აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობაში ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტ ბარბარა ტომფსონ ვიუსთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტი ბარბარა ტომფსონ ვიუ ეწვია. საპატიო სტუმართან შეხვედრა გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ნიკოლოზ პატარქალიშვილი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია.

შეხვედრაზე სტუმარს გააცნეს ქართული კულტურის თავისებურებანი და  მისი მნიშვნელობა, როგორც მსოფლიოს კულტურის ნაწილისა. ითქვა, რომ კარგი იქნებოდა მისი პოპულარიზაცია ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამ ჭრილში ილაპარაკეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ შემოქმედებაზე, თანამშრომლობის პერსპექტივაზე და   შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ შესაძლო ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ტრენინგის სერთიფიკატები გადასცა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მოადგილეებთან ბესიკ ოდიშარიასა და ჯაბა ჯაიანთან ერთად სამინისტროს თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა. მილოცვას კიდევ უფრო მეტი საზეიმო ელფერი შესძინა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი ტრენინგების დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალმა, რომელშიც მონაწილეობდა ასევე ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერი გიორგი გობეჩია.


საჯარო დაწესებულების საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თანამშრომლების კვალიფიკაციაზე. ამ რეალობის გათვალისწინებით წლეულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თანამშრომელთა პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ქვეპროგრამა „...თანამშრომელთა პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარების ტრენინგები“ განახორციელა.


სამინისტროს თანამშრომლებმა ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, თავიანთი მიმართულებებისა და პოზიციების მიხედვით გაიარეს გადამზადების შესაბამისი კურსები (ტრეინინგები). ტრენინგებს წარმართავდნენ ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერები, რომელთა მიერ წარმოდგენილი პროგრამა პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების სრულყოფა/განახლებას ითვალისწინებდა.

საახალწლო ზეიმი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ორი დღე გაგრძელდა

27-28 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მოეწყო ტრადიციული საახალწლო ზეიმი, რომელზეც წლულს  გლდანის ბავშვთა სახლის 49 აღსაზრდელიც იყო მოწვეული. აფხაზეთის ა/რ განათლებისა დკულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დევნილ ბავშვებს ტკბილეული, ხოლო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ტკბილეულთან ერთად თბილი ტანსაცმელი, სათამაშოები, სახატავი ქაღალდები და საღებავები დაურიგა.

საახალწლო ზეიმს ესწრებოდა ასეულობით დევნილი ბავშვი, რომელთაც  სამინისტროს განახლებულ დარბაზში სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა“ კარლო კოლოდის ზღაპარი „პინოქიო“ წარუდგინა. ზეიმზე განსაკუთრებულ წინასაახალწლო განწყობას ქმნიდა თოვლის ბაბუა, რომელთან და ნაძვის ხესთან ბავშვები ფოტოსესიას აწყობდნენ.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია და ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია. მან დაწესებულების მსჯავრდებულებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები, მათ შორის წიგნები, გადასცა.

 
N16 პენიტენციურ დაწესებულებას მანანა ქვაჩახიასთან ერთად სტუმრობდა სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ (ანსამბლის ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია ), რომელმაც მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გამართა.


შეხვედრა და კონცერტი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლობით შედგა.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სარეპეტიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა

გუშინ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. ლენტი გაჭრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ. 


ზვიად ბოლქვაძემ მადლობა გადაიხადა დარბაზის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობისათვის და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კაპელას მომავალი წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გამორჩეულობას ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, იმ სიხარულისა და სიამაყის განცდას, რასაც მათი შემოქმედება იწვევს და კვლავაც თანადგომა აღუთქვეს. გულისტკივილით გაიხსენეს ამქვეყნიდან ნაადრევად გასული ადამიანები: აფხაზეთის საგუნდო კაპელის შემქნელი, გამორჩეული მუსიკოსი გურამ ყურაშვილი და კაპელის დიდი გულშემატკივარი და ამ დარბაზის გარემონტების ინიციატორი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი.


ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებული დარბაზი დიმიტრი ჯაიანის ინიციატივით გარემონტდა და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა. ვინაიდან დარბაზი მუსიკალური კოლექტივისთვის სარეპეტიციოდ მორგებული სივრცე არ იყო, წლეულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დარბაზის სრული რეაბილიტაცია მოხდა.


