აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
მხატვარმა დავით ბაძაღუამ თავისი 45 წლის იუბილე პერსონალური გამოფენით აღნიშნა

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში თანამედროვე ქართველი მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენა დავით ბაძაღუას 45 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და სიმბოლურად მხატვრის 45 ნამუშევარს წარმოადგენდა. დავით ბაძაღუას, როგორც აფახაზეთის მკვიდრის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი თემაა აფხაზეთი. მის ნამუშევრებს იცნობენ საზღვარგარეთ, სადაც არაერთი გამოფენა ჰქონია. მისი ნამუშევრები დაცულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნების კერძო კოლექციებში. 


გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე დავით ბაძაღუას მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარე მანონ ბულისკერია. დავით ბაძაღუას შემოქმედების თავისებურებებზე, მის განსაკუთრებულ ხელწერასა და მუდმივი მაძიებლობის იშვიათ ნიჭზე ისაუბრეს ხელოვნებათმცოდნეებმა ქეთი ახობაძემ და დავით ანდრიაძემ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ. გამოფენის გახსნას უძღვებოდა მხატვარი ზურაბ ჭედია. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ხელოვნებისმოყვარულები.

დიმიტრი ჯაიანი „საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე“ 2017-ის დახურვის ცერემონიას დაესწრო

2017 წლის 30 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2017-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა 2007 წლიდან ტარდება. 2014 წლიდან კი მისი მხარდამჭერები გახდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.


ოლიმპიადა წლეულსაც ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მის დასკვნით ნაწილს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, სტუმრები უკრაინისა და რუსეთის უნივერსიტეტებიდან.


საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სტუდენტი და სკოლის მოსწავლე პროგრამისტები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან. ამასთან, ოლიმპიადა ამავე ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ოლიმპიადის დასკვნით ნაწილზე ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ასევე გამარჯვებულ გუნდებს, სერტიფიკატები და შესაბამისი პრიზები გადაეცათ. ოლიმპიადის ყველაზე წარმატებულ მონაწილეს კი საჩუქრად ილია ვეკუას თასი გადაეცა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიის ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს

წლეულს ოქტომბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტის ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განხორციელება დაიწყო. ლექციების ციკლი მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური პერიოდიდან დღემდე. პროექტი საპილოტეა და მისი მიზანია ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის 5 (ხუთი) საჯარო სკოლა შეარჩია №55, №147, №31, №112, №157).

პროექტის მხარდამჭერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურები.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში პროექტში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ახალგაზრდა. სალექციო კურსს ხელმძღვანელობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა და დამზირ ჯოჯუა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე. მათთან ერთად პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექციებს კითხულობენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირაკლი გელენავა და უფროსის მოადგილე ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური.

პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდება მცირე კვლევა, რომელიც ორგანიზატორებს შესაძლებლობას მისცემს განსაზღვრონ პროექტის განვითარების პერსპექტივები. პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში კი გაისად აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდება.

ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს და ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატს - გენო კალანდიას მიეძღვნა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს საღამო „მამული, ენა, სარწმუნოება“ მიუძღვნა. თავდაპირველად ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეულ ეპიზოდებზე ისაუბრა ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ. კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა კი რევაზ ლაღიძის სიმღერის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ თემაზე კომპოზიცია შეასრულა. 


შემდეგ საღამო ილია ჭაავჭავაძისა და „საგურამოს“, რუსთაველისა და სხვა არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატის პოეტ გენო კალანდიას ლექსთა კრებულის „საგალობლები უფლისთვის“ წარდგენით გაგრძელდა. ეს არის კრებული, რომლის გამოსვლას პოეტი საბედნიეროდ, მოესწრო, მკითხველისთვის მის წარდგენას კი ვერა. ამდენად, საღამოზე კრებულის გამოცემის სიხარულს მისი ავტორის არყოფნის სევდა გასდევდა. კრებულზე „საგალობლები უფლისთვის“ ღრმად და საინტერესოდ ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა ტურავამ, ხოლო საგალობლები წაიკითხა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. როგორც საგალობლებზე, ისე ზოგადად გენო კალანდიას პოეზიის განუმეორებელ ხიბლზე, მის გამორჩეულ პოეტურ კრებულებზე "რექვიემი" და "ფესვები" ისაუბრა მწერალმა და კრიტიკოსმა მაკა ჯოხაძემ. მათ არაჩვეულებრივად თქვეს იმაზე, რომ „საგალობლები უფლისთვის“ გენო კალანდიასთვის თითქოს იმქვეყნად გადასვლის ერთგვარი შემზადება აღმოჩნდა, რაც პოეტმა არაერთი წინასწარმეტყველური შესანიშნავი სტრიქონით გამოხატა, მათ შორის ამითაც: „ვემშვიდობები უფალო ლოცვით მიწას, რომელმაც მაქცია კაცად“.


