აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა

 

ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. ამ დღეს ქ. თბილისში განთავსებულ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსის მოადგილე მედიკო კვარაცხელია.

 
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ და სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

 

მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა

აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა. ბენეფისი დიმიტრი ჯაიანის მიერ შესრულებული მეფე გიორგის მონოლოგით დაიწყო. მსახიობმა აღნიშნა, რომ როგორც თავის დროზე და ისე ახლაც, ამ მონოლოგით თავისი სათქმელიც გახაზა: „მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის... მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია". 


საღამოს მოწყობის იდეის ავტორი და რეჟისორი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე.


დიმიტრი ჯაიანმა გაიხსენა თავისი პედაგოგები თუ კოლეგები, ქართული თეატრისთვის ძვირფასი სახელები. მან საკუთარ თავს ქუდბედიანი უწოდა, რადგან ბევრი მსახიობისთვის საოცნებო არაერთი როლის შესრულების პატივი და სიხარული არგუნა ბედმა.


ეკრანზე მსახიობის მიერ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე განსახიერებული საუკეთესო როლები გამოჩნდა სპექტაკლებიდან: „დიდოსტატის მარჯვენა“, „ბრძოლა ტახტისათვის“, „მარადისობის კანონი“, „ზღვა, რომელიც შორია“ და სხვ. 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მაღალი შეფასება მისცა დიმიტრი ჯაიანის სამსახიობო ხელოვნებას, ასევე ისე მისი როგორც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის წვლილს ამ სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე. ამ თვალსაზრისით ისაუბრა ასევე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ. სწორედ ანსამბლ „აფხაზეთის“ მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე წაიკითხა მსახიობმა დიდი ოსტატობითა და ემოციით ქართველი პოეტების - გალაკტიონის, შოთა ნიშნიანიძის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, რეზო ამაშუკელისა და სხვათა ლექსები.

დიმიტრი ჯაიანმა, როგორც ყოველთვის, ახლაც განსაკუთრებული ემოციით წაიკითხა შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა" და მაყურებელთა ჩვეული ოვაციებიც დაიმსახურა. დიმიტრი ჯაიანი, როგორც აფხაზეთის დიდი გულშემატკივარი ამ ლექსს ხშირად კითხულობს სხვადასხვა სცენაზე, რითაც საქვეყნო თუ პირად სათქმელს გამოხატავს: „ო, საქართველოვ, ბევრი კარგი შვილის გამზრდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი, უაფხაზეთოდ"... ამიტომაც იხარჯება ყოველთვის ბოლომდე. ახლაც ასე იყო.


ამ საღამოზე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა სიტყვა, სიმღერა, პოეზია, რითაც დიმიტრი ჯაიანმა თავის გულშემატკივრებს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საღამო მიუძღვნა..

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქ. ზუგდიდში აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ეს დღე მიულოცეს.

ახალი სასწავლო წელი აფხაზეთის საჯარო სკოლისთვის განსაკუთრებული მოვლენით გამოირჩა: სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარდგინებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.
გარდა ამისა, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველი კლასის მოსწავლეებს სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტებისა" და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოყვანილი ბზის 50 ნერგი გადაეცათ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების განცხადებების მიღება დაიწყო!

2017 წლის 11 აგვისტოს N395 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს N395 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ.ა.“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   სტუდენტებმა,  რომლებიც ბოლო ორი წლის განამვლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროში  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება;
  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

 

     განცხადების ბლანკი 

 

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის წლევანდელი სტიპენდიანტები გამოვლინდნენ

სტიპენდიები, აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციის მიზნით, 2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით დაწესდა. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან და აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობენ. მათ ასევე მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა. 


სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში 150 ლარს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში - 100/150 ლარს. სტიპენდიები მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. 


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ უკვე შეაჯამა ამ სტიპენდიების მისაღებად შემოსული წლევანდელი წარდგინებები და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიანიჭა სტუდენტებს: დავით დოლიძეს - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტს და თამარ ბარამიას - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტს; დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია კი მიანიჭა თამარ ჩითინაშვილს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტს და თეონა მჭედლიშვილს - კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლი საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს. 


საგულისხმოა, რომ სტუდენტებმა საინტერესო CV-ებთან ერთად აფხაზეთის პრობლემატიკაზე კვალიფიციურად შესრულებული ნაშრომები წარმოადგინეს, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო სტიპენდიების დაწესების მნიშვნელობა. 


