აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ეკა ხოფერიამ აფხაზეთის მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, გაცნობის მიზნით,  ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლები მოინახულა. მან სკოლის პედაგოგებს  საგაზაფხულო დღესასწაულები  - დედის დღე და ქალთა დღე მიულოცა და ფარმაცევტული კომპანია პსპ აფთიაქი-სა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის კომპანიის მიერ შეჩეული საჩუქრები გადასცა.

მინისტრი სკოლების ინფრასტრუქტურითა და საჭიროებებითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მოგვარებაზე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იზრუნებს.

7 მარტს საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს - ჟიული შარტავას 77 წელი შეუსრულდებოდა

ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ძნელია, ბედისწერას გაექცე!" - უთქვამს ჟიული შარტავას. იგი თავისი სიტყვების ერთგული დარჩა, განწირული სოხუმის მოსახლეობა ბოლომდე არ მიატოვა და ამ რწმენას შეეწირა კიდეც.

 

საქართველოს ოკუპაციის კვირეული აფხაზეთის საჯარო სკოლებში
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლებში თემატური კონკურსები, გამოფენები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და ლექცია/სემინარები გაიმართა.
 
მოსწავლეებს, ისტორიული ფაქტების უკეთ გააზრების მიზნით, მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ქრონოლოგიაზე, საქართველოს პირველ კონსტიტუციასა და მის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებზე.
 
25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს კი აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ და მათ ოკუპაციის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს.
თბილისის საკრებულოში გამოფენა - „ფერწერა აფხაზეთიდან“ გაიმართა
თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გამოფენა - „,ფერწერა აფხაზეთიდან“ მოეწყო. აქ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების 30-მდე ფერწერული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
 
გამოფენა, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით შედგა.
 
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.
საკლასო ოთახებს აფხაზეთის საჯარო სკოლებიც დაუბრუნდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლებს ეწვია. მან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკლასო ოთახებში დაბრუნება და სწავლის განახლება მიულოცა.
 
ეკა ხოფერია Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში არსებული საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოებას და ხარისხიანი განათლების მიღების მიზნით გაწეულ სამზადისს გაეცნო. მისი თქმით, ორივე სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რესურსით და ზედმიწევნით იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და შესაბამის რეკომენდაციებს.
 
მინისტრი სკოლების ინფრასტრუქტურითაც დაინტერესდა. კმაყოფილება გამოთქვა მეორე საჯარო სკოლის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გამო და თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამინისტრო სკოლას შესასვლელის მოპირკეთებასა და ბაღის მოწყობაში დაეხმარება. ხოლო რაც შეეხება მესამე საჯარო სკოლას, აქ სამინისტროს მეტი ძალისხმევა მართებს: საჭიროა მეორე გასასვლელის გაჭრა (უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით), გამოსაცვლელია იატაკი და გასარემონტებელია სააქტო დარბაზი.
ეკა ხოფერია აფხაზეთის საჯარო სკოლების გაცნობას შეუდგა
ეკა ხოფერია, აფხაზეთის საჯარო სკოლების გაცნობის მიზნით, ბორჯომში განთავსებულ აფხაზეთის 22-ე საჯარო (დაწყებითი I-VI კლასები) სკოლას ეწვია.
 
სწავლა აქ საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და მინისტრმა სათითაოდ ყველა მოსწავლეს „ბიბლუსის“ მიერ შერჩეული წიგნები გადასცა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ აუცილებლად წაიკითხავენ ნაჩუქარ წიგნებს და შთაბეჭდილებებს მოგვიანებით თვითონ მას გაუზიარებენ.
 
ეკა ხოფერია სკოლის საჭიროებებს გაეცნო და აღნიშნა, რომ სამინისტრო უახლოეს მომავალში სპორტული დარბაზის აუცილებელი ინვენტარით აღჭურვაზე იზრუნებს.
ეკა ხოფერიამ მინისტრის მოადგილე დანიშნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ ნინო ლობჟანიძე დანიშნა.
 
ინფორმაციისთვის: ნინო ლობჟანიძემ 1997 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა, 2001 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიაციული ბიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტურა (რადიობოლოგი).
 
ნინო ლობჟანიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2014 წლიდან დღემდე განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი იყო. ის სამინისტროში 2005 წლიდან მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში აქ მთავარი სპეციალისტის პოზიციიდან დაწყებული ყველა საფეხური თანმიმდევრულად გაიარა.
 
 
 
 
 
 
 
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2021 წლის I ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

  განმცხადებელს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
  • რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
  • სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
  • წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა).

      თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:

  1. 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );

     2. 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% დან 98%).

  1. 2250 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99% და 100%).

   4.300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში; სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

  • მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 4 ეტაპად. პირველი ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 01 თებერვალს და გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით.

    თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით.   

   ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 595 34 33 20; 577 09 22 39.
 
  განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge და ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №68.
ეკა ხოფერიამ წარმატებულ ფეხბურთელ ირინა ხაბურზანიას სამინისტროს სიგელი გადასცა
ლანჩხუთის „გურიას“ ქალ ფეხბურთელთა გუნდის წევრი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი ირინა ხაბურზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტუმრობდა.
21 წლის ირინა ხაბურზანია აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა და გაიზარდა. ის 2014 წლიდან ქუთაისის „მართვეში“ თამაშობდა, 2018 წლიდან კი საფეხბურთო გუნდ „ლანჩხუთში“ გადავიდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ წარმატებულ ქალ ფეხბურთელს სამინისტროს სიგელი გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
მიხეილ ჩხენკელმა რუსლან აბაშიძესა და ეკა ხოფერიასთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჩხენკელმა თავდაპირველად ეკა ხოფერიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს, ზოგადი განათლების მიმართულების პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერისა და „ტელესკოლის“ პროგრამების გამდიდრების აუცილებლობა.

მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს განათლების მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა შორის ცხადია, მოიაზრებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები, ევროპული დონის განათლების მიღების შესაძლებლობა  აქვთ. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მისი დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიების ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებზე. ითქვა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოცხოეწერში სწორედ ამ მიზნით უკვე დაიწყო პროფესიული სწავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

 

ეკა ხოფერია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ პირველი შეხვედრა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან გამართა.
 
შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსებული 13-ივე საჯარო სკოლის დირექტორი ესწრებოდა, პანდემიისგან შექმნილი გამოწვევის - დისტანციური სწავლების - პრობლემებზე იმსჯელეს. დირექტორებმა წარმოადგინეს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რამდენ მოსწავლეს არა აქვს კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა და რამდენი მათგანია ონლაინსწავლების მიღმა დარჩენილი.
 
ეკა ხოფერიამ და რუსლან აბაშიძემ აღნიშნეს, რომ ისინი ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შეეცდებიან, თითოეულ მოსწავლეს დაეხმარონ კომპიუტერის შეძენასა და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაში, რათა მათ ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმების - Teams Microsoft-ის, Skype-ისა თუ zoom-ის სრულყოფილად გამოყენება შეეძლოთ.
 
დასასრულ მინისტრმა ეკა ხოფერიამ განაცხადა, რომ ის სათითაოდ მოინახულებს აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლას და მათ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც პირადად გაეცნობა.
ხელოვანების მხარდამჭერ კონცერტში ანსამბლი „აფხაზეთიც“ მონაწილეობდა
გუშინ „არტოს ბაღში“, ღია ცის ქვეშ, თბილისის მერიის ინიციატივით, პანდემიით დაზარალებული მომღერლებისა და მოცეკვავეების მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა. პანდემიამ ყველა სხვა სფეროსთან ერთად ხელოვნების სფეროც გააჩერა: არ იმართება კონცერტები და სპექტაკლები, არ ეწყობა გამოფენები.
 
ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტში, სხვა ცნობილ ანსამბლებთან ერთად, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთიც“ მონაწილეობდა.
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრი წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრად ეკა ხოფერია დაინიშნა. წარდგენისას ეკა ხოფერიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მისთვის ძალიან მტკივნეულია და ამ თანამდებობაზე დანიშვნით მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის მუშაკები და წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერან სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა და წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოებას ყოველ წელს მართავს.

მიუხედავად პანდემიისა, ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები გადაეცათ: მურთაზ ვეკუას, ნუგზარ ბოჯგუას, გერასიმე ესებუას, დავით ზარქუას, ზურაბ შენგელიას, დავით თაქთაქიშვილს, ბენო ადამიას, ლუკა კაჭარავას, მარიამ შხვაცაბაიას და სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდს.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატები დააჯილდოვეს
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა.
 
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლისთვის „მთვარის მოტაცება“, ხუტა კვარაცხელია - ფერწერული ტილოებისთვის, ირაკლი შამათავა - მოთხრობების კრებულისთვის - „გამშვები პუნქტი“, შოთა ზოიძე - ლექსების კრებულისთვის - „გულზე დასაყრელი მიწა“.
 
გამარჯვებულთ ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა. დაჯილდოების ცერემონიას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე, პოეტი მანონ ბულისკერია.
 
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ყოველწლიურია და ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილი გამორჩეული ნაწარმოებების (ნაშრომს) ავტორებს ენიჭებათ.