გენო კალანდია მოიგონეს ასევე არნოლდ გეგეჭკორმა, თემურ შაშიაშვილმა და სხვ. საღამოს უძღვებოდა მამა ადამი (ახალაძე).საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, გენო კალანდიას ოჯახის წევრები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აქვე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა რევაზ თავაძემ წარადგინა პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გიორგი გიგაშვილი, რომელმაც ლისტის „სამგლოვიარო სვლა“ ციკლიდან „პოეტური და რელიგიური ჰარმონიები“ შეასრულა, რაც დამსწრეთა იმდღევანდელ განწყობასაც ეხმიანებოდა.

აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით  სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.

 ამ პროგრამის ამოქმედების მიზნით, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

 შეთანხმების თანახმად, მხარეები, ერთიანი ძალისხმევით იზრუნებენ აფხაზური ენის დაცვის, შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ხელს შეუწყობენ შესაბამის საკითხებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების თანამშრომლობასა და ორმხრივი ნდობის პროექტების განხორციელებას.

 მინისტრებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან აფხაზურ ენაზე ზრუნვის კონსტიტუციურ ვალდებულებასა და პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.

 პროექტის ფარგლებში, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, მკვლევარებს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ აფხაზური ენის შესწავლას, დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები.

 მემორანდუმის ხელმოწერა განათლების და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და მას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.

აფხაზური ენის კვირეული დასრულდა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. აქ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების აუცილებლობაზე.

 
აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიმიტრი გულიას ძეგლთან აფხაზურ ენაზე ლექსები წაიკითხეს. შემდეგ კი ყველამ ერთად გადაინაცვლა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, ვალერი არქანიას არტ გალერეაში, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლებში გამართული აფხაზური ენის ტრადიციული კვირეულის დასკვნითი საღამო გაიმართა. საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია. აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.

 

დარბაზში კი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში დაცული აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნების საინტერესო კოლექცია იყო გამოფენილი.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის კვირეული მიმდინარეობს

აფხაზური ენის დღე 2007 წლიდან 27 ოქტომბერს აღინიშნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად ამ დღეს წლეულსაც ტრადიციულად კვირეულის სახით ეხმაურება. აფხაზური ენისადმი მიძღვნილი კვირეული 2017 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება - კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსები, გამოფენები და ა. შ. იმართება.

 აფხაზეთის  № 2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული საინტერესოდ და მრავალფეროვნად ტარდება.  თავდაპირველად ქართული ენისა (ლელა თოდუა) და აფხაზური ენის (დარეჯან თაყაიშვილი) პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად გამართეს დისკუსია თემაზე „ქართული და აფხაზური ლიტერატურული ნაწარმოებების შედარებითი ანალიზი“.  ქართული ენის პედაგოგმა ლელა თოდუამ ისაუბრა ქართველ მწერლებზე, რომელთა ნაწარმოებებში აღწერილია ქართულ-აფხაზური ტრადიციები (აკ. წერეთლის „გამზრდელი“, ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, შ. ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“). ამავე დროს მოსწავლეებმა წაიკითხეს ვაჟა ფშაველას ლექსები აფხაზურ ენაზე. დისკუსიის დროს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად იმსჯელეს ქართულ-აფხაზურ ნაწარმოებებში სხვადასხვა თემის მსგავსება-განსხვავებაზე.

„საუბრები აფხაზურ ფოლკლორზე“ – (აფხაზური ხალხური სიმღერებისა და საკრავების მაგალითზე) - ამ თემით გაგრძელდა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული.  სკოლის მუსიკის პედაგოგმა ზურაბ კვერნაძემ ვრცლად ისაუბრა აფხაზური ფოლკლორის, აფხაზური ხალხური საკრავების მნიშვნელობაზე. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა აფხაზური ფოლკლორისა და აფხაზური ხალხური მუსიკალური საკრავების შექმნის ისტორიას. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პედაგოგმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა აფხაზური ხალხური სიმღერები შეასრულეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში აფხაზურ ენაზე შექმნეს საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები, რომელსაც 27 ოქტომბერს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში დასკვნით საღამოზე გამოფენენ.

 სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა. ეს სკოლა ერთ-ერთი იმათგანია, სადაც საშუალო საფეხურის მოსწავლეები აფხაზურ ენას ეუფლებიან. მათ კვირეულის ფარგლებში წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - „ერთად ჟღერდეს ჩონგური და აფხიარცა“. კომპოზიცია მოიცავდა ქართველი პოეტების აფხაზეთისადმი მიძღვნილ ლექსებსა და სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით შესრულებულ აფხაზურ და ქართულ ცეკვებს. მათ ასევე აფხაზურ ენაზე დადგეს აკაკი წერეთლის "გამზრდელი".

 აფხაზური ენის კვირეული 27 ოქტომბერს დასრულდება. მოსწავლეები დიმიტრი გულიას ძეგლთან წაიკითხავენ ლექსებს აფხაზურ ენაზე. იმავე დღეს, 14.00.სთ ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში (უზნაძის ქ. 68) გაიმართება აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი, ასევე აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნების გამოფენა, აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი წარმოადგენენ მუსიკალურ კომპოზიციას.

 

 

 

 

 

კულტურის ცენტრ „კონგრეს-ჰოლში“ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ბიზნეს ცენტრ „მოზაიკას“ კონგრეს-ჰოლში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

„ვეტერანების დღე“ 2014 წლის 17 ოქტომბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით დაწესდა.

საღამოში მონაწილეობდნენ აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობისსახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერან-ოფიცერთა კავშირის ანსამბლი „მშვიდობა", მომღერლები ირმა სოხაძე, ინგა ბერაძე, გიგი გეგელაშვილი და თაკო ოქროპირიძე.

ვეტერანებს ეს დღე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ქრისტინე ჩაჩუამ.

 საღამოს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ამავე სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით მოსწავლეთა შორის აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში გამართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.


ხუთტურიანი დაძაბული პაექრობის შემდეგ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონებს შორის - ტრადიციულად, უკვე მესამედ, აფხაზეთის ღია პირველობის პირველი და მეორე ადგილები დებმა შელიებმა გაიყვეს და ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - ანა შელია, II ადგილი - ელენე შელია, III ადგილი - ელენე თოლორაია.


ვაჟებს შორის - ასევე ტრადიციულად, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ილია კავკასიძე (მწვრთნელი დავით ზარქუა). ილია ორგზის აფხაზეთის ჩემპიონი, ორგზის ქ.თბილისის ჩემპიონი, თბილისის თასის მფლობელი და სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. საბოლოოდ ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - ილია კავკასიძე, II ადგილი - ალექსანდრე ბექაური, III ადგილი - ელგუჯა წიტაიშვილი.
ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობაზე საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის ყველა მონაწილეს ტურნირის მონაწილის სიგელი გადაეცა.

 
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების მიღება გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების მედალოსნების მიღება გამართა. მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია უძღვებოდა.


აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს - მერი გეგეჭკორს, ლენა კიტიას, ეთერი ხახუბიასა და გივი ჯომიდავას მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისთვის, ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრეს. შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს წარმატებები მიულოცეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.


დასასრულ გაიმართა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თემაზე: ,,2016-2017 სასწავლო წლის შედეგები და მომავლის გამოწვევები“.

აფხაზეთის ა/რ მთავრობა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას აწესებს

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წლის 12 სექტემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესების დადგენილება მიიღო. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭება სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ  მაგისტრატურის სტუდენტს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.

სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 150 ლარს, არაუმეტეს ერთი სტუდენტისა. სტიპენდიანტს სტიპენდია მიეცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის  მისანიჭებლად სტუდენტის  წარდგენის უფლება აქვს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება,1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების და სამეცნიე-რო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები და სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან საგანგებოდ შექმნილ კომისიას.

სოხუმის უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიანტობის კანდიდატების ზემოთ ხსენებულ კომისიასთან   წარდგენის ვადააა 6 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.  

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის   იხ. ბმული:

 

ილია ვეკუა სტიპენდია

 

ანსამბლი „აფხაზეთი“ მცხეთაში გამართულ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ფესტივალზე წარსდგა

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზატორობით, ქალაქ მცხეთაში 2017 წლის 28-30 სექტემბერს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold“ ჩატარდა. ფესტივალის მიზანი იყო ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა - პოპულარიზაცია; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნული უმცირესობის ჩართვა საერთო კულტურათაშორის დიალოგში და ეთნიკურ კულტურულ-ისტორიული კავშირის გაცნობა - პოპულარიზაცია ეთნოგრაფიული ნიმუშების წარმოდგენით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადგომით, 30 სექტემბერს, ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალის „მცხეთა - Art Gold“ ფარგლებში გამართულ გალა-კონცერტზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ ქართულ-აფხაზური ფოლკლორით წარსდგა.
გალა-კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისრი დიმიტრი ჯაიანი, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.

