აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ეკა ხოფერიამ და UNICEF-ის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ  საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის წარმომადგენელთან, დოქტორ  ღასან  ხალილთან და მის მოადგილესთან, ემი კლენთან შეხვედრა გამართა.

ეკა ხოფერიამ სტუმრებს სამინისტროს საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით დასახული მნიშვნელოვანი პროგრამები თუ პროექტები გააცნო. შემდეგ კი მხარეებმა ამ პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელების თვალსაზრისით თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს და კონკრეტული ხედვა გაუზიარეს ერთმანეთს.

შეხვედრა ისრაელის საელჩოში

      

ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ამასთანავე ერთი მხრივ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და მეორე მხრივ, ისრაელის საელჩოსა და MASHAV- ს (ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო) შორის სამომავლო ერთობლივი პროექტები მიმოიხილეს.

 

სალექციო კურსის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" - მესამე ლექცია ქ. ზუგდიდში გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კურსის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" - ფარგლებში,  ქ. ზუგდიდში, სასტუმრო „ლეთოს" საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ახალგაზრდებს აფხაზეთთან დაკავშირებული საკუთარი ემოციები და ზოგადი ხედვები გაუზიარა.

დღის ბოლოს სამინისტრომ ქ. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში    ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ მოაწყო. კადრებზე ომამდელი აფხაზეთის ულამაზესი პეიზაჟები, ქალაქების - სოხუმის, გაგრის, ბიჭვინთის, ოჩამჩირის, გალის, გულირიფშის, ტყვარჩელის - ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებია აღბეჭდილი. შემდეგ კი  იქვე     აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ კონცერტი გამართა.

დამსწრეთ სიტყვებით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

კონცერტს აფხაზეთიდან დევნილი და ზუგდიდის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით

13 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაველ ვიზდალს შეხვდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლასა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში დაფინანსდა სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის პროექტი - „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“. ამ პროექტმა ახლახან საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერასა და მოქნილი, ოპერატიული და ეფექტური მცირე პროექტების დაფინანსებას.

პროექტის თანახმად აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი სპორტული დარბაზი მოეწყობა და სკოლის 235 მოსწავლისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო შეიქმნება.

კონკურსში გამარჯვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით მოხერხდა, რისთვისაც მათ მინისტრის მადლობა დაიმსახურეს.

საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ დამფუძნებლის გიორგი რატიანის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე უძღვებოდა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ იუბილარს სამინისტროს სიგელი გადასცა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა გიორგი რატიანს საგანგებოდ მისთვის დაწესებული რეჟისორ ანტონ თავზარაშვილის სახელობის პრემია მიანიჭეს; იუბილარს ხონის ამაგდარის წოდება და ფულადი ჯილდო გადასცეს ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
 
მსახიობს იუბილე მიულოცეს და მის შემოქმედებასა და საქმიანობაზე ისაუბრეს მსახიობებმა: ნუგზარ ყურაშვილმა, გიორგი გასვიანმა, თეა დარჩიამ,; ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ და სხვ.
გიორგი რატიანმა მისივე თეატრის აღზრდილ, მსახიობ გიორგი გასვიანთან ერთად წარმოადგინა ფარსმან სპარსის როლის ფრაგმენტი კომსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ ინსცენირებიდან, ასევე წაიკითხა ლექსები.
 
ბოლოს თეატრის „თეთრი ტალღის“ ძველი და ახალი თაობის აღზრდილებმა და აღსაზრდელებმა იუბილარს ყვავილები მიართვეს და გაწეული წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს.
ეკა ხოფერია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  პეტრ მიკისკას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის მიმართულებებით დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებზე და მათი განხორციელების მიზნით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ექსპოზიციის - „აფხაზეთის მოზაიკა“ განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის - „ექსპოზიცია: აფხაზეთის მოზაიკა“ განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი, სააგენტოს თანამშრომელი სალომე ხმიადაშვილი, ხელოვნების კურატორი ნინი ფალავანდიშვილი, ქართული მოზაიკის და გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდის „რიბირაბოს“ თანადამფუძნებლები: ნატალია ამირეჯიბი-დე პიტა, ირინა კოჩაკი და ლუზინ ბარდონი, ასევე სამინისტროს თანამშრომლები.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის მოზაიკის მნიშვნელობასა და საზოგადოებისთვის მისი გაცნობის გზებზე.
 
