აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა - „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა

რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა - „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნიდერლანდების სამეფოს და რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში, გალერეა „ზონეში“ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 21-დან 80 წლამდე ასაკის 22 მხატვარი მონაწილეობს და წარმოდგენილი ნამუშევრები მათ მიერ დანახულ სამყაროზე, ნოსტალგიაზე და მოლოდინზე მოგვითხრობს. გამოფენა 3 მაისამდე გასტანს და ის თავისი სათქმელით მსოფლიოს 65 მილიონი დევნილის საერთო ტკივილსა და საკუთარ სახლებში დაბრუნების ოცნებას ეხმიანება. 


გამოფენის ორგანიზატორია ჩვენი თანამემულე, ფონდ „არტექოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დალი უბილავა-დე გრააფი, რომელიც ამ გამოფენასთან დაკავშირებით ამბობს: „აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების შემოქმედებაში განსაკუთრებით ძლიერ, წამყვან შემოქმედებით ხაზს „მე“-ს გადარჩენის იმპულსი წარმოადგენს. სწორედ ამით ცდილობენ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები გასცდნენ კონფლიქტებით, ომებით, ტერორით თუ ბუნებრივი კატაკლიზმებით სავსე დროსა და სივრცეს, ხელოვნების ნიმუშები კი მრავალფეროვანი ემოციით, განწყობით და ფილოსოფიით შექმნან. ეს არის ის, რაც მათ ამ შემთხვევაში აერთიანებთ. თითოეული მხატვრის მიერ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის ერთ სივრცეში მოქცევა გამოფენას ორიგინალურ და უნიკალურ სახეს აძლევს. გამოფენის მონაწილე სხვადასხვა თაობის დევნილი ხელოვანები დამთვალიერებლის წინაშე არა თითქოსდა მოსალოდნელი მძიმე თემებით, არამედ კონტრასტულად სხვა სამყაროდან, სხვა ენით საკუთარ „მეს“ წარმოაჩენენ“.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ და სიტყვებით გამოვიდნენ: მონიკ ვან სანდიკ (ლეიდენის ვიცე-მერი), კოტე სურგულაძე (საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში), ჰანს ჰორბახი (ჰოლანდიის ელჩი საქართველოში), ფრიც დაიკს (ჰოლანდიის ამნესტი ინტერნაციონალის წარმომადგენელი). გამოფენას ასევე ესწრებოდნენ მაღალი რანგის საპატიო სტუმრები: ლოტე ჰაიემა (ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი), ჰეიდიმარია გურერი (ავსტრიის ელჩი ჰოლანდიაში), მუტი მურდი (ესტონეთის კონსული ჰოლანდიაში), თამარ ღვინაძე (საქართველოს კონსული ჰოლანდიაში), ისტიაქ აჰმედი (ჰოლანდიაში კუვეიტის ელჩის პირველი მოადგილე).

გამოფენის მნიშვნელობასა და მასშტაბებს ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მისი გახსნისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ სტუმრები ჰოლანდიის ქალაქებიდან: ამსტერდამიდან, ჰაარლემიდან, დელფტიდან, ჰააგიდან, მაასტრიხტიდან, ამერსფორტიდან, ენსხედედან, ესსენიდან, ზვოლედან.
გამოფენას აქტიურად გამოეხმაურა ქ. ლეიდენის მასმედიაც. დამთვალიერებლებმა რამდენიმე ნამუშევრის შეძენის სურვილი გამოთქვეს და გამოფენის დასრულების შემდეგ ის ნამუშევრები მათ კერძო კოლექციებს შეემატება.

გამოფენას აქტიურად გამოეხმაურა ჰოლანდიის მასმედიაც:

DE COUTUREKRANT, 12-05-2017
http://couturekrant.nl/…/4387-vluchtelingkunstenaars-expose…

UAF.NL , 26-05-2017
https://www.uaf.nl/…/tentoonstelling-wanneer-mijn-droom-mij…

LEIDSCH DAGBLAD, 31-05-2017
https://www.leidschdagblad.nl/…/expositie-met-kunst-van-vlu…

 

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ საღამოს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს  ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე აფხაზეთის დღედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს დაწესდა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, „ქართული ხმები. კვარტეტი“, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები - მარიკა გულორდავა და სალომე ჯიქია, კონცერტმაისტერი თემურ ელიავა, მომღერლები ირმა სოხაძე და მაია ჯაბუა, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი და მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე. 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური საჩუქარი გადასცა.


