აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ფარიკაობაში აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით 2018 წლის 3-6 მაისს, ქ. თბილისში (სფფ -ის სპორტდარბაზში) აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში ჩატარდა. ტურნირი ფარიკაობაში პირადი პირველობის სახით ხმალში, დაშნასა და რაპირაში 2003-2005, 2006-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის გაიმართა.

ტურნირის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ფარიკაობის პოპულარიზაცია, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ა. შ.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის სპორტსმენები.
საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლებში სამდღიანი პაექრობის შედეგად აფხაზეთის სპორტსმენები შემდეგ საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ: ალექსანდრე თავართქილაძე, ხმალი - ბიჭები (2006-2008 წ.წ.) – I ადგილი;; ლუკა ლომინაძე, ხმალი - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) – II ადგილი; ლუკა კაჭარავა, დაშნა - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) – II ადგილი; ნატალია ხარაიშვილი, რაპირა - გოგონები (2003-2005 წ.წ.) – III ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირზე დაწესებული იყო წარსულში გამოჩენილი მოფარიკავეების როზა ჯოლოგუასა და თამაზ კაკულიას სახელობითი თასები. ტურნირის გამარჯვებულებს თამაზ კაკულიას მეუღლემ ოჯახის სახელით საჩუქრები გადასცა.

 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეტ გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო 
გამართა. გენო კალანდიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა და მის მოსაგონებლად აქ თავი მოიყარეს პოეტის ოჯახის წევრებმა, ახლობელ-მეგობრებმა და პოეზიის თაყვანისმცემლებმა. 


გენო კალანდიაზე როგორც ქართული პოეზიისა და სიტყვის ოსტატზე, გამორჩეული ხმის პოეტზე, მისი პოეზიის ხიბლზე და თვითმყოფადობაზე; მასზე როგორც საზოგადო მოღვაწეზე; სოხუმთან განუყოფლობისა და აფხაზეთიდან დევნილობასთან შეურიგებლობის მისეულ განცდაზე; იმაზე რომ პოეტს თან გაჰყვა მოურჩენელი ტკივილი აფხაზეთზე, ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, პროფესორმა არნოლდ გეგეჭკორმა, პოეტმა რეზო ამაშუკელმა, მწერალმა გურამ ოდიშარიამ, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ, კრიტიკოსმა ციალა მესხიამ, პოეტმა მანონ ბულისკერიამ.

ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ გენო კლანდიას შემოქმედების მწვერვალი იყო მისი საგალობლები, რომელთა გამოცემასაც პოეტი, საბედნიეროდ, მოესწრო, და ამ საგალობლებით თითქოს თავადვე გაიკვალა გზა მარადისობაში.


საღამოს მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც მსახიობების მიერ წაკითხული გენო კალანდიას ლექსებით და ანსაბლ „აფხაზეთის“ მიერ შესრულებული სიმღერებით შეიკრა.
ლიტერატურულ საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები, ლიტერატორები, ხელოვანები, პოეზიის თაყვანისმცემლები.

„სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2018“-ის აფხაზეთის რეგიონის ფინალური თამაშები წარმატებებით დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით „სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2018“-ის აფხაზეთის რეგიონის ფინალური თამაშები გამართა. აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლები ერთმანეთს რეგიონის პირველობისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. სულ ოლიმპიადაში 270-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის აფხაზეთის რეგიონის გამარჯვებული გუნდების ტიტული და ზონალურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს: მინი ფეხბურთში - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლამ; გეზრბენში (ვაჟები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლამ; გეზრბენში (გოგონები) - აფხაზეთის №11 საჯარო სკოლმ; ფრენბურთში (ვაჟები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლამ; ფრენბურთში (გოგონები) - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლამ; კალათბურთში (ვაჟები) - აფხაზეთის №15 საჯარო სკოლამ; კალათბურთში (გოგონები) - ოტობაიის საშუალო სკოლამ; მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები) - აფხაზეთის №12 საჯარო სკოლამ.


გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით ზონალურ თამაშებში მონაწილე გუნდებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფორმები გადაეცათ.


„სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2018“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. პროგრამის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აკადემიკოს ილია ვეკუას ხსოვნას პატივი მიაგო

23 აპრილს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსისა და მექანიკოსის, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 111 წელი შესრულდა. დიდი მეცნიერი 1907 წლის 23 აპრილს აფხაზეთში, სამურზაყანოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ შეშელეთში დაიბადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ თარიღს ყოველთვის საინტერესოდ ეხმიანება და ამ მხრივ არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. სამინისტროს მიზანია, რომ მის დაქვემდებარებაში არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს დიდი ქართველი მათემატიკოსის ღვაწლი გააცნოს, მისადმი პატივისცემა და მათემატიკისადმი სიყვარული ჩაუნერგოს. 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მთაწმინდის პანთეონში ილია ვეკუას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეცნიერის ხსოვნას.

ნიშანდობლივია, რომ შარშან ილია ვეკუას 110 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ მთავრობამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია დააწესა. 

გარდა ამისა, ამავე თარიღისთვის ზუგდიდში განთავსებულ აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას აკადემიკოს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა. წლეულს ხსენებულმა სკოლამ ილია ვეკუას დაბადების დღე განსაკუთრებულად, ილია ვეკუას კვირეულით აღნიშნა. კვირეულის ფარგლებში სკოლაში საგანგებო შეხვედრები, კონკურსები, ოლიმპიადა და ა.შ. გაიმართა.

 

აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელა „ივენთ ჰოლ ქარვასლაში“ საფესტივალო კონცერტის ფარგლებში გამოვიდა

„ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და ქართული ესტრადის ცნობილ მომღერლებთან ერთად“, ასე ერქვა კონცერტს, რომელიც „ივენთ ჰოლ ქარვასლაში“ „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა. კონცერტზე აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელასთან ერთად, კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელის ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ინტერპრეტაციებით, უკვდავი ქართული სიმღერები შეასრულეს ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა: ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნუკრი კაპანაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, ეკა მამალაძემ, ნეკა სებისკვერაძემ, ოთო ნემსაძემ და ნოდიკო ტატიშვილმა.


„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ უკვე მერვე წელია დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის, კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისათვის.

წლეულს ფესტივალი 28 პროფესიულ გუნდი მასპინძლობს. მათ შორისაა აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელა, რომელიც ფესტივალში მეექვსედ მონაწილეობს. თბილისის III საერთაშორისო ფესტივალი 2018 წლის 16 აპრილს დაიწყო და 12 მაისამდე გასტანს.

„ივენთ ჰოლ ქარვასლაში“ გამართულ საფესტივალო კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მუსიკოსები და მუსიკისმოყვარულები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, საქართველოში ახალგაზრდობის საქმეთა ხელშეწყობისა და განვითარების თვალსაზრისით.

თანამშრომლობის მიზანია კომპეტენციათა ფარგლებში ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო და სხა ღონისძიებების ორგანიზებისთვის პირობების შექმნა; ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საგანმანათლებლო, კულტურული და საქველმოქმედო პროგრამებისა და რესურსების განვითარება; ახალგაზრდობაში ცოდნის გავრცელება და მათი სიახლეებით ინფორმირება.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში მოეწერა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ.

თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ  თავიანთი კომპეტენციისა და ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, ერთობლივად  შეუწყონ ხელი სტუდენტების განათლების ხარისხისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, განათლების სფეროში თანამშრომლობისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და განვითარებას, რაც ახალგაზრდებს თვითრეალიზებაში დაეხმარება.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

14 აპრილი დედა ენის დღეა

საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წელს დაწესდა. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

1977 წელს შემუშავებული საქართველოს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით, 1936 წლის კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ქართული ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ართმევდნენ. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.