ვახტანგ ყოლბაია დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის წლევანდელ სტიპენდიანტებს კონკურსში გამარჯვება ულოცავს და აღნიშნავს: „ქართველი ახალგაზრდები კარგად უნდა იცნობდნენ აფხაზეთის პრობლემატიკას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სატკივარს, რომელიც გლობალური პოლიტიკის ნაწილიცაა. მათ ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ აფხაზეთის ისტორიაზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, გარდა ამისა, საკუთარი ხედვა უნდა გააჩნდეთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე. არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი და ჟიული შარტავა - ის აფხაზი და ქართველი მამულიშვილები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ეპოქაში საქართველოს მთლიანობისთვის, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის იბრძოდნენ. ეს იგივე სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოხატულებაა, რაც ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ეხმიანება. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ამ სტიპენდიების მოპოვების მსურველთა შორის აფხაზი ახალგაზრდებიც ვიხილოთ“.

„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის მოზარდებისთვის

„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ქვეპროგრამაა. ის ყოველწლიურად ხორციელდება და მისი უმთავრესი მიზანია მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება. ბანაკში მათ წარდგენას სწორედ მოსწავლის აკადემიური და საზოგადოებრივი მიღწევები განსაზღვრავს.


პროექტში მონაწილე მოსწავლეები ჩვეულებისამებრ ისვენებენ საქართველოს ზღვისპირეთში, რათა გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა, გაკაჟდნენ და გაიარონ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. წლეულს „საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის საშუალო სკოლების 30 მოსწავლისათვის ქ. ქობულეთში მოეწყო. მოსწავლეები ჩაერთვნენ სამოქალაქო ცნობიერების, კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში.


გარემოსდაცვითი ცნობირების ამაღლების მიზნით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეეებს ჩაუტარეს ეკო-გაკვეთილები და ტრენინგები თემებზე: საქართველოს ტყეების რეკრეაციული პოტენციალი, ეკოტურიზმი, საქართველოს ბუნებრივი ღირშესანიშნაობები, ეკოტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე, ელექტრონულ რუკებზე მარშრუტის განთავსება, დაგეგმავა.

ასევე, მოეწყო საველე გასვლები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები ქ. ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, მაჭახელას ხეობაში. მოზარდებმა ბევრი ახალი რამ გაიგეს აქაურობაზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ზურაბ ხონელიძე აირჩიეს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს  - ზურაბ ხონელიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ამ დღეებში მას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა.  შეხვედრას დაესწრნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გენერალი გია გულუა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია, რომლებმაც მისასალმებელი სიტყვებიც წარმოთქვეს.

ყოფილ და ახალ რექტორთან შესახვედრად უნივერსიტეტის თანამშრომლები ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ. უნივერსიტეტს საგანგებოდ ეწვია გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა, რომელმაც უნივერსიტეტის ახალი რექტორი დალოცა, სიმხნევე და წარმატებები უსურვა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

რექტორის პირველი დღე სამსახურის უფროსებთან და ფაკულტეტების დეკანებთან შეხვედრით დაიწყო. მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ჯონი აფაქიძეს, აკადემიურ საბჭოს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და აღნიშნა, რომ ის ღირსეული უნივერსიტეტის ღირსეული რექტორი იქნება.

„მე მინდა ეს პერიოდი უნივერსიტეტისთვის ახალი ერის დასაწყისი იყოს. უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და ვიაროთ ევოლუციის გზით. ორიენტირი უნდა ავიღოთ ცოდნაზე და ჩვენი მიზანი უნივერსიტეტის წინსვლა უნდა იყოს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დევნილი უნივერსიტეტია, მას თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გახდეს ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის აღმდგენი ხიდი“, –განაცხადა ზურაბ ხონელიძემ. ამასთანავე, მან კოლექტივს შესთავაზა უნივერსიტეტის ახალი ლოგო „ცოდნა-აღმაშენებელი“, რომელშიც იდეურად გაერთიანდება უნივერსიტეტის მთავარი მისია და აფხაზეთი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ჯონი აფაქიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მისი რექტორობის პერიოდში უმუშავია. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი რექტორი ღირსეული ადამიანია და ეიმედება, რომ უნივერსიტეტს კიდევ უფრო განავითარებს, თავად კი რჩება უნივერსიტეტის პროფესორად და მკვლევარად.

 

 

აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის გაიმართა ტურნირი მინი-ფეხბურთში

2017 წლის 11-13 ივლისს ქ. თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის ტურნირი მინი-ფეხბურთში.