საღამოზე აფხაზეთიდან დევნილი, თავის პროფესიაში გამორჩეული და წარმატებული ადამიანები დააჯილდოვეს. წარმატებული ადამიანების გამოსავლენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოკითხვა სოციალურ ქსელის მეშვეობით ჩაატარა.  გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ:
შემოქმედების დარგში ყველაზე აღიარებული პიროვნება - გენო კალანდია. გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი.
საუკეთესო სპორტსმენი - ირმა ხეცურიანი. მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში,მსოფლიო თასის მფლობელი ფარიკაობაში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე.
წარმატებული ექიმი - რეზო სულუხია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საუკეთესო მასწავლებელი - აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ერთ-ერთი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
საუკეთესო ფერმერი - ედიშერ გულბანი.


თეატრის დარბაზში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაზეთი „ჩემი აფხაზეთი“ დარიგდა, ფოიეში კი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაწერების, აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის მიერ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების გამოფენა მოეწყო.

 

 

 

 

 

 

მეუფე დანიელმა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა

23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.


წმინდა მოციქული სვიმონ მოშურნე-კანანელი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. 
მან ქრისტეს მოძღვრება ანდრია პირველწოდებულთან ერთად დასავლეთ საქართველოშიც იქადაგა, რის შემდეგაც წარმართთა მოსაქცევად აფხაზეთში დარჩა. წმინდა სვიმონი წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს.  შემდგომში ახალი ათონის მთაზე, მის საფლავზე, მონასტერი აშენდა. 


პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მრევლი დაესწრო.

 

„ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგის“ პრეზენტაცია გაიმართება

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2017 წლის 22 მაისს, 16 საათზე მართავს „ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგის“ პრეზენტაციას სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში (მის: ქ. თბილისი, ფურცელაძის ქუჩა, 3). ნიშანდობლივია, რომ კატალოგის პრეზენტაცია ემთხვევა ალექსანდრე შერვაშიძის საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 150 წლისთავს.

„ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ქვეპროგრამის „ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის გამოცემა“ ფარგლებში გამოსცა. კატალოგში აფხაზი მოდერნისტი მხატვრის, სცენოგრაფისა და წიგნების ილუსტრატორის ალექსანდრე შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარია შესული გრაფიკის, პორტრეტების, დეკორაციებისა და ესკიზების სახით. ეს ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებშია დაცული და მათი თავმოყრა სწორედ ამ მუზეუმთან თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა.


კატალოგი ფართო საზოგადოებას უკეთ გააცნობს აფხაზი, მრავალმხრივი ხელოვანის ალექსანდრე შერვაშიძის შემოქმედებასა და მოღვაწეობას.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან - სამთავრობო და არასამთავრობო წრეები, ხელოვნების თემატიკაზე მომუშავე მკვლევარები, რომელთაც პრეზენტაციის ფარგლებში გადაეცემათ ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგი.

სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის რეგიონალური თამაშები დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა „სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის აფხაზეთის რეგიონალური ფინალური თამაშები. რეგიონის პირველობისთვის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. ოლიმპიადის ბოლოს გამოვლინდნენ აფხაზეთის რეგიონის გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 2017 წლის მაისის თვეში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის ზონალურ თამაშებში იასპარეზებენ.


აფხაზეთის ჩემპიონები გახდნენ: მინი ფეხბურთი - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა; გეზრბენი (ვაჟები) - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა; გეზრბენი (გოგონები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა; ფრენბურთი (ვაჟები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა; კალათბურთი (ვაჟები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა; კალათბურთი გოგონები - აფხაზეთის №15 საჯარო სკოლა.


გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით ზონალურ თამაშებში მონაწილე გუნდებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფორმები გადაეცათ.


„სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. პროგრამის მხარდამჭერი არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში გამართა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, 2017 წლის 4-7 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2003-2005, 2006-2007 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები.

აფხაზეთის სპორტსმენები შემდეგი საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:

რაპირა - ბიჭები 2003-2005 წ.წ. ნოდარ ბოკერია - მესამე ადგილი; რაპირა - გოგონები, 2003-2005 წ.წ. ნატალია ხარაიშვილი - პირველი ადგილი.

ხმალი - ბიჭები 2006-2008 წ.წ. ალექსანდრე თავართქილაძე - პირველი ადგილი; ხმალი - გოგონები 2006-2008 წ.წ. თეკლა ბიწაძე - მესამე ადგილი.

ხმალი - ბიჭები 2003-2005 წ.წ. ლუკა ლომინაძე - პირველი ადგილი; ხმალი - გოგონები 2003-2005 წ.წ. ლიზი ბაციაშვილი - მესამე ადგილი.

დაშნა - ბიჭები 2005-2007 წ.წ. ლუკა კაჭარავა - მეორე ადგილი;

აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები შესაბამისი თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

თამაზ კაკულიას სახელობის პრიზი გადაეცა შეჯიბრების ყველაზე პატარა მონაწილეს კონსტანტინო ძუფას, როზა ჯოლოგუას სახელობის პრიზი კი ტურნირის პერსპექტიულ სპორტსმენს ნიკოლოზ ჭავჭანიძეს.

სპორტსმენებს ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა შერმადინ შარიამ, საქართველოსა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა. შეჯიბრებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი როსტომ აბაშიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას და აფხაზეთიდან დევნილებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.

ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრები იმყოფებოდნენ.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს შემოწირულობის სახით ეკლესიის მშნებლობისთვის გაიღოს მისთვის სასურველი რაოდენობის თანხა და თავისი წვლილი შეიტანოს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშნებლობის პროცესში. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციასა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, 2017 წლის 27, 28, 29 აპრილს ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი 2004-2006 წწ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის. ტურნირი გაიმართა ქ. თბილისში, საჭიდაო კომპლექსში.


ტურნირში ორასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. აფხაზეთიდან წარმოდგენილი იყო ზემო აფხაზეთისა და დაბა წყნეთის საჭიდაო ბაზის გუნდები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ გუნდებს შორის იყვნენ ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები.

 

შეჯიბრება ჩატარდა 12 წონით კატეგორიაში: 23კგ., 26კგ., 29კგ., 32კგ., 35კგ., 38., 42კგ., 47კგ. 53,. 59., 66., +66., დაშვებული იყო +1კგ.

ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთაგან შვიდმა სხვადასხვა საპრიზო ადგილი დაიკავა: ალექსი მაისურაძე - მე-2 ადგილი, 66 წონით კატეგორიაში; საბა ზაქრაძე - მე-3 ადგილი, 66 წონით კატეგორიაში; ალექსი არაბული - მე-3 ადგილი, 59 წონით კატეგორიაში; გიგა წიკლაური - პირველი ადგილი, 53 წონით კატეგორიაში; ალექსი თოდუა - მე-2 ადგილი, 53 წონით კატეგორიაში; ორუჯი მუსაევი - პირველი ადგილი, 47 წონით კატეგორიაში; ილო ზუბიაშვილი - მე-3 ადგილი, 35 წონით კატეგორიაში.

საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით. აგრეთვე, ორი სახელობითი თასი (თ. ბენდელიანისა და ი. ომონაძის სახელობითი თასი) გადაეცათ საუკეთესო სპორტსმენებს. იური ომანაძის სახელობის თასი გადაეცა 47 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს, თენგო ბენდელიანის სახელობის სპეციალური თასი კი 23 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულს. სპორტსმენები ორი სახელობითი თასითა და 12 წონით კატეგორიაში შესაბამისი მედლებითა და თასებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დააჯილდოვა, დამატებით 4 სახელობითი თასით კი აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციამ.