შესაბამისი ცვლილება, რომელიც საქართველოს სსრ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შედიოდა, საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შოთა რუსთაველის გამზირისაკენ დაიძრა დემონსტრანტთა მრავალათასიანი კოლონა, რომელშიც სტუდენტობა ჭარბობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად მოითხოვდნენ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად კვლავ ქართული ენა გამოცხადდა.


დედა ენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლებშიც აღინიშნა, მათ შორის სენაკში განთავსებულ აფხაზეთის N7საჯარო სკოლაშიც.

აფხაზეთის ღია პირველობაზე მძლეოსნობაში ბიჭებში ბირთვის კვრაში საქართველოს აბსოლუტური რეკორდი დამყარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ამ დღეებში დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში (პროგრამის სხვადასხვა სახეობაში) დიდებში, ბირთვის კვრაში კი 2001-2004 წ.წ. დაბადებულ ახალგაზრდებს შორის. ასპარეზობა მძლეოსნობის ყველა სახეობაში დაძაბულად წარიმართა. აფხაზეთის სპორტსმენებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს თანატოლებს და მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: 


ჭოკით ხტომა (გოგოები) - სალომე ინჯგია - I ადგილი, აფხაზეთი; ჭოკით ხტომა (ბიჭები) - საბა სოსელია - II ადგილი, აფხაზეთი; ბირთვის კვრა (გოგოები) - სალომე ინჯგია - II ადგილი, აფხაზეთი; ბირთვის კვრა (ბიჭები) - მიხეილ ცანავა - III ადგილი, აფხაზეთი; რბენა 100 მ. (გოგოები) - მედი შონია - I ადგილი, აფხაზეთი; რბენა 100 მ. (გოგოები) - სალომე ხაჟომია - II ადგილი, აფხაზეთი; სიგრძეზე ხტომა (გოგოები) - მედი შონია - I ადგილი, აფხაზეთი; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - საბა კურდღელია - I ადგილი, აფხაზეთი; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - ირაკლი გელანტია - II ადგილი, აფხაზეთი.


აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ღია პირველობაზე მძლეოსნობაში დაფიქსირდა საქართველოს აბსოლუტური რეკორდი ბიჭებში ბირთვის კვრაში. რეკორდსმენი გახდა საბა ქარქუსაშვილი შედეგით 4, 55 მ.


შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით. ასპარეზობაზე დაწესებული ბორის კიუტისა და თამაზ ჭედიას სახელობითი თასები გადაეცათ 800 მ. რბენა და ბირთვის კვრაში გამარჯვებულ სპორტსმენებს.

ზუგდიდის სააღდგომო ფესტივალში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ორგანიზებით მოეწყო. 


ფესტივალის ფარგლებში სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინა. ფესტივალს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და მათ ფესტივალის მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ვახტანგ ყოლბაიას ღვთისმშობლის კვართის ასლის ხატი გადასცა.


ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.

"აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მოსწავლე დაეუფლა

 

ქ. თბილისში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად „ეტალონის“' მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (სულ 52 მოსწავლე). ტიტულს - ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე დაეუფლა (მისი ვინაობის გაცხადებისგან კი გასაგები მიზეზების გამო თავს ვიკავებთ).


ინტელექტ-ჩემპიონატს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთის სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
„აფხაზეთის ა/რ ეტალონმა მოსწავლემ“ მადლობა გადაუხადა პროექტს დაუვიწყარი ემოციისთვის: „უბედნიერესი ვარ, ჩემთვის დიდი წარმატება და გამოცდილებაა ამ გრანდიოზულ პროექტში გამარჯვება. მადლობა „ეტალონს“, ჩემს ოჯახსა და მასწავლებლებს. მიყვარხარ და მეიმედები საქართველო“.