კერძოდ, დარბაზში ხმის რევერბერაციის დროის გაზომვის შემდეგ გადაწყდა, რომ დარბაზის აკუსტიკის კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად დარბაზის ჭერი დაფარულიყო Sonaspray K-13 აკუსტიკური მასალით. ამისთვის ჰოლანდიიდან ჩამოყვანილ იქნა სპეციალისტი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით საქართველოში პირველად მოაწყო დარბაზის აკუსტიკა. აფხაზეთის სარეპეტიციო სივრცეში ასევე დამონტაჟდა გამათბობელ-გამაგრილებელი სისტემა და მოეწყო შემოქმედებითი საქმიანობისათვის საჭირო ოთახები.
დასასრულ აფხაზეთის საგუნდო კაპელამ მომღერალ ნუკრი კაპანაძესთან ერთად მოწვეული სტუმრებისათვის კონცერტი გამართა.

საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველ წელს, ტრადიციულად, მართავს საახალწლო ზეიმს 4-14 წლამდე ასაკის დევნილი ბავშვებისათვის, რათა მათ  შეექმნათ საახალწლო განწყობა და მხიარულად შეეგებონ ახალ წელს.

წლეულს, 27-28 დეკემბერს, 14:00 და 16:00 საათზე, საახალწლო ზეიმი  გაიმართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეაბილიტირებულ საკონცერტო დარბაზში (დ. უზნაძის 68), სადაც სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“ წარმოადგენს კარლო კოლოდის ზღაპარს „პინოქიო“. სპექტაკლის დასასრულს თოვლის ბაბუა  ბავშვებს გადასცემს  სასაჩუქრე პაკეტებს.

 

 მის:  ქ.თბილისი.  უზნაძის 68.

 

სტამბოლის კულტურის ცენტრში წიგნი ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" წარადგინეს

სტამბოლში, ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრი.


პრეზენტაციაზე სიტყვებით გამოვიდნენ და წიგნისა და სტამბოლში მისი წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფეჰმი უზალმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.


საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ქართული დიასპორის წარმომადგენლები თურქეთში, გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზ დიდგვაროვანთა შთამომავლები.


,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" დოკუმენტური ხასიათის წიგნია. ის 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქვეყნიდან ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ადამიანებისა, რომლებიც ქართველ ემიგრანტებთან ერთად ცდილობდნენ საქართველო ბოლშევიკური ოკუპაციისგან დაეხსნათ. წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა ეკა ირემაძე-მელაშვილმა (ჰაჯერ ოზკან).


დარბაზში გამოფენილი იყო აფხაზი არისტოკრატებისა და მათი ოჯახის წევრების ფოტოები. აქვე უჩვენეს აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმი. 


პრეზენტაციის ბოლოს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „იბერიამ“ კონცერტი გამართა. დასასრულ წიგნის ავტორმა ნატო მარშანიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრს საინტერესო საღამოს მოწყობისათვის, დამსწრე საზოგადოებას კი მობრძანებისათვის

საქართველოს სახალხო არტისტის, დიმიტრი (დიმა) ჯაიანის, გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, ათეულობით წლების განმავლობაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის, 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. დიმიტრი ჯაინის ოჯახის, ახლობელ-მეგობრების, თანამშრომლებისა და კოლეგებისთვის მის გარეშე ჩავლილი ტკივილიანი ერთი წელი გავიდა.


დიმიტრი ჯაიანი იყო პიროვნული ხიბლით გამორჩეული, ქარიზმატული, უდიდესი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, რომელიც თავის სათქმელს როგორც როლებით, ისე საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამოხატავდა. მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრება სოხუმის თეატრს უკავშირდებოდა და ძალიან ეამაყებოდა, რომ ამ თეატრის გარდა, სხვაგან არსად უმუშავნია. სოხუმის თეატრის დევნილობაში ფეხზე დაყენებისა და მისი წინამძღვრობის მისიაც განგებამ ხომ იმ უმძიმეს პერიოდში მასვე დააკისრა.


ცალკე აღინიშვნის ღირსია დიმიტრი ჯაიანის, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის როლი. მან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე... 


დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალების დღეს მის უახლოეს ადამიანებს, კოლეგებსა და მეგობრებს, თანამშრომლებს ისევ განუახლდათ ტკივილი, ამ წუთისოფლიდან მისი ნაადრევად გასვლის გამო.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ფოტოკონკურსში - ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ამ დღეებში ქვეპროგრამის - ფოტოკონკურსი: ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ შედეგები შეჯამდა და გამარჯვებულები გამოვლინდა. ქვეპროგრამა განახორციელა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურმა და გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, ფირზე მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღბეჭდვას.

