აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოზარდები გალის რაიონიდან ქობულეთში „საზაფხულო ბანაკში“ გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „საზაფხულო ბანაკი" ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 39 მოსწავლე აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან და მოზარდები გალის რაიონიდან  ქობულეთში გაემგზავრნენ.

ბავშვები ქობულეთში დაისვენებენ და მიიღებენ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სათანადო ინფორმაციას. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ექსკურსიები, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებისა და ქალაქ ბათუმის დათვალიერება, ინტელექტუალურ აქტივობები, სპორტულ-გამაჯანსაღებელ შეჯიბრებები.

პროექტი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილს, რაც გულისხმობს სამშვიდობო განათლების ტრენინგ-სემინარების ფორმატში განხილვასა და სწავლებას. მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებში ტოლერანტობის განვითარება, ურთიერთობის კულტურის სწავლება, ემოციების მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს

სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად.

კონკურსი ცხადდება შემდეგ პროფესიულ სახელმწიფო თეატრებში: სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა".

კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს (ორგანიზაციებს) და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეარჩევს შესაბამის კანდიდატებს და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, დღის 12:00 სთ-მდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

თბილისი, უზნაძის ქუჩა N68, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

ტელ.: 2 95 18 49

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი  საბჭოს წევრებმა 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების 21 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ასევე გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე" და დაათველიერეს უგზოუკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მუზეუმი „მოლოდინი". მათ ასევე პატივი მიაგეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალულ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადო მოღვაწეთა და დაღუპულ მეომართა ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს მათი საფლავები.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი ჯარებისა და სამხედროების შეზღუდული კონტიგენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. ასე დაიწყო ძმათა მკვლელი ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მოაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მოზარდებს თბილისის ზოოპარკმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ 40-მდე მოზარდს თბილისის ზოოპარკმა უმასპინძლა.

მოზარდებმა ზოოპარკის ბინადარი ცხოველები და ფრინველები დაათვალიერეს, შეისწავლეს სხვადასხვა სახეობა, მათი გავრცელების არეალები, ქცევის თავისებურებები. ბავშვები გაეცნენ ზოოპარკის მობინადრეების ბუნებაში ქცევის მარტივ წესებს, დააკვირდნენ ცხოველთა კვების პროცესს.

მოზარდები ასევე ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ატრაქციონებზე გაერთნენ.

დღის ბოლოს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ზოოპარკის ადმინისტრაციისაგან სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ.

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები „მომავლის ბანაკში“ გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ანაკლიის „მომავლის ბანაკში" გაემგზავრნენ. 10 დღის განმავლობაში მოზარდები მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მიიღებენ.

პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამის - „მომავლის ბანაკი" ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები დევნილი და არადევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ბავშვების ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ანგელოზის დღეს ულოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ვულოცავთ მისი ანგელოზის დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სულიერ მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს საკეთილდღეოდ.

ღრმად გვწამს, რომ მისი ლოცვების მადლით უფალი ინებებს მოძმე აფხაზ ხალხთან ერთად აფხაზეთის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებას და საქართველოს გაბრწყინებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფისათვის სააპლიკაციო ფორმების შევსება დაიწყო

ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №16-ში, მე-3 სართულზე მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფისათვის სააპლიკაციო ფორმების შევსება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტთან ერთად.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის დინამოს თასის გათამაშება გაიმართა

თბილისის ზღვის კომპაქტურ დასახლებაში „ოქროს საწმისი" მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის დინამოს თასის გათამაშება გაიმართა, რომელსაც 100-ზე მეტი მოზარდი დაესწრო.

დევნილ ბავშვებს დინამო თბილისის პირველი გუნდისა და დუბლების ფეხბურთელები გიორგი ლორია, გივი კვარაცხელია, გიორგი მერებაშვილი, პატრიკ ვუო, ჩისკო, ვანო წილოსანი და არჩილ მესხი ესტუმრნენ.

თამაშის შემდეგ მოზარდებს დინამო-სტიაუაზე დასასწრები ბილეთები და ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი ბურთები საჩუქრად გადაეცათ.

თასის გათამაშება დინამო თბილისის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

დევნილი მოზარდები პოლონეთში საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

პოლონური ორგანიზაცია „ევროპული განათლების პოლონური ფორუმის", ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ასოციაცია დრონის" ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოზარდები პოლონეთში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას, რომელშიც ქართველებთან ერთად რამდენიმე ქვეყნის 14-დან 19-წლამდე მოზარდები ჩაერთვებიან.