ტურნირის მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი რუსლან დარჯანია, მდივნის ფუნქციას ასრულებდა გ. გრძელიძე.

გამარჯვებულებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა და მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა: ვიტალი ბენდელიანმა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა; ზურაბ სამუშიამ, აფხაზეთის მეომართა კვშირის წარმომადგენელმა; ზურაბ ქალდანმა, აფხაზეთის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრები გუნდის მწვრთნელმა; გიორგი ყურაშვილმა, აფხაზეთის ა/რ ჭიდაობის პრეზიდენტმა, ასევე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა და ამირან მაისურაძის ოჯახის წევრებმა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საზოგადოებას 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თავისავე სააქტო დარბაზში 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.


ანგარიშის წარდგენას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე - განათლება, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სპორტი და ა. შ. - განხორციელებულ პროექტებსა თუ პროგრამებზე დამსწრეთა წინაშე ანგარიშით წარსდგა მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობასა და მათ საერთაშორისო აღიარებებზე ისაუბრა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ. მანვე წარადგინა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა (დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე), რომელთა მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა დარბაზის მქუხარე ოვაციები გამოიწვია. გარდა ამისა, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ ნაწყვეტი სპექტაკლიდან „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“ და აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურენოვანი სპექტაკლი წარმოადგინეს.

აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმის პრეზენტაცია შედგა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმის“ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ-მუზეუმი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით შექმნა.


აფხაზეთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, ონლაინ მუზეუმების შექმნის საერთაშორისო პრაქტიკა გამოეყენებინა. შესაბამისად, ონლაინ-მუზეუმში თავი მოუყარა აფხაზეთის არქიტექტურის, ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, არქეოლოგიისა და ხელნაწერების საგამოფენო დარბაზებს. ამ დარბაზებში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები. ონლაინ-მუზეუმი დამსწრეთ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ წარუდგინა.


ონლაინ-მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და სხვ. 
ასევე ითქვა, რომ პროგრამა განკუთვნილია სპეციალისტებისა და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეებისათვის. მისი გამოყენება, როგორც თვალსაჩინოებისა, შესაძლებელია საგანმანათლებლო სივრცის ნებისმიერ საფეხურზე, რადგან იგი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ვიზუალური სახისა და ისტორიის უკეთ აღქმასა და გააზრებას.


პრეზენტაციას აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო წრეების წარმომადგენლები, ამ თემატიკაზე მომუშავე მკვლევარები და სხვ ესწრებოდნენ.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ქ. თბილისში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში „ეტალონის“' მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. ინტელექტ-ჩემპიონატზე გამოვლინდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“, რომელიც გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (სულ 43 მოსწავლე).


აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის ტიტულს აფხაზეთის მე-11 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ცოტნე ქვარაია დაეუფლა (75 ქულა). 
მე-2 ადგილზე გავიდა აფხაზეთის მე-10 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი გახარია (72 ქულა), მე-3 ადგილზე კი საბერიოს მე-2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე გვაგვალია (64 ქულა).


მომდევნო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-4 ადგილი - აფხაზეთის მე-7 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დავით მორგოშია (62 ქულა); მე-5 ადგილი - აფხაზეთის მე-14 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მათე თოდუა (62 ქულა); მე-6 ადგილი - თაგილონის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მეგი ლემონჯავა (61 ქულა); მე-7 ადგილი - აფხაზეთის მე-3 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა შელია (59 ქულა); მე-8 ადგილი - აფხაზეთის მე-11 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა იოსავა (58 ქულა); მე-9 ადგილი - აფხაზეთის მე-14 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნანა ქირია (57 ქულა).


იტელექტ-ჩემპიონატს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, ამავე სამსახურის თანამშრომლები: მედიკო კვარაცხელია და ირმა გოგოლაძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.


პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

„არტ-ფესტივალი 2017“ ისევ თავშეყრის იმედით დასრულდა

 

დასრულდა „არტ-ფესტივალი 2017“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში პირველად გაიმართა. ფესტივალის მიზანი იყო სხვადასხვა თაობის და მიმდინარეობის მხატვრისთვის მოეყარა თავი ერთ საგამოფენო სივრცეში. გამოფენას დაეთმო როგორც დარბაზი, ასევე ღია სივრცე.


„არტ-ფესტივალზე“ 100-მდე მხატვრის ფერწერული, გრაფიკული, გამოყენებითი ხელოვნების და ქანდაკების ნიმუშები იყო ექსპონირებული. ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში ხელოვნების მოყვარულები გაეცნენ და გაესაუბრნენ ცნობილ, მათთვის საყვარელ მხატვრებს, რომელთაც გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და შესაძლებლობისამებრ შეიძინეს კიდეც მათი ნამუშევრები. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ: მხატვრების - ამირან კუპრავასა და დავით ბაძაღუას სახელოსნო „2 ART“ და აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი. ფესტივალზე შემოსული თანხის ნაწილი ვალერი არქანიას არტ-გალერეის განვითარებას მოხმარდება. დასასრულ მხატვრებმა და დამთვალიერებლებმა ამგვარი ფესტივალების ტრადიციად ქცევის სურვილი გამოთქვეს.


„არტ ფესტივალი“ სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მას უამრავი დამთვალიერებელი, გალერისტი, კრიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და მასმედიის წარმომადგენელი სტუმრობდა.


„არტ-ფესტივალით“ შექმნილი უჩვეულო დღესასწაული მხატვრებს და ხელოვნების მოყვარულებს მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ და სხვ.


„არტ-ფესტივალი 2017“ ისევ თავშეყრის დიდი სურვილითა და იმედით დასრულდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
აფხაზურენოვანი სპექტაკლი - აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში

აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილის შემდეგ, აფხაზურ ენაზე დადგმული მინი-სპექტაკლიც „ყელში მობჯენილი მონატრება“... წარმოადგინეს. სპექტაკლში აფხაზებისა და ქართველების მეგობრული და სიყვარულით სავსე თანაცხოვრება, აფხაზურ ტრადიციებსა და სტუმარმასპინძლობაზე აგებული ურთიერთობები და ყოველივე ამის მონატრება იყო გადმოცემული. სპექტაკლზე მოსწავლეებმა ქართულ-აფხაზური სიმღერები და აფხაზური ცეკვებიც შეასრულეს, რითაც აფხაზური ენისა და კულტურის ცოდნა და პატივისცემა გამოხატეს.


 სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ ჯაყელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ვიკიპედიაში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე სტატიები აიტვირთა

როგორც ჩვენი მკითხველებისთვის არის ცნობილი, ახლახან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თხოვნის საფუძველზე გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“.


ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ნორჩ-ისტორიკოსთა სკოლის 120-მდე მსმენელმა, რომელთა შორისაც იყვნენ პედაგოგები, ლექციის შედეგად მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ არქიტექტურის თავისებურებებზე. 


მიღებული ინფომაციის საფუძველზე მოსწავლე-ახალგაზრდების მონაწილეობითა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (ვიცე-პრეზიდენტი - მანანა შეყილაძე) ორგანიზებით 2017 წლის 13 მარტს აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა ქართულენოვანი ვიკიპედიის ერთობლივი, ერთდღიანი ვიკი-ბანაკი. კერძოდ, ასოციაციასთან არსებული „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ თორმეტმა მოსწავლემ ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიაში (გუგლის საძიებო სისტემა, სადაც თავმოყრილია ამა თუ იმ ქვეყნის ენციკლოპედიური მასალა, ვიკიპედია - მას შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიო ელექტრონული ენციკლოპედია) ატვირთა სტატიები აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლების შესახებ, რომლებიც მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ელექტრონულ ფორმატში მიაწოდა. სულ აიტვირთა 12 სტატია ქართულ ენაზე და 19 სტატია ინგლისურ ენაზე.
ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
1. https://ka.wikipedia.org/w/index.php…
2. https://en.wikipedia.org/w/index.php…