I და II ადგილებისათვის მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდები. დაძაბულ ორთაბრძოლაში, პენალტების სერიით გაიმარჯვა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროს გუნდმა და პირველი ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდი, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი კი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გახდა. 


პირველი ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა თასი, მედლები და დიპლომები. ასევე მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ მეორე-მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები. გარდა ამისა, სამივე გუნდს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცა.


აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა დიმიტრი ჭანტურიამ ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით დააჯილდოვა აფხაზეთის მთავრობის აღმოსავლეთ საქართველოში წარმომადგენლობის გუნდის მოთამაშე და ტურნირის უხუცესი მონაწილე კარლო სართანია. აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორმა ენვერ თოლორდავამ სპრეციალური პრიზი „ტურნირის საუკეთესო მოთამაშე“ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდის სპორტსმენს დათა კიკალიშვილს გადასცა.


ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შშმპ-ისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ქვეპროგრამის „შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის“ პრაქტიკული კურსი დასრულდა. ქვეპროგრამა კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის „თანადგომასთან“ ერთად განხორციელდა.


მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენენ. საქართველოში 150 000–ზე მეტი მოქალაქე შშმპ-ია, მათი დიდი ნაწილი გარიყულია საზოგადოებისაგან. ამ კატეგორიის მოზარდების მთავარი პრობლემა არის სოციალური აქტივობის დაბალი ხარისხი, რაც იწვევს ზოგადად სხვადასხვა ფსიქიკურ და სოციალურ პრობლემას.

მნიშვნელოვანია, რომ შშმპ-მა იგრძნონ, რომ ისინი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები არიან. ამისთვის კი აუცილებელია მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. ზემოთ ხსენებული ქვეპროგრამა სწორედ შშმ მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის პროცესის, მათი გონებრივი და ფიზიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობას, შშმ მოზარდებისა და ახალგაზრდების მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესისა და მზრუნველობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 


ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ამჯერად 10 შშმ მოზარდს კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის „თანადგომასთან“ ერთად ჩაუტარდა შრომითი უნარ-ჩვევების განვითარების პრაქტიკული კურსი. კურსი მოიცავდა 8 გაკვეთილს და შედგებოდა როგორც გონების (ყურადღების, შემოქმედებითი აზროვნებისა და მეხსიერების) გასააქტიურებელი სავარჯიშოების, ასევე არტთერაპიის ნაწილისგან. ყოველი გაკვეთილი იწყებოდა წინა მასალის გამეორებით. პირველი ნაწილი ეთმობოდა თეორიულ მასალას, მეორე - პრაქტიკულ სამუშაოებს (ხატვა, ბისერებით მძივებისა და სამაჯურების დამზადება, აკვარელის საღებავებით ღია ბარათების შექმნა და სხვ). განხორციელებული აქტივობები ეხმარებოდა მოზარდებს ტექსტზე ყურადღების კონცენტრაციაში, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს თავის ტვინის ნეირონების გააქტიურებასა და დამახსოვრების პროცესის გაძლიერებას. 


კურსის ბოლოს შშმ მოზარდებთან და მშობლებთნ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს განცხადებების მიღებას დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიანტების გამოსავლენად

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ა/რ მთვრობამ 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებით  დააწესა. დიმიტრი (არზაყან)  ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების  დარგში  განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და საზოგადოებრივად აქტიურები არიან.

სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში150 ლარს,  ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის- თვეში100/150 ლარს.


სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში(ათი თვე). სტიპენდიანტობის კანდიდატთა მეირ საბუთების წარდგენის ვადაა 2017 წლის 04 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით.


დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე:

595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

  დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული 

დანართი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია აცხადებს კ ო ნ კ უ რ ს ს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 
მოსაპოვებლად განაცხადებები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება და პუბლიცისტიკა.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებმაც მხატვრული, პუბლიცისტური და სხვა ღირებულებების გამო, საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს, გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში.


გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 ლარის ოდენობით.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობები და წესი:


ა) გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგებში; 
ბ) პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს ფიზიკური პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;


გ) პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;


დ) საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები (ნაშრომი) ძირითადად უნდა მოიცავდეს აფხაზეთის თემატიკის და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას;


ე) საკონკურსო მასალები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ან აფხაზურ ენებზე, ასევე, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს უცხო ენაზე ქართული თარგმანის თანხლებით (სრული თარგმანი ან ვრცელი რეფერატი ან ანოტაცია);


ვ) ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებების წარდგენა უნდა მოხდეს დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ. ხელოვნების სხვადასხვა დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, მასმედიის საშუალებებით;


ზ) დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა. პრემიის მოსაპოვებლად ავტორის განმეორებით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით (ნაშრომით);


თ) ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭებისას, პრემია ავტორთა შორის თანაბრად ნაწილდება;


ი) პირს გარდაცვალების შემდეგ პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი პრემიაზე წარდგენილი იყო გარდაცვალებამდე ან გარადცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი ნაწარმოები (ნაშრომი). 
კონკურსზე მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგინება. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2. საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები ნაწარმოებზე, ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად. 


3. კანდიდატის ბიოგრაფია (CV).
4. ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში შექმნილი ნაწაროებები 9 ეგზემპლარად (აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა 9 ეგზემპლარად). წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.
5. კანდიდატის ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).
საკონკურსო განცხადებებისა და თანდართული 
მასალების მიღების ვადები

1. საკონკურსო განცხადებები და მასალები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2017 წლის 30 ივნისიდან - 31 აგვისტოს ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
2. კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია გამოქვეყნდება 2017 წლის 23 ნოემბერს.

დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:

საქართველო- თბილისი 0102, უზნაძის ქ. №68, 
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის 
სამინისტრო,
ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების 
სამსახური, მე-3 სართული,
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა, ეკატერინა 
გადილია
ტელ: 599 85 54 41; 599 24 62 18.

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ფოთსა და ბათუმში საიუბილეო კონცერტები გამართა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფოთში,  ბათუმსა და ზუგდიდში კონცერტები გამართა. ანსამბლმა დამსწრეთ ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები და ქორეოგრაფიის თითქმის მივიწყებული ნომრები წარუდგინა. სახელმწიფო ანსამბლის შემოქმედებამ როგორც ფოთში, ისე ბათუმსა და ზუგდიდში დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაციები გამოიწვია. კონცერტებში მონაწილეობდა და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსებს ქართული ხალხური სიმღერების ფონზე კითხულობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი.

კონცერტებს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. ფოთისა ქ. თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის მუსიკალური საზოგადოების დიდი ნაწილი, ფერიის სკოლის პედაგოგები, „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელები, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ ბათუმის კლუბის წევრები, აჭარაში მცხოვრები აფხაზების შთამომავლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.

 

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა საიუბილეო ტურნე  იგივე პროგრამით ქალაქ ზუგდიდში დაასრულა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესის მიდამოებში) ჩატარდა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში. ტურნირში მონაწილეობდნენ:
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრის 3 გუნდი (18 მონაწილე); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 გუნდი (12 მონაწილე); საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს 1 გუნდი (6 მონაწილე); სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2 გუნდი (12 მონაწილე); აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის 1 გუნდი (6 მონაწილე); საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის 1 გუნდი (6 მონაწილე); ვეტერანთა დეპარტამენტის 1 გუნდი (6 მონაწილე).


შეჯიბრების შედეგად, პირველ ადგილზე გავიდა და აფხაზეთის თასი ჯომარდობაში მოიპოვა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა ჩასახლების ცენტრის ერთ-ერთმა გუნდმა; მეორე ადგილზე გავიდ
ა აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცეტნრის გუნდი, მესამე ადგილზე კი აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი.


გამარჯვებული გუნდები შესაბამისი კატეგორიის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.


ტურნირს ასევე ესწრებოდა მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი. ისინი საკმაოდ ემოციურად შეხვდნენ თავიანთი ფავორიტი გუნდების გამარჯვებას.

საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარებაზე - ქართული ენის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში წარმოადგინა.

მისი თქმით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ყველა უფლება დაუფარავად ირღვევა. საოკუპაციო რეჟიმი ბოლო წლებში განსაკუთრებულად არ ცნობს ქართველთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ყველა ნორმა, რომელიც ჩამოყალიბებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში, გაეროს საერთაშორისო პაქტებში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში".

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი 31 სკოლის მდგომარეობაზე, რომლებიც  რუსულ სწავლებაზე იძულებით გადაიყვანეს. „აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად იქ დარჩენილი და დაბრუნებული მოსახლეობის მოთხოვნისა, ცდილობს რეგიონიდან გააძევოს ქართული ენა თავისი უნიკალური დამწერლობით. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენა და მისი მატარებელი ხალხი კანონგარეშეა გამოცხადებული.