დასასრულ შეთანხმდნენ, შეიქმნას საგანგებო ჯგუფი, რომელიც ქართული მოზაიკური ხელოვნებისათვის, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა აფხაზეთის მოზაიკა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმუშავებს.
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმს ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის მოსწავლეები სტუმრობდნენ

ამას წინათ თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის მოსწავლეები სტუმრობდნენ.

მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები პოეტსა და გალაკტიონ ტაბიძის ბიბლიოგრაფს ვახტანგ ჯავახაძეს შეხვდნენ. პოეტი მოზარდებს  გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე ესწრებოდნენ.

სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" - მეორე ლექცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულს - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ამჯერად კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts-მა უმასპინძლა.

ამავე პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ცენტრში მოწვეულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა ნესტან ბაგაურმა აფხაზეთის უძველესი ხელნაწერები გააცნო.

ახალგაზრდებს ლექცია თემაზე: ,,აფხაზეთი შუა საუკუნეებში - აფხაზთა სამეფო" წაუკითხა ცენტრის სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილების უფროსმა შალვა გლოველმა.

ახალგაზრდები ასევე გაეცნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოქმედი სარესტავრაციო ლაბორატორიის საქმიანობას და ქაღალდის აღდგენის ვორქშოპში მიიღეს მონაწილეობა.

დასასრულ ყველა სტუმარს ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

#აღმოაჩინე #აფხაზეთი #სალექციო #კვირეული

 

საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტი იოანეს მარონიტისი აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს გაეცნო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეწვია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იოანეს მარონიტისი - საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტი, იუნესკოს კლუბების, ცენტრებისა და ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ( WFUCA) ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
 
სტუმარს შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია.
 
იოანეს მარონიტისის საქართველოში ვიზიტის მიზანია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO ოფიცილური წარმომადგენლობის გახსნა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა. ის სწორედ ამ თვალსაზრსით გაეცნო აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს - გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთს“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები ჩაინიშნა.
სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ფარგლებში ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ პირველი ლექცია წაიკითხა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ფარგლებში ხელოვნების სასახლის დირექტორმა, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „აფხაზეთი - ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს რუკებზე“.ლექციის დაწყებამდე გიორგი კალანდიამ მათ ხელოვნების სასახლე და მისი რელიკვიები დაათვალიერებინა.  

სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

ლექციას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

 

ეკა ხოფერია აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლაში ბოლო ზარს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში მდებარე აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლას ეწვია და ბოლო ზარს დაესწრო.

მინისტრი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს  გაეცნო და მათ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის“ / Sarajishvili მხარდაჭერით, კომპიუტერები ჩაუტანა.

ეკა ხოფერია სკოლის ინფრასტრუქტურითაც დაინტერესდა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

 

აფხაზეთის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული საბერიოს გუნდი "ენგური" გახდა
აფხაზეთობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის სოფელ კახათის სტადიონზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების გიორგი სიჭინავასა და ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის აფხაზეთის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა.
 
ფესტივალის გამარჯვებული გახდა საბერიოს გუნდი „ენგური“, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ გუნდები - „რიყე“ და „ანაკლია“.
 
 ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, ალენ პრინცი მიურატი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი და სხვ.
 
ფესტივალი შპს ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „კოლხას“ ორგანიზებით და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
 
 
საცხენოსნო შეჯიბრი „აფხაზეთის თასზე“

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრი „აფხაზეთის თასზე“. შეჯიბრში აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობდნენ. შეჯიბრის გამარჯვებულიც   აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია გახდა.

შეჯიბრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ა. შ. წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეჯიბრის შემდეგ გაიმართა კონცერტი აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ მონაწილეობით. აქვე  მოეწყო  ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ და  მხატვარ ელდარ ქავშბაიას ნამუშევრების გამოფენა.