ეს არის ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელ იმ ძეგლებზე, რომლებიც აქამდე ამ საძიებო სისტემაში არ იძებნებოდა. დღეისათვის აღნიშნულ სისტემაში ინფორმაცია ქართულ ენაზე მოცემულია შემდეგ კულტურულ მემკვიდრეობაზე: 
1. ‎ბაგრატის ციხე 
2. ამბარას ეკლესია 
3. ‎ბედიის გულანი 
4. ‎ბზიფის ტაძარი 
5. ‎გაგრის ეკლესია 
6. ‎ლიხნის ტაძარი 
7. ‎კამანის ეკლესია 
8. ‎სოხუმის სტელა 
9. ‎წებელდის ციხე 
10. ‎წებელდის კანკელის ფრაგმენტები 
11. შერვაშიძეების სასახლე 
12. ‎წარჩეს ციხე 
ხოლო ინგლისურ ენაზე მოწოდებულია ინფორმაცია შემდეგ ძეგლებზე: 
1. ‎ Tsarche fortress 
2. ‎Bichvinta mosaic 
3. ‎Church of St. Simeon the Canaanite 
4. ‎Fortress of Bagrati 
5. Church of Bzyb 
6. ‎Church of Gagra 
7. ‎Bedia Chalice 
8. ‎Likhni Church 
9. Shervashidze’s Palace
10. ‎Bedia Gulani 
11. ‎Mokvi Gospels 
12. ‎New Athos Monastery 
13. ‎Tsebelda Chancel-barrier 
14. ‎Dolmens of Abkhazia
15. ‎Tsebelda fortress 
16. ‎Ambara church 
17. ‎Kamani Church 
18. ‎Sokhumi Stella 
19. ‎Bichvinta Gospels 
ყოველივე ამის შემდეგ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციამ კვლავ თხოვნით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურს, რომ ინფორმაცია მიაწოდონ აფხაზურ ენაზეც, ვინაიდან ეს მოგვცემს შესაძლებლობას აფხაზურ ენაზეც იყოს წარმოდგენილი სრულყოფილი, მართებული ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რაც ასევე მნიშნვნელოვნად გაზრდის შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას აფხაზურ ენაზე და ამ ენის ინტერნეტ სივრცეში პოპულარიზაციას.

პოეტ გენო კალანდიას ხსოვნას

 

გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი გენო კალანდია.

აფხაზეთში დამბრუნებელთა რიგს კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი გამოაკლდა, ქარიზმატული და განსაკუთრებული ხიბლის მქონე პიროვნება, რომელსაც ერთდროულად დაჰყვებოდა საქართველოს ორი ძირძველი კუთხის - აფხაზეთისა და სამეგრელოს სურნელი.

გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სწავლის პერიოდში მჭიდროდ იყო დაახლოებული სმოგის „რუსეთის ახალგაზრდა გენიოსები“ წევრებთან, რუსული პოეზიისა და მხატვრობის მეამბოხეებთან.

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები“ გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში, ხოლო მისი პიესები „მთვარის საათი" „ადგილის დედა" და „ძე შეცდომილი" დაიდგა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მისი პიესები ასევე იდგმებოდა საქართველოს სხვა თეატრებში. გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ერთტომეული", "ორტომეული", "საგალობლები უფლისათვის“. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა "საგალობლების" ორტომეული, რომელიც სრულიად ახალ მწვერვალს, "სიმაღლით წარმოჩენილ ახალ სიმაღლეს" წარმოადგენს პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. "საგალობლებით უფლისადმი" პოეტმა თითქოს უფალთან გარდასვლის მოახლოება იგრძნო და მთელი გულისყური მისკენ მიაპყრო, თითქმის ყიველდღე აღსარებას აბარებდა თვით უფალს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად შემზადებული გადავიდა ზეციურ საქართველოში.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში , სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა. ის თავის დროზე ასევე იყო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე.

თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!

 

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
 განათლებისა და კულტურის სამინისტრო