კონკურსში მონაწილეობდნენ ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მცხოვრები და საკითხით დაინტერესებული პირები. მათ თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფოტოებზე აღბეჭდეს. ფოტოკონკურსის ფარგლებში შემოვიდა: ანაკოფიის ციხის; ახალი ათონის, ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის, ფიჩორის, სოფელ წარჩეს ეკლესიების; სათანჯოს ჯიხას; ალოიზის სასახლის და სხვა არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტო-მასალა. ფოტოკონკურსში გამარჯვებული პირების მიერ გამოგზავნილი ფოტოები მათ ამჟამინდელ მდგომარეობას ზუსტად აღწერს და გადმოსცემს. საგულისხმოა, რომ ანალოგიური ფოტომასალა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არქივში არ მოიპოვებოდა. ფოტოკონკურსის ფარგლებში, სამინისტროში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები (3 გამარჯვებული კონკურსში) და ისინი მობილური ტელეფონით დააჯილდოვა.

პროექტის შედეგად განახლდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობებისათვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი.

სახელობო სწავლების წახალისების მიზნით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის - „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“ - ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ქვეპროგრამის მიზანია დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს (საბაზო და საშუალო საფეხური) მომავალი პროფესიული საქმიანობის გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში, ასევე ხელი შეუწყოს სკოლებში არსებული სახელობო პროგრამების განხორციელება-განვითარებას, სასკოლო ინიციატივების წახასალისებას, მოსწავლეთათვის მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პრინციპების გაცნობას.

სახელობო სწავლება ხორციელდება აფხაზეთის №1, 2, 3, 5 ,6 ,7 ,10, 11, 12, საჯარო სკოლებში. მოსწავლეები ქვეპროგრამის ფარგლებში ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას, კერძოდ, ჭრა-კერვას, ქარგვას, მინაზე ვიტრაჟულ ხატვას, თიხაზე მუშაობას. გამოფენაზე წარმოდგენილი საუკეთესო ნამუშევრებისა და პროექტში მონაწილეობისათვის სკოლებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სამეცნიერო კონფერენციაზე კონფლიქტურ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებზე იმსჯელეს

„კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“, - ასე ერქვა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.


კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების დაცვა კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე რეგიონალურ კონფლიქტებს ამ მიმართულებით აუნაზღაურებელი ზიანი მოაქვს. კონფლიქტურ ტერიტორიებზე, ბუნებრივია, შეფერხებულია კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად საერთაშორისო მექანიზმების მოქმედება და მათი დაცვა-გადარჩენა განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა. ეს პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს წინაშეც მწვავედ დგას, რაც ამ საკითხებზე ფართო მსჯელობის აუცილებლობის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და გამოსავლის ძიების გადაუდებელ საჭიროებას ქმნის.


ამდენად, კონფერენციის მიზანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლების შესახებ უახლესი კვლევების წარმოჩენა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, მათ დასაცავად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მსჯელობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.


კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი მარიამ დვალიშვილი და სხვ.


კონფერენციაზე გამომსვლეთა შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, ა. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ლურჯი ფარის საქართველოს კომიტეტის წარმომადგენლები.

სოხუმის თეატრის მსახიობის კახაბერ შარაბიძის საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის კახაბერ შარაბიძის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო მოაწყო.


სოხუმის თეატრის მსახიობსა და ამავდროულად დირექტორს კახაბერ შარაბიძეს 2018 წელს დაბადებიდან 55, ხოლო თეატრში მოღვაწეობიდან 35 წელი უსრულდება. იგი 1983 წლიდან დღემდე ერთგულად ემსახურება სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, რომლის სცენაზეც არაერთი საინტერესო როლი და დასამახსოვრებელი სახე შექმნა სპექტაკლებში: „ერთი ცის ქვეშ,“ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მუნჯის ენა.“ ამჟამად კი იგი სპექტაკლში „იესოს საქმე“ მთავარ როლს ასრულებს.


