიღუპა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.

ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი

საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას 75 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, 7 მარტს ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს მემორიალთან „ერთიანი საქართველოსათვის“.

პანაშვიდი თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ბიძინა გუნიამ ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინამძღვარ მამა დავით კონჯარიასთან ერთად გადაიხადა.

პანაშვიდს ესწრებოდნენ საბურთალოს წმ. ნინოს, წმ. ვასილისკოს, წმ. გრიგოლ ხანძთელის, მირქმის სახელობის ტაძრების წინამძღვრები და მრევლი, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგნლები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.