მიზანმიმართულად იცვლება და იშლება ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ეთნო-ლინგვისტური, საუკუნეების განმავლობაში შექნილი ერთობლივი სულიერი თუ მატერიალური ფასეულობები.

დღეისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მთლიანად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება.

განადგურებულია ქართული სკოლები, ქართული წიგნები და დოკუმენტები.

რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა - „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა

რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა - „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნიდერლანდების სამეფოს და რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში, გალერეა „ზონეში“ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 21-დან 80 წლამდე ასაკის 22 მხატვარი მონაწილეობს და წარმოდგენილი ნამუშევრები მათ მიერ დანახულ სამყაროზე, ნოსტალგიაზე და მოლოდინზე მოგვითხრობს. გამოფენა 3 მაისამდე გასტანს და ის თავისი სათქმელით მსოფლიოს 65 მილიონი დევნილის საერთო ტკივილსა და საკუთარ სახლებში დაბრუნების ოცნებას ეხმიანება. 


გამოფენის ორგანიზატორია ჩვენი თანამემულე, ფონდ „არტექოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დალი უბილავა-დე გრააფი, რომელიც ამ გამოფენასთან დაკავშირებით ამბობს: „აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების შემოქმედებაში განსაკუთრებით ძლიერ, წამყვან შემოქმედებით ხაზს „მე“-ს გადარჩენის იმპულსი წარმოადგენს. სწორედ ამით ცდილობენ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები გასცდნენ კონფლიქტებით, ომებით, ტერორით თუ ბუნებრივი კატაკლიზმებით სავსე დროსა და სივრცეს, ხელოვნების ნიმუშები კი მრავალფეროვანი ემოციით, განწყობით და ფილოსოფიით შექმნან. ეს არის ის, რაც მათ ამ შემთხვევაში აერთიანებთ. თითოეული მხატვრის მიერ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის ერთ სივრცეში მოქცევა გამოფენას ორიგინალურ და უნიკალურ სახეს აძლევს. გამოფენის მონაწილე სხვადასხვა თაობის დევნილი ხელოვანები დამთვალიერებლის წინაშე არა თითქოსდა მოსალოდნელი მძიმე თემებით, არამედ კონტრასტულად სხვა სამყაროდან, სხვა ენით საკუთარ „მეს“ წარმოაჩენენ“.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ და სიტყვებით გამოვიდნენ: მონიკ ვან სანდიკ (ლეიდენის ვიცე-მერი), კოტე სურგულაძე (საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში), ჰანს ჰორბახი (ჰოლანდიის ელჩი საქართველოში), ფრიც დაიკს (ჰოლანდიის ამნესტი ინტერნაციონალის წარმომადგენელი). გამოფენას ასევე ესწრებოდნენ მაღალი რანგის საპატიო სტუმრები: ლოტე ჰაიემა (ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი), ჰეიდიმარია გურერი (ავსტრიის ელჩი ჰოლანდიაში), მუტი მურდი (ესტონეთის კონსული ჰოლანდიაში), თამარ ღვინაძე (საქართველოს კონსული ჰოლანდიაში), ისტიაქ აჰმედი (ჰოლანდიაში კუვეიტის ელჩის პირველი მოადგილე).

გამოფენის მნიშვნელობასა და მასშტაბებს ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მისი გახსნისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ სტუმრები ჰოლანდიის ქალაქებიდან: ამსტერდამიდან, ჰაარლემიდან, დელფტიდან, ჰააგიდან, მაასტრიხტიდან, ამერსფორტიდან, ენსხედედან, ესსენიდან, ზვოლედან.
გამოფენას აქტიურად გამოეხმაურა ქ. ლეიდენის მასმედიაც. დამთვალიერებლებმა რამდენიმე ნამუშევრის შეძენის სურვილი გამოთქვეს და გამოფენის დასრულების შემდეგ ის ნამუშევრები მათ კერძო კოლექციებს შეემატება.

გამოფენას აქტიურად გამოეხმაურა ჰოლანდიის მასმედიაც:

DE COUTUREKRANT, 12-05-2017
http://couturekrant.nl/…/4387-vluchtelingkunstenaars-expose…

UAF.NL , 26-05-2017
https://www.uaf.nl/…/tentoonstelling-wanneer-mijn-droom-mij…

LEIDSCH DAGBLAD, 31-05-2017
https://www.leidschdagblad.nl/…/expositie-met-kunst-van-vlu…