 

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა: „ეტალონი“ გრანდიოზული, ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენი ბავშვების ინტეგრაციას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განათლების წახალისებას ემსახურება. მნიშვნელოვანია „ეტალონში“ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობა და წარმატება. დასაფასებელია სკოლებისა და მასწავლებლების ეფექტური მუშაობა, მადლობა ამისთვის გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს.“


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ ასევე მადლობა გადაუხადა გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონს“ ეროვნული საქმის მსახურებისათვის და განაცხადა:
„ პროექტი რომ ეროვნული მნიშვნელობისაა, ეს მრავალმა წელმა გამოსცადა. ეს დღეც ოქროს ასოებით ჩაიწერება „ეტალონის“ ისტორიაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა ცხოვრობს, რომელთა იმედიც უნდა ჰქონდეს საქართველოს“. 


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, ბესო ოდიშარიას თქმით, „ეტალონი“ ჭეშმარიტად ეროვნული პროექტია. მან სრულიად საქართველო მოიცვა და ეროვნული თითშეგნებისა და ცოდნის ირგვლივ გააერთიანა. პროექტი მოსწავლეების ჭეშმარიტი ფასეულობებითა და სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება, ასეთი ახალგაზრდობა ძლიერი ქვეყნის მომავალია.“


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა ნინო ლობჟანიძემ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“ მეტ წინსვლასა და წარმატებასთან ერთად სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება უსურვა.


გალის რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ განსაკუთრებული სიხარული გამოხატა „ეტალონში“ გალის სკოლები აქტიურად და წარამტებით მონაწილეობის გამო. მისივე თქმით, „აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება სწორედ ოკუპირებული გალის სკოლის მოსწავლემ მოიპოვა, მისი წარმატება არა მხოლოდ თავისი ოჯახისა და სკოლის, არამედ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს გამარჯვებაა.“
„აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

აფხაზეთის ა/რ მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებენ განცხადებების მიღებას დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიანტების გამოსავლენად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები.


სტიპენდიის დაწესება ემსახურება აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯს.


სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.


დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 100 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. 


ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 150ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე:
595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული

 

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები

 

9 აპრილი საქართველოს ისტორიისთვის ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას აერთიანებს

9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.


9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ქართული სულის გამოღვიძების, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, მათ შორის აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და მინისტრის მოადგილეებმა როლანდ ნიჟარაძემ და ჯაბა ჯაიანმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.


29 წლის წინათ მთავრობის სასახლის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში ათიათასობით ადამიანი კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლების მოთხოვნით გამოდიოდა. მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა თანდათან უკიდურესად დაიძაბა.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა. მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი - ორსული, იყვნენ დაჭრილებიც, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლულებიც. 


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი სახე მიიღო. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ერთიანი საქართველოს მასშტაბით რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც ამომრჩევლის 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა ხმა.


1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო.

 
მოსწავლეებს შორის ჭადრაკში აფხაზეთის რეგიონალური შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ამ დღეებში ქ. ზუგდიდში მოსწავლეებს შორის ჩატარდა აფხაზეთის რეგიონალური შესარჩევი ტურნირი ჭადრაკში. ტურნირის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი.


ორი დღის ასპარეზობის შემდეგ პირად შეჯიბრებაში გაიმარჯვეს და საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს:
10 წლამდელთა შორის - ლიზი წიფურიამ და თომა კვარაცხელიამ; 12 წლამდელთა შორის - მეგი ცობეხიამ და აკაკი ოთხოზორიამ; 14 წლამდელთა შორის - ანა მალანიამ და ლადო კილასონიამ; 16 წლამდელთა შორის - მარიამ მალანიამ და გუბაზ ქუხილავამ.
გუნდური ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა :
I ადგილი - აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა; III ადგილი - აფხაზეთის N11 საჯარო სკოლა.
გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

31 მარტი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღეს ზუსტად 27 წლის წინათ ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.


რეფერენდუმი 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყეტილებით ჩატარდა. 31 მარტი ასევე ზვიად გამსახურდიას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, მეცნიერ-ფილოლოგის, მწერლისა და მთარგმნელის, პოლიტიკოსისა და დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის დაბადების დღეა. ასე დაუკავშირდა სამუდამოდ ეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი ერთმანეთს.