აფხაზეთის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემა 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაემთხვა. ამ დღეს აფხაზეთის მოსახლეობა გოლგოთის გზას - დიდი ტანჯვისა და განსაცდელის გზას შეუდგა იმ იმედით, რომ „გოლგოთა და ჯვარცმა სიკვდილით არ დამთავრებულა, არამედ მას აღდგომა და ამაღლება მოჰყვა“. სწორედ ამ იმედითა და რწმენით სრულდება აფხაზეთის წართმევიდან 24 წელიც.


ამ იმედითა და რწმენით მივიდნენ წლევანდელ 27 სექტემბერსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან, რომელიც ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთაც მაისურებზე სიმბოლურად აფხაზეთის ქალაქების სახელები ეწერათ, ასევე ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. 


შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავებს.

ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ქ. მოსკოვში გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა - ლირიკულ-დრამატული ტენორი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, შ. რუსთაველისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბოლონიის უძველესი სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრი. მომღერალს რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოასვენებენ.

ზურაბ სოტკილავა დაიბადა 1937 წელს ქ. სოხუმში.

მან 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით. ზურაბ სოტკილავა 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტია, 1966–1968 წლებში კი მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ ბელკანტოს საუკეთესო სპეციალისტებთან გადის სტაჟირებას.

წარმატებები და აღიარებები თავიდანვე დაებედა: მოსკოვში - პ. ჩაიკოვსკის, ესპანეთში - ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსების, ბულგარეთში - ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის „ოქროს ორფეოსის“ ლაურეატის წოდებებს მალევე მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტის ძნელად მოსაპოვებელი საპატიო სტატუსი მოჰყვა. შემდეგ იყო ევროპის, აზიისა და ამერიკის უამრავი სცენისა და საკონცერტო ესტრადის დაპყრობა.

„ხალასი ნიჭი, თანდაყოლილი საუცხოო ხმა, გულში ჩამწვდომი ლირიზმი, ქართული გენეტიკით ნასაზრდოები მგზნებარე ტემპერამენტი, ნაწარმოების არსში წვდომის დაუცხრომელი წადილი, ხმიერი აპარატის ჭეშმარიტი ღირსებები,“ - ასე ახასიათებენ ზურაბ სოტკილავას ვოკალურ-არტისტულ ბუნებას მუსიკისმცოდნეები.

ვრცელი და მრავალფეროვანი იყო ზურაბ სოტკილავას რეპერტუარი: იტალიური, რუსული, ავსტრიულ-გერმანული, ესპანური და სხვა საკომპოზიტორო სკოლების რჩეულ წარმომადგენელთა საოპერო თუ კამერული ნაწარმოებები, ფოლკლორული მუსიკის ნიმუშები და გამორჩეულად ქართული მუსიკა. იგი განსაკუთრებული ოსტატობით ქართულ ხალხურ (მეგრულ) სიმღერებს: „სისატურა“, „ასე ჩონგური“ და სხვა ასრულებდა. მის მიერ შესრულებული საოპერო პარტიებიდან აღსანიშნავია: აბესალომი - ზ. ფალიაშვილი, „აბესალომ და ეთერი“; არზაყანი - ო. თაქთაქიშვილი, „მთვარის მოტაცება“; მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი - ჯ. ვერდის ოპერებიდან: „ტრუბადური“, „ოტელო“, „ბალ–მასკარადი“, „აიდა“, „რიგოლეტო“; ხოზე - ჟ. ბიზე, „კარმენი“; კავარადოსი - ჯ. პუჩინი, „ტოსკა“ და სხვ.

ცალკე აღსანიშნავია ზურაბ სოტკილავას პედაგოგიური საქმიანობა. იგი 1987 წლიდან მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი იყო. მისი აღზრდილები მსოფლიოში წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე მღერიან.

ზურაბ სოტკილავა ბოლომდე აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართავდა გასტროლებს და პერიოდულად თბილისშიც ჩამოდიოდა. დარდად გაჰყვა სოხუმში, მშობლების საფლავთან ჩასვლის ოცნება.

დიდია ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება როგორც მუსიკალურ საზოგადოებაში ისე მომღერლის თაყვანისმცემლებს შორის.

 

ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა

 

ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. ამ დღეს ქ. თბილისში განთავსებულ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსის მოადგილე მედიკო კვარაცხელია.

 
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ და სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.