აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ქუთაისში, ნიკეას პირველი შესახვევი, #13-ში მდებარე ობიექტზე მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები დასრულდა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, ნიკეას პირველი შესახვევი, #13-ში, მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის სადარბაზოს შესასვლელი არ არის გადახურული, რის გამოც წვიმიან და თოვლიან ამინდში სადარბაზო იტბორება. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა  შენობის სადარბაზოების შესასვლელის გადახურვა, რომლის ღირებულება შეადგენს 788,55 ლარს (შვიდასოთხმოცდარვა ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 4  ოქტომბერს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

ვახტანგ ყოლბაია წიგნის „დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ): 1937-38 წწ“ პრეზენტაციას დაესწრო

სასტუმრო თბილისი მარიოტში წიგნის „დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ): 1937-38 წწ" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობითა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით გამოიცა.

პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა პროექტის განვითარების ქრონოლოგიის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლებამ გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს საქართველოს რეგიონებში. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები გადაიხადეს, რუსთავის, ბორჯომის, გორის, გუჯაანის, ხონის, ქუთაისის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, ფოთისა და ჯვარის ეკლესიებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მილოცვა მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 

ძვირფასო პედაგოგებო, ჩვენო საამაყო, ნაამაგარნო, ცოდნის სადარაჯოზე მედგრად მდგარნო განათლების მუშაკნო. მსურს გულითადად მოგილოცოთ პროფესიული დღე და ქედი მოვიხარო თქვენი განუზომელი ღვაწლმოსილების წინაშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, კეთილდღეობის და წარმატების საფუძველია.

პედაგოგი - ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს უალტერნატივო საძირკველია. მშვიდობის, ტოლერანტობის და ურთიერთგაგების პირველი მაცნეა ასიათასობით აღსაზრდელისათვის, რომელთა არსებაში მთელი ცხოვრების მანძილზე წარუშლელ კვალს ტოვებს.

ვულოცავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პედაგოგიურ კოლექტივებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ მასწავლებლებს, რომლებიც მიუხედავად დევნილობის მძიმე ყოფისა, მაინც მედგრად დგანან და ერთგულად ასრულებენ თავიანთ საპატიო მოვალეობას.

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოღვაწე მასწავლებლებს, რომლებიც ყოველღიური პირადი გმირობის ფასად, უამრავი შეზღუდვების და უსამართლობების მიუხედავად, ერთგულად ემსახურებიან მომავალი თაობების სამშვიდობო ხედვებით აღზრდას.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა პედაგოგს პროფესიულ დღესასწაულს და ვუსურვებთ ერთიან, ძლიერ და სტაბილურ ქვეყანაში თავიანთი ნაღვაწით დამსახურებულ დაფასებას.

5 ოქტომბერი - გენოციდის მსხვერპლათა ხსოვნის დღე

რამდენიმე წელია რაც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 5 ოქტომბერი დაწესდა როგორც აფხაზეთში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლათა ხსოვნის დღე. საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ამ დღესთან დაკავშირებით,  იმ ქალაქებში, სადაც დევნილები მასობრივად არიან ჩასახლებული, გადაიხდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, წარმომადგენლობის საკურატორო რეგიონის რამოდენიმე ქალაქში, კერძოდ,  ბათუმში, ხონსა და ქუთაისში ეს დღე პარაკლისით აღინიშნა.

ბათუმში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, აფხაზეთიდან დევნილმა მამა გიორგიმ  დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. დაღუპლთა სულებს პატივი მიაგეს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ომარ მახარაძემ. ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სამინისტროს თანამშრომლები, ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ქაშიბაძე, წარმომადგენლობის ბათუმის ოფისის თანამშრომლები ინვერ ფირცხელავა და ნანა ჭანტურია, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

ზესტაფონში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ქალაქ ზესტაფონში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია 100 ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო  „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და ადგილობრივი შემოქმედები, საღამოზე გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები, მათ შორის ზესტაფონის მკვიდრნი, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაიღუპნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომში დაღუპულთა ოჯახები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.

მცხეთაში ფესტივალი „მცხეთა - Art Gold“ გაიმართა

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ქალაქ მცხეთის კულტურის სახლში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold" გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საზოგადოების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი" წარსდგა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold"-ის მიზანია ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა - პოპულარიზაცია, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნული უმცირესობის ჩართვა საერთო კულტურათაშორის დიალოგში და ეთნიკურ კულტურულ-ისტორიული კავშირის გაცნობა - პოპულარიზაცია ეთნოგრაფიული ნიმუშების წარმოდგენით.

ანსამბლი „აფხაზეთი“ მცხეთაში გამართულ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ფესტივალზე წარსდგა

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზატორობით, ქალაქ მცხეთაში 2017 წლის 28-30 სექტემბერს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold“ ჩატარდა. ფესტივალის მიზანი იყო ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა - პოპულარიზაცია; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნული უმცირესობის ჩართვა საერთო კულტურათაშორის დიალოგში და ეთნიკურ კულტურულ-ისტორიული კავშირის გაცნობა - პოპულარიზაცია ეთნოგრაფიული ნიმუშების წარმოდგენით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადგომით, 30 სექტემბერს, ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალის „მცხეთა - Art Gold“ ფარგლებში გამართულ გალა-კონცერტზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ ქართულ-აფხაზური ფოლკლორით წარსდგა.
გალა-კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისრი დიმიტრი ჯაიანი, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

 

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადებას, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და  ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბონდო მაკარაძე ესწრებოდნენ.

სვეტიცხოვლის ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი წირვა ჩატარდა

ყოველი თვის ბოლო შაბათს, დილის 10.00 საათზე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, მამა ილია (კავსაძე) აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ წირვას ატარებს.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ ლიტურგიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები დაესწრნენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მონო-სპექტაკლის „შეჩერდით, ორივე მხარეს საქართველოა“ პრემიერა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში მონო-სპექტაკლის „შეჩერდით, ორივე მხარეს საქართველოა" პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

სპექტაკლი საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას ხსოვნას ეძღვნება და მისი ავტორი და წამყვანი ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძეა.

ვახტანგ ყოლბაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „არ დავიწყება"-ს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.

ლიტვაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ანიქშიაიში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენა ლიტვის „ანგელოზის მუზეუმის" ორგანიზებით იმართება და მასში აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრები - ნერსე ბაცაში, მერაბ ფიფია, ამირან კუპრავა და მერაბ ეფაძე მონაწილეობენ.

გამოფენა 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება 30 დევნილი მხატვრის 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

გამოფენა სახელწოდებით „27 სექტემბერი" სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ეძღვნება.

აფხაზეთის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემა 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაემთხვა. ამ დღეს აფხაზეთის მოსახლეობა გოლგოთის გზას - დიდი ტანჯვისა და განსაცდელის გზას შეუდგა იმ იმედით, რომ „გოლგოთა და ჯვარცმა სიკვდილით არ დამთავრებულა, არამედ მას აღდგომა და ამაღლება მოჰყვა“. სწორედ ამ იმედითა და რწმენით სრულდება აფხაზეთის წართმევიდან 24 წელიც.


ამ იმედითა და რწმენით მივიდნენ წლევანდელ 27 სექტემბერსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან, რომელიც ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთაც მაისურებზე სიმბოლურად აფხაზეთის ქალაქების სახელები ეწერათ, ასევე ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. 


შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავებს.

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 24 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტმა და ომის ვეტერანებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. სტუდენტებს აფხაზეთის რაიონების დასახლებებით სიმბოლური მაისურები ემოსათ.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას  საფლავები.

90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.