პროგრამის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები მოზარდებისთვის ტრენინგ-კურს ჩაატარებენ. დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები და ასევე ვორქ-შოფები. პოლონელი, უელსელი, ქართველი, ესპანელი და იტალიელი ხელოვანები მონაწილეებთან ერთად შექმნიან ინსტალაციებსა და ვიდეო მასალებს, გამოიყენებენ თანამედროვე მეთოდებს ნამუშევრების შესაქმნელად. პროექტის დასასრულს კი ნამუშევრების გამოფენა გალერეა „ქრინიკაში" მოეწყობა. ეს გამოცდილება მოზარდებს მისცემს საფუძველს, შემდგომში თავად შექმნან საკუთარი კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები.

პროექტის მთავარი მიზანია შეცვალოს ახალგაზრდების აზროვნება გარემომცველ რეალობასთან მიმართებაში, ხელი შეუწყოს ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მათი ინიციატივების რეალიზებას და სამომავლო, მეგობრული ურთიერობის ჩამოყალიბებას.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ამჟამად თბილისის ზღვისა და შაუმიანის კომპაქტურ ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოზარდები შეირჩნენ.

პროექტის დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ „Youth In Action" პროგრამის ფარგლებში და მისი ორგანიზატორები ასევე არიან ევროპული განათლების პოლონური ფორუმის და უელსის ორგანიზაცია „Valley Kids" -ი.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ფილმის „წყნარი ოკეანის ტიტანები" კინოჩვენებას დაესწრნენ.

საქველმოქმედო აქცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განთლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და კინოთეატრ „საქართველოს" მხარდაჭერით მოეწყო.

სოციალურად დაუცველი, 25-მდე დევნილი მოზარდი თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტებიდან შეირჩა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მსგავს აქციებს მომავალშიც განახორციელებს.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა „რუსთაველმა“ უმასპინძლა

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და კინოთეატრ „რუსთაველის" მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანთა შვილები სათავგადასავლო ანიმაციურ ფილმის - „მონსტრების უნივერსიტეტი"-ის კინოჩვენებას დაესწრნენ. ბავშვს საჩუქრებიც დაურიგდათ.

აფხაზეთის მთავრობა მგავსი საქველმოქმედო აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური დეპარტამენტის განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური დეპარტამენტი, 2013 წლის 17 ივლისს მასმედიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურად  აცხადებს:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად საკითხები მთავრობის სხდომაზე, როგორც წესი, განიხილება წინასწარ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, რომელთა შემუშავება ხდება ყოველკვარტალურად. გამონაკლის შემთხვევებში საკითხი შეიძლება მთავრობის სხდომაზე გატანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ან აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით. ვინაიდან, აღნიშნული განცხადება არ განხილულა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიციას. ასევე აღსანიშნავია, რომ განცხადების განხილვაში არ მიუღია მონაწილეობა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს. აღნიშნული განცხადება შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების პოზიციას. აქედან გამომდინარე მათ მიერ მთავრობის სახელით განცხადების გაკეთება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

ფესტივალი „არტ-გენი 2013“ -ის ფარგლებში აფხაზეთის დღე მოეწყო

ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ფესტივალი „არტ-გენი 2013"- ის ფარგლებში აფხაზეთის დღე მოეწყო.

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა აფხაზეთის თემატიკაზე გადაღებული ფოტო-მასალა, გამოფენილი იქნა ქართული კალიგრაფიული ნიმუშები შესრულებული ქვაზე, ტყავზე, ქაღალდსა და ფაიფურზე.

აფხაზეთიდან დევნილმა სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მიწვეულ შემსრულებლებთან ერთად წარმოაჩინეს აფხაზეთის მდიდარი კულტურული ტრადიციები. ფესტივალზე აჟღერდა ქართული და აფხაზური სიმღერები,  გაიშალა ტრადიციული აფხაზური სუფრა და სტუმრებს კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცათ.

არტ-გენის ფესტივალს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა დაესწრო.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და რესტორანი „ძველი სახლის" მხარდაჭერით ჩატარდა.

ფესტივალ „არტ-გენი - 2013"-ის ფარგლებში აფხაზეთის დღე კინოცენტრ „აფხაზეთი"-ს ორგანიზებით გაიმართა.

1989 წლის 15-16 ივლისის მოვლენები

1989 წლის 15-16 ივლისის მოვლენები, რომელიც ინსპირირებული იყო მესამე ძალის მიერ, ქართულ-აფხაზური საუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში ყოველთვის შავ ლაქად დარჩება. ამ დღეს, სხვისი მეოხებით, ძმამ ძმაზე აღმართა ხელი და სისხლი დაიღვარა.

სამარადჟამო დიდება გმირებს, რომლებიც ამ პროვოკაციას, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულნი შეეწირნენ.