საიუბილეო საღამოს ფონად გასდევდა კახაბერ შარაბიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალისგან მომზადებული ვიდეო-კოლაჟი. საღამოს უძღვებოდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე. ხელოვანის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა გაიხსენეს და წარმოაჩინეს: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა, კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ, სოხუმის თეატრის მსახიობებმა - მერაბ ყოლბაიამ, ნუგზარ წერედიანმა, ჯულიეტა პაკელიანმა და სხვ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს კახაბერ შარაბიძეს, აფხაზეთის ა/რ მადლობის სიგელი გადასცა. ასევე, აფხაზეთის ა/ რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ კულტურის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისა და საზოგადოებრივი აქტიურობისათვის კახაბერ შარაბიძეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.

კახაბერ შარაბიძის შემოქმედებითი საღამო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადეს აფხაზეთის საგუნდო კაპელის დუეტმა, მუსიკოსებმა ვაჟა ჩუბინიძემ და ანრი მერაბოვმა.


საღამოს მსახიობის ახლობლები, მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ რაგბის ფესტივალი ჩაატარა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და  აფხაზეთის რაგბის ფედერაციისა და გალის რესურსცენტრის  მხარდაჭერით (ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, „ხვამლი-არენაზე“)  რაგბის ფესტივალი ჩაატარა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მორაგბეთა შემდეგი გუნდები:  აფხაზეთი, ზუგდიდი, ხვამლი, ხვამლი 2, წიქარა - თბილისი, ავჭალა (თბილისი), თბილისის აკადემია - 1, თბილისის აკადემია - 2, ჩოხოსნები (თბილისი), რაგბის კლუბი „არმია“, სულ  200-ზე  მეტი მოზარდი.

ფესტივალს ესწრებოდა საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი შალვა სოფიაშვილი, აფხაზეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი სანდრო ესაკია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურის  უფროსი ვიტალი ბენდელიანი, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და სხვ.

ფესტივალის მიზანია რაგბის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში.

 

აფხაზეთის ა/რ ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის საჯარო და საშუალო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წარმატებული ახალგაზრდების (სტუდენტებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი გამართა.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს თავდადებული საქმიანობისთვის, ხოლო წარმატებულ ახალგაზრდებს ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობისათვის მადლობა გადაუხადეს, აღიარება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ.


აფხაზეთის ა/რ განათლების სისტემაში ხანგძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ: ციალა რუსია, სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის №1 საშუალო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი; ციური კბილაშვილი, ზემო აფხაზეთი, აჟარის საშუალო სკოლის მატემატიკის პედაგოგი; ჯულიეტა ჯიქია, ქ. გაგრის შოთა რუსთაველის სახელობის №1საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; . ნატრული ჩაგანავა-კვეშელავა, ქ. გალის №1 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი; ლოლა ხორგუანი, ქ. გალის №1 საშუალო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი; მედიკო კვარაცხელია, ქ. სოხუმის №16 საშუალო სკოლის დირექტორი; ლეილა ფარცვანია, ქ. სოხუმის №1 საშუალო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი; მანანა დოლიძე, ქ. სოხუმი, ამჟამად ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკითხვა-კონკურსის შედეგად, აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო პედაგოგის წოდება მიენიჭათ: აფხაზეთის ა/რ მე-11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს ირა გელანტიას, აფხაზეთის ა/რ მე-7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს ნინო ფარულავასს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგს თეა კუხიანიძეს.


გარდა ამისა, ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესებული ილია ვეკუასა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გადაეცათ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმატებულ სტუდენტებს. კერძოდ, ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს ნინო ყრუაშვილს; ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ სტუდენტს გიორგი დუნდუასა და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს დავით ესართიას.


დასასრულ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში აფხაზეთის საჯარო და საშუალო სკოლების 7-8-9 კლასების წარჩინებულ მოსწავლეებს ნოუთბუქები გადაეცათ.
ღვაწლმოსილი პადაგოგებისა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ სამინისტროს სტაჟიორს სერთიფიკატი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მორიგი ორთვიანი სტაჟირების შედეგი შეჯამდა. უკვე წლებია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია სამინისტრომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მასშტაბით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, მათი პროფესიული დონის ამაღლებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში. ამჟამად ორთვიანი სტაჟირება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში გაიარა თეონა გიგიბერიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის სტუდენტმა.


თეონა გიგიბერიას სტაჟირების სერთიფიკატი გადასცა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ. მინისტრმა სტაჟიორის საქმიანობა დადებითად შეაფასა, მადლობა გადაუხადა მას სამინისტროს საქმიანიობაში აქტიური მინაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა.