აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის მუშაკები და წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერან სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა და წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოებას ყოველ წელს მართავს.

მიუხედავად პანდემიისა, ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები გადაეცათ: მურთაზ ვეკუას, ნუგზარ ბოჯგუას, გერასიმე ესებუას, დავით ზარქუას, ზურაბ შენგელიას, დავით თაქთაქიშვილს, ბენო ადამიას, ლუკა კაჭარავას, მარიამ შხვაცაბაიას და სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდს.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატები დააჯილდოვეს
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა.
 
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლისთვის „მთვარის მოტაცება“, ხუტა კვარაცხელია - ფერწერული ტილოებისთვის, ირაკლი შამათავა - მოთხრობების კრებულისთვის - „გამშვები პუნქტი“, შოთა ზოიძე - ლექსების კრებულისთვის - „გულზე დასაყრელი მიწა“.
 
გამარჯვებულთ ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა. დაჯილდოების ცერემონიას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე, პოეტი მანონ ბულისკერია.
 
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ყოველწლიურია და ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილი გამორჩეული ნაწარმოებების (ნაშრომს) ავტორებს ენიჭებათ.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატები ცნობილია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისიამ გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატები გამოავლინა.
 
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლისთვის „მთვარის მოტაცება“; ხუტა კვარაცხელია - ფერწერული ტილოებისთვის; ირაკლი შამათავა - მოთხრობების კრებულისთვის - „გამშვები პუნქტი“; შოთა ზოიძე - ლექსების კრებულისთვის - „გულზე დასაყრელი მიწა“.
 
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ყოველწლიურია და ენიჭება ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილ ნაწარმოებს, (ნაშრომს), რომელმაც მხატვრულ და სხვა ღირსებათა გამო, აღიარება მოიპოვა, განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა პოეტური კრებული „სიყვარულს უშენებია“
კრებულში ამავე სახელწოდების კონკურსზე წარმოდგენილი პოეზიის საუკეთესო ნიმუშები შევიდა.
 
კონკურსი „სიყვარულს უშენებია“ საქართველოს მწერალთა კავშირის თაოსნობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
მასში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები (16-დან 35 წლამდე), რომლებმაც წარმოადგინეს პოეტური ნაწარმოებები მშვიდობის, სიყვარულისა და პატრიოტიზმის თემებზე.
 
ჟიურიმ კონკურსის მონაწილეთაგან შვიდი საუკეთესო ავტორი - როი აბუსელიძე, სულხან წულუკიძე, ამირან ჯანჯღავა, ოთარ ფალიანი, ბექა ახალაია, ივდითი კვიტია და ქეთევან ნათელაძე გამოარჩია და ისინი დიპლომებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. შემდეგ კი გამარჯვებულ თუ წარმოდგენილ სხვა საუკეთესო ლექსებს ერთ კრებულში მოუყარა თავი.
 
„სამშობლო, მისი წარსული და მომავალი, ტკივილად ქცეული აფხაზეთი და სამაჩაბლო, მშვიდობა, სიყვარული - აი, ახალგაზრდა პოეტთა საკონკურსო ლექსების თემა... ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, უთუოდ მოიხიბლება ახალგაზრდების თავანკარა პოეზიით, ახალგაზრდებისა, დიდი ქართული პოეტური ტრადიციების ერთგულნიც რომ არიან და ამავდროულად, ახერხებენ, სიახლეთა ძიებით, საკუთარი, მხოლოდ მათთვის ჩვეული გზებით სიარულს“, - - ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებინარში ჩაერთნენ

20 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე - „ძირეული მიზიზების ანალიზი".

ვებინარი ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში ვებექსის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთნენ.

ონლაინ ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ძირეული მიზეზების ანალიზი და მისი გამოყენების ტექნიკები, პრაქტიკული საკითხები, ძირითადი გამოწვევები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორებთან ონლაინკონფერენცია გაიმართა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტების წარმომადგენლებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორებს შორის ვიდეოკონფერენცია შედგა. შეხვედრაზე განიხილეს ამ სკოლების მე-11 და მე-12 კლასელებთან ღია კარის დღეების ჩატარების საკითხი.
 
აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებმა ვრცლად ისაუბრეს აბიტურიენტებისათვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდების მნიშვნელობაზე. ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე შეთახმდნენ ღია კარის დღის ჩატარების ფორმატსა და თარიღებზე. ითქვა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს სოხუმის უნივერსიტეტის წინსვლა-განვითარებას და დაეხმარება აბიტურიენტებს სწორი არჩევანის გაკეთებაში.
 
დასასრულ სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსს ნინო ლობჟანიძეს აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან ონლაინკონფერენციის ორგანიზებისათვის.
შეიძინე პროფესია, აიშენე მომავალი!
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კოლეჯი„სპექტრი“, რომელიც ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზეა ორიენტირებული, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს 3-თვიან უფასო მომზადება-გადამზადების პროგრამებს სთავაზობს.
 
კოლეჯი „სპექტრი“ აცხადებს საბუთების მიღებას 5 ნოემბრიდან ყველაზე მოთხოვნად პროფესიაზე.
 გაიცემა სერტიფიკატი. წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სამშენებლო ობიექტებზე.
  • ინტერიერისა და ექსტერიერის მღებავი;
  • შემდუღებელი (ელექტრორკალური);
  • თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი;
  • დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი;
  • კერამიკული ფილებით მომპირკეთებელი;
  • ლამინირებული ავეჯის დამზადება;
  • სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3 D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება;
  • მძიმე ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი;
  • კონდიცირებისა და გაცივების სისტემის ტექნიკოსი;
  • ციფრული ელექტრონიკის ტექნიკოსი;
  ქ. თბილისი, ჭიჭინაძის ქ. N10
  დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით -
ტელ. 595 34 33 20
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2020 წლის IV ეტაპის განხორციელებას იწყებს
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
განმცხადებელს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
• განცხადება;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• დევნილის მოწმობის ასლი;
• ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
• რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
• სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
• წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
• ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა).
გაითვალისწინეთ: განცხადებაში აუცილებელია პირის საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტა), განმცხადებლის ხელმოწერისა და თარიღის აღნიშვნა.
თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:
1. 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
2. 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90%-დან 99- მდე);
3. 2250 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99%-დან 100%);
4. 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში;
სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
მეოთხე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 01 ნოემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით.
განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge.
 
შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერტიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით.
ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 595 34 33 20;
577 09 22 39
27 ოქტომბერი - აფხაზური ენის დღე - აფხაზეთის საჯარო სკოლებში საინტერესოდ აღინიშნა

27 ოქტომბერს 2007 წლიდან საქართველოში აფხაზური ენის დღე აღინიშნება. საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. 2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება. ამავე სკოლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, მოქმედებს აფხაზური ენის სასწავლო ჯგუფები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის საჯარო სკოლები უკვე მერამდენე წელია 21-27 ოქტომბერს აფხაზური ენის კვირეულს ატარებენ. მიუხედავად პანდემიისა, ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა, კერძოდ: ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული გაიხსნა გამოფენით - ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილი და მონატრება“. სკოლაში ნაწილობრივ ონლაინფორმატში, შემეცნებითი თვალსაზრისით, საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ჩატარდა საუბრები თემაზე „აფხაზური ენის დიალექტები“ და გაიმართა ვიქტორინა - „ყველაფერი აფხაზური ენის შესახებ“. აფხაზური ენის კვირეულის დახურვის დღეს კი გაიმართა შემოქმედებითი საღამო - „პოეზიის 5 წუთი აფხაზურ ენაზე“ და აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფის წევრებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები.

აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში ონლაინფორმატში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები „აფხაზური და ქართული ლიტერატურის“ თაობაზე. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დახატეს ნახატები თემაზე - „ჩემი აფხაზეთი“.

აფხაზეთის №5 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად სკოლის მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს. ამასთანავე, კვირეულის ფარგლებში სკოლაში მოეწყო ნახატების გამოფენა - „მომავლის აფხაზეთი“.

აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩანაწერები და ნახატები მოტივით - „ჩვენ დავბრუნდებით“.

აფხაზეთის №14 საჯარო სკოლაში, კვირეულის ფარგლებში, მოეწყო აფხაზური ენისა და ისტორიის კვლევის ამსახველი მასალების გამოფენა. ამასთანავე, მოსწავლეებმა, ნაწილობრივ დისტანციურად, მიიღეს ინფორმაცია აფხაზური დამწერლობის, მისი ისტორიისა და ქართულ-აფხაზური საერთო წარსულის შესახებ.

ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო აფხაზური კალიგრაფიის კონკურსი. ამავდროულად, ყველა კლასში, ნაწილობრივ დისტანციურად, ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „აფხაზურ-ქართული ურთიერთობები ისტორიულ წარსულში“. პედაგოგებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია აფხაზური ენის წარმოშობასა და განვითარებაზე. კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აფხაზური ენის ჯგუფის წევრებს შორის აფხაზური ენის ცოდნის შეფასების მიზნით მოეწყო კონკურსი.

22 ოქტომბერს თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული გაიხსნა ფილმის „გაღმა ნაპირის“ ჩვენებით. სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე: „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით სკოლაში მოეწყო ნახატების გამოფენა - „შემოდგომა აფხაზეთში“. კვირეულის ბოლოს გაიმართა კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლი „ოცნება“ და აფხაზური ენის ჯგუფის წევრები, რომლებმაც ქართველ პოეტთა შემოქმედება ქართულ-აფხაზურ ენაზე წაიკითხეს.

საბოლოოდ აფხაზური ენის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა მოიცვა თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის აფხაზეთის საჯარო სკოლები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2020 წლის III ეტაპის განხორციელება დაასრულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2020 წლის III ეტაპზე შემოსული 154 განცხადებიდან 135 აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სტუდენტი დაფინანსდა. წლეულს ამ პროგრამის ფარგლებში სულ შემოვიდა 275 განცხადება. აქედან პროგრამის კრიტერიუმების გათვალისწინებით, დაფინანსდა აფხაზეთიდან დევნილი 227 წარმატებული ახალგაზრდა.
 
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამას“ 2008 წლიდან ახორციელებს. პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
თბილისში ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა
თბილისში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში არსებულ კალათბურთის მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ოთხი დღის განმავლობაში, 13-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში რვა გუნდი მონაწილეობდა.
 
ტურნირის გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სპორტული ინვენტარით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.
 
ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში კალათბურთის პოპულარიზაცია, აფხაზეთის მოზარდი თაობის ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
 
 
 
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი გამოვლენილია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მოქმედმა ,,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის“ მიმნიჭებელმა კომისიამ ,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი“ (2020-2021 სასწავლო წლისთვის) გამოავლინა. კომისიის წევრთა წარდგინების საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით (№116) „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“ დაენიშნა დარეჯან ირემაშვილს, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიური ექსპერტიზის სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტს.
 
,,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“ ხელს უწყობს ახალგაზრდებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების საგნების შესწავლის მოტივაციის ამაღლებას. პროექტი გათვალისწინებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე (70%) სტუდენტებისათვის, სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე) გაიცემა.
 
„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2017 წელს დააწესა და განცხადებას მის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს.
მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებისა და მათთვის მადლობის გადახდის მიზნით!
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებისა და მათთვის პატივის მიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები მარინა შენგელია და ირმა კეკელიძე, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე აფხაზეთის დამსახურებულ მასწავლებელს, ქ. გაგრის №1 საშუალო სკოლის პედაგოგს ალექსანდრა (საშურა) შენგელაიასა და ქ. სოხუმის სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლის პედაგოგს, ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრს მურმან ზაქარაიას ეწვივნენ.
 
მარინა შენგელიამ და ირმა კეკელიძემ მადლობა გადაუხადეს მათ საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მომავალ თაობებზე ზრუნვისათვის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი და საჩუქრები გადასცეს.
 
ალექსანდრა (საშურა) შენგელაია - მშობლიური კუთხის აფხაზეთისა და საერთოდ, მთელი საქართველოს დიდი პატრიოტის თამაზ ნადარეიშვილის დედა - არაერთი ქართველი, აფხაზი და სხვა ეროვნების ახალგაზრდის აღმზრდელი და დამკვალიანებელია. მან აფხაზეთში ცხოვრებისა და მუშაობის წლები სიყვარულითა და ნოსტალგიით გაიხსენა და იქ დაბრუნების დიდი იმედი გამოთქვა. აფხაზეთში დაბრუნების იმედით იყო გამსჭვალული მურმან ზაქარაიას სიტყვებიც. ადამიანისა, რომელმაც დევნილობამდე თუ დევნილობის შემდეგ თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეროვნული იდეალების ერთგულებასა და აფხაზეთში დაბრუნებისათვის ბრძოლას შეალია. მან ხაზგასმით თქვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსგან მიღებულ საპატიო სიგელს ქ. სოხუმის სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლისთვის გადაცემულ სიგელად აღიქვამს და მას უძღვნის.
 
 
 
გაზიარება
 
 
2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის პედაგოგი სოფიო გოგოხია გახდა
განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის - „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ - გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოცხადდა. 2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" მფლობელი გახდა სოფიო გოგოხია, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
 
გარდა ამისა, მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცავს სოფიო გოგოხიას ამ საპატიო ჯილდოს და მორიგ წარმატებებს უსურვებს!
კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა
კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნულმა ფედერაციამ საცხენოსნო შეჯიბრი აფხაზეთის თასზე გამართა. შეჯიბრის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
 
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ დევნილი და არადევნილი მხედრები. ასპარეზობამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და შეჯიბრის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი გახდა ნატალია მიშკოვა („კაჭრეთის ამბასადორი“), მეორე ადგილზე გავიდა თეონა ლაშხია („მუხრანი“), ხოლო მესამე ადგილი დაიმსახურა აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა მხედარმა ნინო ჯახაიამ. შეჯიბრში აფხაზეთის სახელით კიდევ ერთი მხედარი - ნიკოლოზ ვეშაპიძე მონაწილეობდა.
 
გამარჯვენულებს აფხაზეთის თასი და სხვა პრიზები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საცხენოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ცირეკიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.